როგორ აფასებენ კრემლი და ნატო რომის პაპის მოწოდებას „უკრაინის დანებების“ შესახებ

როგორ აფასებენ კრემლი და ნატო რომის პაპის მოწოდებას „უკრაინის დანებების“ შესახებ

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა რომის პაპის, ფრანცისკეს ინტერვიუ, რომელშიც ის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე საუბრობს. რომის პაპის განცხადებით, „უკრაინას უნდა ეყოს გამბედაობა, აჩვენოს თეთრი დროშა“ და ომის დამთავრების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს. აღნიშნული ინტერვიუ რომის პაპმა გასულ თვეს შვეიცარიულ ტელეკომპანია RSI-სთან ჩაწერა და ის დროში უცნაურად დაემთხვა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისაკენ მოწოდებას.

რომის პაპის განცხადებამ დასავლეთსა და რუსეთში განსხვავებული შეფასებები დაიმსახურა. კრემლის განმარტებით, რომის პაპის მოწოდება უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით „გასაგებია“. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური პირების განცხადებებით კი „დანებებაზე საუბრის დრო არ არის“.

რომის პაპის მესიჯის გავრცელების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებებისათვის ვატიკანის ელჩი დაიბარა და ქვეყნის მთავრობის იმედგაცრუების შესახებ აუწყა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომის პაპის მოწოდება რუსეთის ქმედებებს აკანონებს და ხელს უწყობს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთში უკრაინის დახმარების საკითხებზე პოლარიზაციის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას კონფლიქტის გაყინვა შესთავაზა იმ საზღვრებში, სადაც დღეს ფრონტის ხაზი მდებარეობს. პარალელურად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომის დასრულების გარანტიას იძლევა და მისი გეგმა უკრაინისათვის დახმარების მიწოდების შეწყვეტას ითვალისწინებს.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რომის პაპი მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობდა. მან ასევე განმარტა, რომ ვლადიმირ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის მზადაა.

რომის პაპის მოწოდებას გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც და განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განმაპირობებელი მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც პუტინი გაიაზრებს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს. „თუკი გვინდა, დაიწყოს მოლაპარაკებები და მშვიდობიანი გადაწყვეტა მოხდეს, იმისთვის, რომ აქამდე მივიდეთ, საჭიროა უკრაინას სამხედრო დახმარება მივაწოდოთ“ – განმარტავს ის.

თავად ვატიკანის ელჩი უკრაინაში აცხადებს, რომ რომის პაპი მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევის გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა.