უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი მუსიკის მოსასმენი პროგრამა Spotify ამავე დასახელების კომპანიის პროდუქტია. Spotify-ს აპლიკაცია ათ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციაში შედის, 2023 წელს ის 248 მლნ-მა მომხმარებელმა ჩამოტვირთა.
2023 წელს Spotify-ს შემოსავალმა 13 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიის აქტივები – 8 მილიარდი ევრო, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 45 მილიარდი ევროა. დასაქმებული ჰყავს 9 ათასზე მეტი ადამიანი.
Spotify-ს აპლიკაციას 615 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთაგან 236 მლნ-ს ფასიანი პაკეტი აქვს, 379 კი მას უფასოდ იყენებს.
კომპანია Spotify 2006 წელს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დანიელ ეკმა და მარტინ ლორენცონმა დააარსეს. ეკი ინტერნეტთამაშების კომპანია Stardoll-ის მთავარი ტექნიკური დირექტორი, ხოლო ლორენცონი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიაTradedoubler-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ორივენი მუსიკის მოყვარულები არიან. კომპანიის სახელი Spotify ორი ინგლისური სიტყვისგან მიიღეს “Spot“ და “ identify“, რაც კომპანიის აპლიკაციის მუშაობის პრინციპს კარგად მიანიშნებს.
კომპანიას 2 წელი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის დასჭირდა და მომხმარებლებისთვის მომსახურების შეთავაზება 2008 წლიდან დაიწყო. კომპანიამ პირველი უფასო სტრიმინგი დიდ ბრიტანეთში 2010 წელს გაუშვა. აშშ-ის ბაზარზე კი 2011 წელს შევიდა. დღეს მისი აპლიკაცია მსოფლიოს 180 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
პირველ წლებში კომპანია ზარალზე მუშაობდა, მაგრამ მომხმარებელთა ზრდისა და ფასიანი სერვისების გავრცელების კვალდაკვალ მისი ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდებოდა. კომპანიის წარმატების მთავარი მიზეზი რამდენიმე გარემოება იყო: სტრიმინგი, ანუ საჭირო არ არის სიმღერა ჩამოწერო ტელეფონში ან კომპიუტერში, ტექნიკურად მოსახერხებელი ინტერფეისი, მომსახურების დაბალი ფასი, 100 მლნ-მდე ჩანაწერი, პერსონალიზებული რეკომენდაციები და საავტორო უფლებების კარგად დაცვა. მარკეტინგულად კარგად იმუშავა ერთთვიანმა უფასო სერვისმა, ე.წ. „Free trial“-პერიოდმა.
2015 წელს აპლიკაციას უკვე 91 მლნ მომხმარებელი ჰყავდა, წლიურმა შემოსავალმა კი 3 მილიარდ ევრომდე შეადგინა. ერთი მომხმარებლისგან კომპანია საშუალოდ 7 ევრომდე შემოსავალს იღებდა, რაც მომდევნო წლებში შემცირდა და 2023 წელს კომპანიამ ერთი მომხმარებლისგან საშუალოდ 4.3 ევროს შემოსავალი მიიღო. 2016-დან 2023 წლამდე ჯამური წლიური შემოსავალი 4-ჯერ გაიზარდა.
Spotify-ს გზა მარტივი არ იყო, რადგან ჰყავდა ძლიერი კონკურენტები, პირველ რიგში Apple Music-ი, Amazon Music-ი და YouTube Music-ი. მთავარი კონკურენტი Apple Music-ი იყო, რომელსაც ზოგიერთი ცნობილი მომღერლისგან ექსკლუზიური უფლებაც კი ჰქონდა ნაყიდი მათი სიმღერების განთავსებაზე. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების გამო, Spotify-მ მნიშვნელოვნად გაუსწრო კონკურენტებს: 2022 წელს Spotify-ს 188 მლნ ფასიანი მომხმარებელი ჰყავდა, Apple Musicს-ს – 88 მლნ, Amazon Music-ს – 74 მლნ, ხოლო YouTube Music-ს 80 მლნ.
Spotify-ს ზრდის გზაზე მნიშვნელოვანი იყო 2018 წელი, როდესაც კომპანია საჯარო გახდა, ანუ საფონდო ბირჟაზე (კერძოდ, ნიუ-იორკის ბირჟაზე) აქციები განათავსა. ვაჭრობის პირველივე დღეს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 27 მილიარდ დოლარს მიაღწია.
2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო Spotify-მ რუსეთში სტრიმინგი შეწყვიტა, 2023 წელს კი რუსეთში საკუთარი ბიზნესის ლიკვიდაცია დაიწყო.
Spotify ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ვითარდება. 2023 წელს „სუპერპრემიუმ“ სერვისის მიწოდება დააანონსა, სადაც HD აუდიო იქნება და პლეილისტი მაქსიმალურად დაუახლოვდება მომხმარებლის გემოვნებას. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელი იქნება სიმღერის ტექსტის ნებისმიერ ენაზე თარგმნა, ისე რომ სიმღერაში ენის გარდა არაფერი შეიცვლება.
დღეს Spotify-ს დამფუძნებლისა და დღემდე კომპანიის CEO-ს დანიელ ეკის სიმდიდრე 4 მილიარდ დოლარამდეა და ის შვედეთის 10 უმდიდრეს ადამიანში შედის.