1961 წლის შემდეგ პირველად, გაერთიანებული სამეფოს ვალი მშპ-ს აჭარბებს | რა სიტუაციაა ქვეყანაში?

1961 წლის შემდეგ პირველად, გაერთიანებული სამეფოს ვალი მშპ-ს აჭარბებს | რა სიტუაციაა ქვეყანაში?

პანდემიის დაწყებიდან, გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო ვალის ოდენობა თითქმის 40%-ით, £2.6 ტრილიონამდე ($3.3 ტრილიონი) გაიზარდა. შედეგად, 1961 წლის შემდეგ პირველად, ქვეყნის საგარეო ვალმა, მის მთლიან შიდა პროდუქტს გადააჭარბა. ამას თან ერთვის მაღალი ინფლაციის პერიოდში ინდექსთან დაკავშირებულ ობლიგაციებზე ქვეყნის დამოკიდებულება, რაც ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოს, მომსახურების დავალიანებისთვის, სხვა ნებისმიერ განვითარებულ ეკონომიკაზე მეტის გადახდა მოუწევს.

მსგავსი მოცულობის დანახარჯები შესაძლოა გაერთიანებულ სამეფოში ინვესტიციების შემცირების მიზეზი გახდეს და ქვეყანა, წლობით, ნეგატიურ სპირალშიც ჩაითრიოს. როგორც გასულ თვეში, საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისმა განაცხადა, მოქმედების გარეშე, ქვეყნის ვალი, მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში შესაძლოა მშპ-ზე სამჯერ მეტიც კი გახდეს.

პესიმისტურმა მოლოდინებმა გაერთიანებული სამეფოს საკრედიტო რეიტინგთან დაკავშირებითაც გააჩინა კითხვები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Fitch-მა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას AAA სტატუსი ჩამოართვა. გაერთიანებული სამეფოსთვის რეიტინგის შემცირება კიდევ უფრო რთულად მისაღწევად აქცევს პრემიერ სუნაკის მიზანს, წინამორბედ ლიზ ტრასის მმართველობის შემდეგ, აღადგინოს ქვეყნის ფისკალური სანდოობა.

არსებულ ზეწოლას, ინფლაციის შესაჩერებლად, ინგლისის ბანკის (BOE) მხრიდან განაკვეთების ზრდის ფონზე, ობლიგაციების გაყიდვა ემატება. გარდა ამისა, გასულ კვირაში, 10-წლიან საორიენტაციო სარგებელზე საპროცენტო შემოსავალი, 2008 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე, 4.70%-ზე გაიზარდა. მიმდინარე წელს, გაერთიანებული სამეფოს ობლიგაციების ბაზარი, განვითარებულ ეკონომიკებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შედეგებს აჩვენებს.

ვარაუდობენ, რომ მომდევნო წელს, ეკონომიკური ზრდა უცვლელი დარჩება, საგადასახადო ტვირთი კი, უკვე უკანასკნელი 70 წლის მაქსიმუმზეა. გაერთიანებული სამეფოს შესახებ დამატებით შეფასებებს საკრედიტო რეიტინგის სამი ძირითადი ფირმა მომდევნო ოთხ თვეში წარადგენს -Moody და S&P Global Ratings-ი სავარაუდოდ 20 ოქტომბერს, Fitch-ი, შესაბამისად პირველ დეკემბერს.

მიუხედავად ეკონომიკის გასაძლიერებლად გადასახადების შემცირებისა და ხარჯების გაზრდისკენ ყოველდღიური მოწოდებისა, სუნაკმა ქვეყნის საგარეო ვალის შემცირება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია. სახელმწიფო ხაზინის კანცლერი, ჯერემი ჰანტი, დიდი ალბათობით, ამ საკითხს ნოემბერში, ბიუჯეტის განხილვისას, წამოჭრის. მაშინ, როდესაც გაერთიანებული სამეფოს სარეიტინგო მომავალი გაურკვეველია, ინვესტორები შიშობენ, რომ ქვეყნის აქტივებზე გავლენა შესაძლოა უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე აშშ-ის ხაზინისა და აშშ დოლარის შემთხვევაში.

ინდექსთან დაკავშირებული Gilt-ობლიგაციები (ობლიგაციები დეფოლტის დაბალი რისკითა და მოგების დაბალი პროცენტით)  პირველად 1980-იან წლებში, ტეტჩერის პრემიერობისას გამოიცა – მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ, 1976 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხი აიღო. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მაღალჩინოსნები ინფლაციასთან ვალის მიბმის შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ. ამის მიუხედავად, მსგავსი ტიპის ობლიგაციები ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებული დაბალი ინფლაციის პერიოდშიც დაგროვდა და ამჟამად, გაერთიანებული სამეფოს გადაუხდელი ობლიგაციების მეოთხედს შეადგენს.

Fitch-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს, ბრიტანეთის ვალის საპროცენტო დავალიანება შემოსავლის 10.4%-ს გაუტოლდება.ამავდროულად კი, ქვეყნის ვალი, 2025 წლისთვის, მშპ-ის 105%-მდე გაიზრდება. საინტერესოა, რომ 2008 წლის კრიზისამდე, გაერთიანებული სამეფოს ვალი მშპ-ის მხოლოდ 35%-ს შეადგენდა, ყველაფერი დრამატულად, ბოლო 15 წელიწადში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, კორონავირუსისა და უკრაინის ომის გავლენით შეიცვალა.

ეროვნული აუდიტის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში, მხოლოდ ბიზნესისა და შინამეურნეობის გასაძლიერებლად, მთავრობამ £376 მილიარდი დახარჯა – მათ შორის £70 მილიარდი სამუშაო ადგილების დაცვის პროგრამაზე. დამატებით £70 მილიარდი ენერგიისა და სხვა ტიპის გადასახადებზე შეღავათებისთვის გაიზარდა, რადგან რუსეთის ომმა, ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

მიუხედავად ინფლაციის შენელებისა, გაერთიანებული სამეფოს საჯარო ფინანსები ზეწოლის ქვეშ რჩება. მომავალი წლის სახელმწიფო პენსიის კანონპროექტი, მთავრობის „სამმაგი ჩაკეტვის“ პირობებში” 8,2%-მდე გაიზრდება. ონლაინ საინვესტიციო სერვის, Interactive Investor-ის თანახმად, ეს გადასახადის გადამხდელებს დაახლოებით £10 მილიარდი დაუჯდებათ.

ინგლისის ბანკის მიერ ფასების კონტროლის მცდელობა კი სიტუაციას აუარესებს. გაზრდილი განაკვეთები ზარალს აძლიერებს, რომელიც გადასახადის გადამხდელებისთვის, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, შესაძლოა £150 მილიარდამდე გაიზარდოს. ამას კი ერთვის გაურკვეველი მომავალი და საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის გაფრთხილება, რომ უმოქმედობით, 2070-იან წლებში გაერთიანებული სამეფოს ვალი მშპ-ის 300%-ს მიაღწევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *