როგორ გამდიდრდა „ლოქჰიდ მარტინი“?

როგორ გამდიდრდა „ლოქჰიდ მარტინი“?

უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ „ჰაიმარსებს“, „ჯაველინებს“, ATACMS-ებს, F-16-ებს, F-22-ებს და სხვა უამრავ სამხედრო დანიშნულების მოწყობილობას და იარაღს ამერიკული კომპანია „ლოქჰიდ მარტინი“ აწარმოებს.

„ლოქჰიდ მარტინი“ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სამხედრო კომპანიაა. 2022 წელს მისი შემოსავალი 66 მილიარდი დოლარი იყო, მოგება კი – 6 მილიარდ დოლარამდე. კომპანიის აქტივები 53 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 123 მილიარდი დოლარია. „ლოქჰიდ მარტინში“ 116 ათასი ადამიანია დასაქმებული და მათგან ინჟინერი ან  მეცნიერი 60 ათასამდეა- ანუ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალაა.

კომპანია „ლოქჰიდ მარტინი“ 1995 წლის 15 მარტს ორი კომპანიის „ლოქჰიდ კორპორეიშენის“  და „მარტინ მარიეტას“ გაერთიანებით შეიქმნა.

„ლოქჰიდ კორპორეიშენი“ 1926 წელს კალიფორნიის შტატში ამერიკელმა ძმებმა, ავიაციის ინჟინრებმა ალან და მალკოლმ ლოქჰიდებმა დააარსეს. მანამდე, 1912-1920 წლებში, მათ საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია ჰქონდათ, სადაც თავიანთი აწყობილი თვითმფრინავებით მგზავრებს კალიფორნიის მონახულების ტურს სთავაზობდნენ. შემდეგ თვითმფრინავების გაყიდვაც დაიწყეს. თუმცა 1910-იანი წლების ბოლოს პირველი მსოფლიო ომის შედეგად თვითმფრინავების მიწოდება სწრაფად გაიზარდა, ბაზარი გადაიტვირთა და ძმებმა სხვა ბიზნესში გადაინაცვლეს. საავიაციო წარმოებას 1926 წელს დაუბრუნდნენ და S-1 მოდელის თვითმფრინავების წარმოება დაიწყეს. 1926-1928 წლებში 80 თვითმფრინავი გაყიდეს და 1928 წელს კომპანიის შემოსავალმა მილიონ დოლარს გადააჭარბა.

დიდი დეპრესიის დროს, 1929-1932 წლებში, კომპანია გაკოტრდა და ის ძმებმა გროსებმა შეისყიდეს 40 ათას დოლარად. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში წარმოება თანდათან აღადგინეს. მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო თვითმფრინავების წარმოება დაიწყეს, კერძოდ „ლოქჰიდ ჰუდსონის“. ამ დროს კომპანიაში მუშაობდა ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაციის ინჟინერი კლარენს ჯონსონი, რომელმაც შექმნა საბრძოლო თვითმფრინავი P-38-ი. ამ მოდელს აშშ იაპონიასთან ომის დროს იყენებდა. ის ანადგურებდა სამიზნეებს მიწაზეც და ჰაერშიც. ბუნებრივია, კომპანია მსხვილ შეკვეთებს იღებდა ამერიკის მთავრობისგან.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კომპანიის სამხედრო წარმოებაზე მოთხოვნა არ შემცირებულა, რადგან დაიწყო „ცივი ომი“ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის. 1950-იან წლებში „ლოქჰიდ კორპორეიშენი“ რამდენიმე სახის საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებდა, დაიწყო რაკეტებისა და წყალქვეშა ნავების წარმოებაც. ასევე გაგრძელდა 1960-იან წლებში.

1970-იანი წლების დასაწყისში კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა და აშშ-ის მთავრობას სესხის გარანტორობა მოსთხოვა. რადგან „ლოქჰიდ კორპორეიშენი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებაში, 1971 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა გამოსცა დადგენილება, რომლითაც კონგრესს კომპანიისთვის 250 მლნ დოლარის სესხზე გარანტია მოსთხოვა. 1972-1977 წლებში „ლოქჰიდ კორპორეიშენმა“ 1.4 მილიარდი დოლარის ვალები გაისტუმრა.

