საკულტო იტალიური ბრენდი „პრადას“ ღირებულება, ანუ საბაზრო კაპიტალიზაცია 18 მილიარდ დოლარამდეა. 2022 წელს „პრადამ“ 4 მილიარდ დოლარამდე მოცულობის შემოსავალი მიიღო, საიდანაც მოგება 400 მილიონ დოლარამდე იყო. კომპანიის აქტივები 7 მილიარდი დოლარია, დასაქმებული ჰყავს 13 ათასზე მეტი ადამიანი. „პრადას“ ეკუთვნის ასევე ბრენდები Miu Miu, Church’s, Car Shoe, Pasticceria Marchesi, Luna Rossa და სხვა.
„პრადა“ 1913 წელს იტალიის ქალაქ მილანში ძმებმა მარიო და მარტინო პრადებმა დააარსეს, როგორც ტყავის ნაწარმით მოვაჭრე მაღაზია. ამავე დროს მარიო პრადა კომპანიის პირველი დიზაინერი იყო. თავიდან ძირითადად ინგლისიდან იმპორტირებული ნაწარმით დამზადებულ ჩანთებს ყიდდნენ. კომპანიას თავიდან Fratelli Prada (ძმები პრადები) ერქვა. 1919 წელს „პრადა“ იტალიის სამეფო სახლის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.
კომპანიის გაყიდვები კარგად მიდიოდა. მარიო პრადა ბიზნესში ბიჭ შვილს უფრო ენდობოდა, ვიდრე გოგოს, თუმცა ბიჭს ბიზნესი დიდად არ აინტერესებდა და ბიზნესი თავის გოგოს, ლუიზა პრადას გადააბარა, რომელიც კომპანიას 20 წელი მართავდა (1970 წლამდე).
„პრადა“ არისტოკრატების და მდიდარი ხალხის საყვარელი ბრენდი გახდა. მათი პროდუქციის ფლობა საზოგადოებრივ სტატუსს მიანიშნებდა. კომპანიის მთავარ უპირატესობად და წარმატების წინაპირობად, ბუნებრივ რესურსებზე დამზადებული შეზღუდული კოლექციები და ინდივიდუალური (ორიგინალური) შეკვეთები ითვლებოდა.
1970 წლამდე „პრადას“ ნაწარმი ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ში იყიდებოდა, თუმცა ის არ იყო ისეთი პოპულარული ბრენდი, როგორიც დღეს არის. 1970 წელს კომპანიის მართვა ლუიზა პრადასგან მისმა ქალიშვილმა, მიუჩა პრადამ გადაიბარა, რომელიც დღემდე კომპანიის მთავარი დიზაინერია. მანვე შექმნა ახალი ბრენდი Miu Miu.
დღეს მიუჩა პრადას ქონება 5.3 მილიარდი დოლარია და ყველაზე მდიდარი იტალიელი ქალია. ამავე დროს, ის დოქტორის ხარისხს (PhD) ფლობს პოლიტიკის მეცნიერებებში.
1970-იანი წლებიდან „პრადას“ მართვაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მიუჩა პრადას მეუღლეს პატრიციო ბარტელის. 1978 წელს, როდესაც პატრიციო ბარტელი შეუერთდა „პრადას“, კომპანიის წლიური შემოსავალი 450 ათასი დოლარი იყო.
1980-იან წლებიდან „პრადა“ ბუტიკებს ხსნის ევროპის ქალაქებში, სადაც დიზაინი ყველგან ღია მწვანე ფერშია გადაწყვეტილი. პატრიციო ბარტელიმ მოახერხა და ბევრი მომგებიანი საერთაშორისო ხელშეკრულება დადო, რამაც კომპანიის ექსპორტის ზრდას შეუწყო ხელი.
მიუჩა პრადას რევოლუციური სიახლე იყო „პრადას“ მიერ მძიმე მასალის ნაცვლად მსუბუქი მასალის, მათ შორის ნეილონის გამოყენება. 1980-1990 წლებში მიუჩას შექმნილი კოლექციები წარმატებით იყიდებოდა. მიუჩამ Miu Miu 1992 წელს შექმნა. ბრენდი თავისუფალი ტანსაცმლის დიზაინით ახალგაზრდებზეა ორიენტირებული. 90-იანებში პრადას ნაწარმს მზის სათვალეებიც შეემატა. 1997 წლიდან კი სპორტული ტანსაცმლის – Prada Sport-ის გამოშვებაც დაიწყეს.
2000-იან წლებში „პრადა“ ძირითადად სხვადასხვა მცირე კომპანიების შემოერთებით იყო დაკავებული. წლიურმა შემოსავალმა კი 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2004 წლიდან კომპანიამ საკუთარი სუნამოების გამოშვებაც დაიწყო.
2006 წელს კომპანიის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაზარდა ჰოლივუდის ფილმმა „ეშმაკი ატარებს პრადას“.
2010-იან წლებში „პრადას“ შემოსავალმა 5 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2011 წელს ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე დაიწყო აქციების გაყიდვა. 2016 წლიდან „პრადამ“ ონლაინ გაყიდვები დაიწყო. ბოლო წლებში კომპანიამ ბუნებრივი ტყავის მოხმარება შეამცირა, ხოლო 2020 წლიდან საერთოდ უარი თქვა კენგურუს ტყავის გამოყენებაზე.
პრადას დღეს მსოფლიო მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზია აქვს.