როგორ გამდიდრდა კომპანია „ნინტენდო“?

როგორ გამდიდრდა კომპანია „ნინტენდო“?

„ნინტენდო“ ვიდეოთამაშების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა, რომელსაც 134-წლიანი ისტორია აქვს. 2023 წელს მისმა შემოსავალმა 14 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ – 3 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 22 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 12 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 7 ათასზე მეტი ადამიანი.

„ნინტენდო“ 1889 წელს, იაპონიის ქალაქ კიოტოში ხელოსანმა ფუსაჯირო იამაუჩიმ დააარსა. კომპანიას თავიდან „ნინტენდო კოპაი“ ერქვა და საქმიანობა იაპონური სათამაშო კარტის – კარუტას წარმოებით დაიწყო. კარტი კარგად იყიდებოდა, რადგან შედარებით დაბალი ხარისხის და იაფი იყო. სხვა ქვეყნებში კარგად ცნობილი ტრადიციული კარტის წარმოება 1902 წელს დაიწყო, რომელიც ექსპორტზე იყო გათვლილი, თუმცა იაპონიაშიც მალე მოიპოვა პოპულარობა. 1907 წელს თანამშრომლობა დაიწყო კომპანია Nihon Senbai-სთან (დღევანდელი Japan Tobacco), რომლის შედეგად მისი წარმოებული კარტი Nihon Senbai-ს სავაჭრო ადგილებში იყიდებოდა სიგარეტთან ერთად.

1929 წლიდან იამაუჩის დაწყებული ბიზნესი მისი შვილის მეუღლემ სეკირიო კანედამ გააგრძელა. ამ დროისთვის „ნინტენდო“ სათამაშო კარტების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო იაპონიაში. 1933 წელს კანედამ კომპანიაში პარტნიორები შემოიყვანა და ახალი სახელი Yamauchi Nintendo & Co დაარქვა. ახალმა პარტნიორებმა კომპანიაში ინვესტიციები განახორციელეს, რამაც მისი საწარმოო შესაძლებლობები გაზარდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის მთავრობამ სათამაშო კარტების წარმოებაზე შეზღუდვები დააწესა და, შესაბამისად, „ნინტენდოს“ რთული პერიოდი ჰქონდა. 1947 წელს სეკირიო კანედამ კარტების სადისტრიბუციო კომპანია Marufuku Co დააარსა, რამაც პროდუქციის გაყიდვები გაზარდა. 1952 წელს კიდევ ერთხელ შეიცვალა კომპანიის სახელი და Nintendo Playing Card Co დაერქვა. 1953 წელს „ნინტენდო“ პირველი კომპანია იყო, რომელმაც იაპონიაში პლასტმასისგან დამზადებული კარტების გაყიდვა დაიწყო.

1959 წელს „ნინტენდომ“ თანამშრომლობა დაიწყო The Walt Disney Company-სთან, რის შედეგადაც კარტებზე დისნეის ცნობილი პერსონაჟების ბეჭდვა დაიწყო. ამან საშუალება მისცა, საბავშვო კარტები გამოეშვა, რომლებიც წარმატებით იყიდებოდა. მისი კარტები სათამაშოების მაღაზიებშიც გამოჩნდა. 1960-იან წლებში სატელევიზიო რეკლამებსაც მიმართა და 1962 წელს 1.5 მილიონი კარტი გაყიდა. ამავე წელს საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციების გაყიდვა დაიწყო. მისი აქციები ოსაკისა და კიოტოს საფონდო ბირჟებზე განთავსდა. დღევანდელი სახელი Nintendo Co კომპანიას 1963 წლიდან ჰქვია.

1964 წელს „ნინტენდოს“ შემოსავალი 150 მლნ იაპონური იენი იყო. საბავშვო კარტების წარმატებით გაყიდვამ კომპანიას უბიძგა, სულ უფრო მეტი აქცენტი გაეკეთებინა საბავშვო სათამაშოებზე. ინვესტიციები განახორციელა კვლევებსა და განვითარებაში და 1969 წელს ახალი ქარხანა ააშენა ქალაქ უჯიში, სადაც სხვადასხვა სამაგიდო თამაშის წარმოება დაიწყო (ჭადრაკი, გო, შოგი და ა.შ.).