1985-1993 წლებში „ლოქჰიდ კორპორეიშენმა“ რამდენიმე კომპანია შეისყიდა, მათ შორის, F-16-ის მწარმოებელი „ჯენერალ დინამიქსი“, ხოლო „ბოინგთან“ ერთად F-22-ის წარმოება დაიწყო.

1995 წელს „ლოქჰიდ კორპორეიშენი“ „მარტინ მარიეტასთან“ გაერთიანდა.

„მარტინ მარიეტა“ 1961 წელს დაარსდა ორი კომპანიის „გლენ მარტინისა“ და „ამერიკან-მარიეტა კორპორეიშენის“ გაერთიანების შედეგად. კომპანია მაღალ ტექნოლოგიებს აწარმოებდა, მათ შორის 1963 წლიდან ატომურ ენერგიაზე მომუშავე სადგურებს. სამხედრო შეიარაღების მხრივ ძირითადად შორი და სივრცული დისტანციის რაკეტებს აწარმოებდა, მათ შორის, Titan-ის, AGM (ჯაველინები) და M712-ის რაკეტებს.

„ლოქჰიდ კორპორეიშენის“ და „მარტინ მარიეტას“ გაერთიანებით 10 მილიარდი დოლარის აქტივები გაერთიანდა და ახალი კომპანიის – „ლოქჰიდ მარტინის“ სათავო ოფისი მერილენდში, ჩრდილოეთ ბეთესდაში განთავსდა „მარტინ მარიეტას“ ოფისში. 1996 წელს „ლოქჰიდ მარტინმა“ კომპანია „ლორალ კორპორეიშენი“ შეისყიდა 9 მილიარდ დოლარად. სწორედ „ლორალ კორპორეიშენი“ იყო თანამედროვე „ჰაიმარსების“ მწარმოებელი კომპანია. 1998 წელს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან შესყიდვებზე გამოყოფილი თანხის 25% „ლოქჰიდ მარტინმა“ მიიღო.

2001 წელს „ლოქჰიდ მარტინს“ ამერიკის მთავრობამ 3,000 ერთეული F-35-ების წარმოება დაუკვეთა. ამასთან ერთად, კომპანია ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) კონტრაქტორი გახდა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა და ავღანეთში ომის დაწყებამ ამერიკის მთავრობის მიერ თანამედროვე საბრძოლო ტექნოლოგიებზე მოთხოვნა გაზარდა. 2006 წელს კომპანიამ 40 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2008-2009 წლებში კომპანიები „ნანტერო“ და „უნიტექი“ შეისყიდა. ყოველი ახალი კომპანიის შესყიდვა „ლოქჰიდ მარტინის“ საწარმოო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ზრდიდა.

„ლოქჰიდ მარტინის“ შვილობილმა კომპანიამ Lockheed Martin Missiles and Fire Control-მა დღეს გამოყენებაში მყოფი „ჰაიმარსების“ წარმოება 2010 წელს დაიწყო. ეს კომპანია აწარმოებს დღეს „ჯაველინებს“, ATACMS-ებს და სხვა უამრავ თანამედროვე ამერიკულ საბრძოლო ტექნიკას.

„ლოქჰიდ მარტინი“ ამერიკის გარდა შეიარაღებას სხვა ქვეყნების მთავრობებისთვისაც აწარმოებს, მათ შორის, საუდის არაბეთისთვის, რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებს უფორმებს. მსხვილი კონტრაქტორია NASA-ც, რომელმაც 2018 წელს 2.6, ხოლო 2019 წელს 4.6-მილიარდდოლარიანი კონტრაქტები გაუფორმა. 2019 წელს კომპანიის შემოსავალმა 60 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო აშშ-მა იარაღის შესყიდვები გაზარდა. მათ შორის, „ლოქჰიდ მარტინთან“ 375 F-35 Lightning-ის შესყიდვაზე გააფორმა კონტრაქტი, დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულების. ასევე გაუფორმა კონტრაქტი „ჯაველინების“ საწარმოებლად. წელიწადში 2,000-ზე მეტი „ჯაველინი“ უნდა აწარმოოს.

ამჟამად „ლოქჰიდ მარტინი“ სააქციო კომპანიაა და მისი მთავარი აქციონერები ინსტიტუციური ინვესტორები არიან: State Street Corporation-ი, Vanguard group-ი, BlackRock-ი და Capital Group Companies-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *