თანხა, რომელსაც ქვეყნები კვლევებსა და განვითარებაზე (R&D) ხარჯავენ

თანხა, რომელსაც ქვეყნები კვლევებსა და განვითარებაზე (R&D) ხარჯავენ

საქართველო კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხით მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.

კვლევებსა და განვითარებაში (R&D) დახარჯულ თანხას ყოველთვის მყისიერი შედეგი არ მოაქვს, თუმცა აღიარებულია, რომ ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისთვის ის ერთ-ერთი წინაპირობაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კვლევებისა და განვითარებისთვის ინვესტირებულ თანხას UNESCO-ს სტატისტიკის ინსტიტუტი (UIS) აფასებს. კვლევაში მოცემულია თუ რა მოცულობის თანხას ხარჯავენ ამ მიზნისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტები და კერძო სექტორი PPP-ის (მსყიდველუნარიანობის პარიტეტი) გათვალისწინებით.

მსოფლიოში კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხების თითქმის ნახევარი ორ ქვეყანაზე – ამერიკასა და ჩინეთზე მოდის.

საქართველო კი იმ ქვეყნების სიაში, რომელებიც კვლევებსა და განვითარებაზე ყველაზე ნაკლებ თანხას ხარჯავენ. კერძოდ, საქართველოში R&D-ზე მშპ-ს მხოლოდ 0.2% იხარჯება, რაც თანხობრივად $63 მილიონს შეადგენს. დანახარჯების უდიდესი წილი უნივერსიტეტებზე მოდის – $53,9 მლნ, ხოლო მთავრობაზე კი $9.5 მილიონი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კვლევა ეხება ქვეყანაში მკვლევარების რაოდენობაა. საქართველოში, მილიონ მოსახლეზე 1070 მკვლევარი მოდის, მათი უმეტესობა – 53% კი ქალია.

მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც კვლევებსა და განვითარებაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ შემდეგია:

  • აშშ: $476.5 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 26.4%
  • ჩინეთი: $370.6 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 20.6%
  • იაპონია: $170.5 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 9.5%
  • გერმანია: $109.8 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 6.1%
  • კორეის რესპუბლიკა: $73.2 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 4.1%
  • საფრანგეთი: $60.8 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 3.4%
  • ინდოეთი: $48.1 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 2.7%
  • გაერთიანებული სამეფო: $44.2 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 2.5%
  • ბრაზილია: $42.1 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 2.3%
  • რუსეთი: $39.8 მილიარდი და მსოფლიოს მთლიანი დანახარჯის 2.2%

მსოფლიოს ამ 10 ქვეყანაზე მოდის, მთლიანი დანახარჯების თითქმის 80%. რაც შეეხბა მოწინავე ქვეყნებს, აშშ მკვლევარების რაოდენობითაც ლიდერობს, რადგან ერთ მილიონ მოსახლეზე 4295 მკვლევარი მოდის, ჩინეთში კი 1095. თავისთავად, ჩინეთის მოსახლეობა ამერიკისას აღემატება, თუმცა როგორც ჩანს აშშ ჩინეთს დანახარჯებითაც უსწრებს.

სურათი განსხვავებულია, თუკი ქვეყნის ხარჯებს მათ მშპ-ს შევადარებთ. კერძოდ, ქვეყნები, რომლებიც კვლევებსა და განვითარებაზე მშპ-სთან შეფარდებით ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ, შემდეგია:

  • კორეის რესპუბლიკა: მშპ-ს 4.3%
  • ისრაელი: მშპ-ს 4.2%
  • იაპონია: მშპ-ს 3.4%
  • შვეიცარია: მშპ-ს 3.2%
  • ფინეთი: მშპ-ს 3.2%
  • ავსტრია: მშპ-ს 3.1%
  • შვედეთი: მშპ-ს 3.1%
  • დანია: მშპ-ს 2.9%
  • გერმანია: მშპ-ს 2.9%
  • აშშ: მშპ-ს 2.7%

საქართველო ზემოთ მოყვანილ ქვეყნებს, რომ მკვეთრად ჩამორჩება გასაკვირი არაა. თუმცა საქართველო ვერც მაგალითად ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ლიდერობს და მხოლოდ სომხეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს უსწრებს.

კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხა, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში:

  • აზერბაიჯანი: $352 მლნ და მშპ-ს 0.2%
  • ბელარუსი: $905 მილიონი და მშპ-ს 0.5%
  • ესტონეთი: $544 მილიონი და მშპ-ს 1.5%
  • ლიეტუვა: $850 მლნ და მშპ-ს 1%
  • რუსეთი $39 მლრდ და მშპ-ს 1.1%
  • სომხეთი: $58 მლნ და მშპ-ს 0.2%
  • ტაჯიკეთი : $25.7 მლნ და მშპ-ს 0,1%
  • უზბეკეთი: $341 მლნ და მშპ-ს 0.2%
  • უკრაინა: 2.4 მლრდ და მშპ-ს 0.7%
  • ყაზახეთი: 718 მლრდ და მშპ-ს 0.2%
  • ყირგიზეთი: $24.5 მლნ და მშპ-ს 0.1%