1970 წელის ისტორიული იყო კომპანიისთვის, რადგან ამ წელს გამოუშვა პირველი ელექტროსათამაშო – Beam Gun-ი, რომელიც ელექტროპისტოლეტი იყო. პირველივე წელს მილიონ ცალზე მეტი გაიყიდა. მალევე ამერიკულ კომპანია Magnavox-თან თანამშრომლობით ახალი ელექტროპისტოლეტი გამოუშვა, რომელიც Magnavox-ის ვიდეოთამაშების კონსოლს უკავშირდებოდა. ამავე პერიოდში გამოუშვა ახალი პოპულარული სათამაშო „ულტრახელი“.

რევოლუციური სიახლე იყო კომპანიის მიერ 1973 წელს გამოშვებული ახალი ლაზერული სათამაშო პისტოლეტი, რომელმაც პოპულარობით იაპონიაში ბოულინგსაც კი გადაასწრო. 1970-იანი წლებიდან „ნინტენდოს“ ნაწარმი ექსპორტზეც გავიდა აშშ-სა და ევროპაში.

1975 წელს ვიდეოთამაშების საწარმოებლად „ნინტენდომ“ თანამშრომლობა დაიწყო Mitsubishi Electric-თან. 1976 წელს მიკროპროცესორები გამოიყენა ვიდეოთამაშებში. პირველი ვიდეოთამაში კონსოლი – “TV Game 15“ 1977 წელს გამოუშვა. 1979 წელს „ნინტენომ“ ფილიალი გახსნა ნიუ-იორკში. 1980 წელს გამოუშვა კალკულატორის ზომის იყო ვიდეოთამაში, რომელიც 43 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. 1981 წელს გამოუშვა პოპულარული ვიდეოთამაში Donkey Kong-ი.

სწორედ Donkey Kong-ის მოდიფიცირებით შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში „მარიო“, რომელიც, შეიძლება ითქვას, „ნინტენდოს“ სიმბოლო გახდა. სახელი მარიო ამერიკელი ბიზნესმენის მარიო სეგალის გამო დაარქვეს, რომლის უძრავ ქონებაში იყო განთავსებული „ნინტენდოს“ ვაშინგტონის ოფისი. კომპანიის ყველაზე გაყიდვადი თამაშები Super Mario Bros. და The Legend of Zelda გახდა.

1990 წელს „ნინტენდოს“ ვიდეოთამაშების პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. 2003 წლისთვის კომპანიას უკვე ვიდეოთამაშების 62 მილიონი კონსოლი ჰქონდა გაყიდული. 2000-იან წლებში PlayStation-ის მხრიდან გაზრდილი კონკურენციის გამო „ნინტენდომ“ თანამშრომლობა IBM-თან და „პანასონიკთან“ დაიწყო.

ბოლო 20 წელია ,„ნინტენდოს“ მთავარი პრიორიტეტი ვიდეოთამაშებისა და მათი კონსოლების განვითარებაა, რადგან ამ ბაზარზე კონკურენცია ძალიან გაიზარდა. მთავარ კონკურენტებად „სონი“, „მაიკროსოფტი“ და ჩინური კომპანიები „ტენსენტი“ და „ნეტიზი“ რჩებიან.

2009 წელს „ნინტენდოს“ შემოსავალი 17 მილიარდი დოლარი იყო. 2017 წლამდე შემოსავლების კლების ტენდენციას ჰქონდა ადგილი და 4 მილიარდამდეც კი შემცირდა, თუმცა შემდეგ ისევ გაიზარდა და 2023 წელს 14 მილიარდს მიაღწია. ბოლო 50 წელიწადში „ნინტენდოს“ 800 მილიონზე მეტი სათამაშო მოწყობილობა და 5.6 მილიარდი ვიდეოთამაში აქვს გაყიდული.