დასავლეთი – ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი – საქართველოსგან ინსტიტუტების განვითარებას და გაძლიერებას ითხოვს, რომლის სარგებელი გაზრდილი კეთილდღეობაა.
ინსტიტუტები – ესაა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტერაქციების მთელი რიგი წესების ერთობლიობა, რომელიც, ცხადია, ხშირ შემთხვევაში აღსრულებულია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, მაგრამ მათი უმეტესობა თვითაღსრულებადია. ადგილობრივი პოლიტიკოსების მიერ ინსტიტუციური განვითარება ხშირად გაგებულია როგორც ადმინისტრაციული ორგანოებისა და მათი უფლებამოსილების გაფართოება. თუმცა ასეთი რამ ინსტიტუტების განვითარების ვიწრო და ხშირ შემთხვევაში არასწორი გაგებაა. მაგალითად, კერძო საკუთრების ინსტიტუტის განვითარება არა ადმინისტრაციული ორგანოების გაძლიერებას, არამედ, პირიქით, მათ შეზღუდვას მოითხოვს. ვინაიდან, რაც უფრო დიდია ბიუროკრატიული ადმინისტრაციის ძალაუფლება, მით დაბალია კერძო საკუთრების ხარისხი, რომელიც კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
საკითხი უფრო მარტივად დგას. ნებისმიერ შემთხვევაში, მეგობრობა საერთო ღირებულების გაზიარებას მოითხოვს. დასავლეთში ასეთი დემოკრატია და სამართლის უზენაესობაა. სწორედ ამიტომ ითხოვენ საქართველოს დასავლურ თანამეგობრობებში ყოფნის სანაცვლოდ ამ ორი ინსტიტუტის არსებობას და მათი ხარისხის გაუმჯობესებას.
სწორედ დასავლურ თანამეგობრობის ქვეყნებს ახასიათებს ინსტიტუტების მაღალი ხარისხი. მაგალითად, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები გამოირჩევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, პოლიტიკური თავისუფლებით, სამოქალაქო უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტითა და სამართლის უზენაესობით. თუმცა დასავლეთი ხაზგასმით ამბობს, რომ ინტენსიური პროტესტის ფონზე და ფართო საზოგადოების მიერ რუსულად წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ასეთი ინსტიტუტებისთვის ძირგამომთხრელი იქნება, რაც საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობის გადახედვის წინაპირობა გახდება.
დასავლელი პოლიტიკოსების და არამხოლოდ მათი შეფასებით, მიღებული კანონი, ერთი მხრივ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის გადახვევაა და, მეორე მხრივ, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის ხელყოფა. პირველი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დასავლეთი და მისი დახმარება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის გარანტიას, ხოლო მეორე – დემოკრატია და სამართლის უზენაესობა კეთილდღეობის ფუნდამენტური დეტერმინანტია.
დემოკრატია მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მმართველის არჩევისა და გადაწყვეტილების მიღების წესების ერთობლიობას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილურობას და განჭვრეტად გარემოს. სწორედ გამჭვირვალე და სტაბილური გარემო წარმოადგენს ეკონომიკური აქტივობისთვის ხელსაყრელ მდგომარეობას, რომლის შედეგი, სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის პირობებში, მთლიანი კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. სამართლიანობა და თავისუფალი კონკურენცია დემოკრატიული ქვეყნებისთვის მეტადაა დამახასიათებელი, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმებისთვის.
დემოკრატიის ინდექსი ( 0-10)
სხვადასხვა ავტორი, პოლიტიკის მეცნიერებიდან იქნება ეს თუ ეკონომიკის, დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის კავშირის რამდენიმე გზას გამოყოფს. ზოგიერთი ეკონომიკურ ზრდაზე დემოკრატიის დადებით გავლენას გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულ წესში ხედავს. მათი პოზიციით, უმრავლესობის არჩევანის წესი ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების ხელშემწყობია, რადგან ხალხი ხმას განათლების გაფართოებას აძლევს. ზოგიერთის აზრით, გავლენის არხი დემოკრატიის ხასიათშია. ეკონომიკურ თავისუფლებას განამტკიცებს პოლიტიკური თავისუფლება, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური განვითარებისთვის. სხვათა აზრით კი, პოლიტიკური თავისუფლება მოიაზრებს პოლიტიკურ კონკურენციას, რომელიც ხელს უწყობს რენტის ძიებას და, შესაბამისად, ასეთი პრაქტიკით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური შედეგების შემცირებას. ნაწილი მათგანის მტკიცებით, დემოკრატიის დადებითი გავლენა რესურსების უფრო ეფექტიან განაწილებაში ვლინდება. ავტორიტარულ რეჟიმებში ძალაუფლება ცენტრალიზებულია, დემოკრატიულში კი, პირიქით, დეცენტრალიზებული. სწორედ დეცენტრალიზებულ სისტემებშია რესურსები უფრო ეფექტიანად განაწილებული.
თუმცა, რიგი მოსაზრებებით, დემოკრატია ხელის შემშლელია ეკონომიკური ზრდისთვის. მაგალითად, უმრავლესობა მხარს უჭერს რედისტრიბუციის ხასიათის მქონე ფისკალურ პოლიტიკას, რაც ამცირებს ზრდის ტემპს. ზოგიერთის აზრით, თავად ეკონომიკური განვითარებაა დემოკრატიის დეტერმინანტი, მაგრამ ამ პოზიციის საპირისპიროდ თუნდაც რუსეთის მაგალითი გამოგდება. რუსეთში არსებული რეჟიმი თავის დროზე დემოკრატიული წესით იყო არჩეული, რომელიც კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმად სწორედ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ტრანსფორმირდა.
საქართველოს დემოკრატიის ინდექსი (0-10)
მიუხედავად თეორიული ლიტერატურის აზრთა სხვადასხვაობისა, ემპირიული ლიტერატურა პროდემოკრატიულია. არსებული ემპირიული კვლევები საერთო ჯამში ეკონომიკურ ზრდაზე დემოკრატიის დადებით გავლენას აჩვენებს, სადაც მნიშვნელოვანი როლი ლიბერალურ დემოკრატიას ენიჭება. დემოკრატიას, სადაც ძალაუფლება დანაწილებულია – არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, დაცულია ინდივიდუალური თავისუფლებები და სამართლის უზენაესობა საზოგადოების ყოველდღიურობაა. საქართველოში კი ამ ყველაფრის ნაკლებობაა.
საქართველოში დემოკრატიის შეფასება ჰიბრიდულ რეჟიმს არასდროს გასცდენია. მართალია, 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა რეჟიმების ტიპოლოგიის უფრო მაღალ საფეხურს მიუახლოვდა, მაგრამ მისი გადალახვის შესაძლებლობა მხოლოდ ერთი საარჩევნო ციკლით დაყოვნდა. მომდევნო წლებში პოლიტიკური რეჟიმის შეფასების ტენდენცია საპირისპიროდ გადაიხარა. საბოლოოდ, ავტორიტარულ რეჟიმად კლასიფიკაციას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით მიღებული ეგრეთ წოდებული რუსული კანონი და ამ უკანასკნელის საერთაშორისო დონეზე პროფესიული შეფასება (ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი) მოასწავებს.
დასავლური საზოგადოების მეორე ფუნდამენტური ღირებულება და პარტნიორების მოთხოვნა – სამართლის უზენაესობაა. ამ უკანასკნელის დადებითი გავლენა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე Forbes Georgia-ს ერთგული მკითხველისთვის წინა პერიოდის რამდენიმე ნომრიდანაა ცნობილი.
დემოკრატიისგან განსხვავებით, ეკონომიკურ ზრდაზე სამართლის უზენაესობის პოზიტიური გავლენა ფართო კონსენსუსის მქონე საკითხია, რომელიც მრავალრიცხოვანი და მძლავრი ემპირიული მტკიცებულებით სარგებლობს.
სამართლის უზენაესობის მინიმალური და კონსენსუსური განმარტება ხელისუფლების სამართლით შეზღუდვაა. სწორედ ეს უზრუნველყოფს ძალაუფლების ბოროტად, თვითნებურად და კერძო მიზნებისთვის გამოყენების მინიმიზაციას. მაგალითად, კონსტიტუციური წესრიგი მიისწრაფვის ხელისუფლების მიერ თვითნებობის არიდებისა და ინსტიტუციური სტაბილურობისკენ. ამგვარი სამართლებრივი სისტემის არარსებობა კი ზრდის განუსაზღვრელობას, რომლის გავლენა კეთილდღეობაზე უარყოფითია. ასეთ გარემოში ფირმები აჩერებენ მუშახელის დაქირავებას და წარმოებაში ინვესტირებას, ეკონომიკური აგენტებისთვის რისკის პრემიუმი იზრდება და ნაკლებია ეკონომიკური აქტივობა.
სამართლის უზენაესობის ინდექსი ( -2.5 – 2.5)
პირველ რიგში, სამართლის უზენაესობა – პერსონალური უსაფრთხოება და დაცულობაა, რომლის გარეშე ეკონომიკური აგენტების აქტივობას აზრი არა აქვს. ასეთი კი მხოლოდ დამოუკიდებელი და ქმედითი სასამართლოს პირობებშია შესაძლებელი, რადგან ამ უკანასკნელს შეუძლია აღმასრულებელი დისკრეციის ეფექტიანი შეზღუდვა.
საქართველოში უმთავრეს პრობლემად სწორედ პოლიტიკური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტიანი სასამართლოს უზრუნველყოფა დგას. სასამართლო კონტროლის არარსებობით დარღვეულია სამართლის უზენაესობის უმთავრესი პრინციპი – კანონის წინაშე თანასწორობა, რომელიც ეკონომიკური განვითარების არსებითი ფაქტორია. სამართლის უზენაესობა უზრუნველყოფს განჭვრეტადობას, თუ რომელი ქმედება იქნება ხელისუფლების მიერ სანქცირებული, ან დაჯილდოებული. ეს კი ახალისებს ეკონომიკაში აქტივობას, რადგან ეს ეკონომიკური გადაწყვეტილების სარგებლისა და დანახარჯების გამოთვლის შესაძლებლობას იძლევა.
ამრიგად, საქართველოსთან მეგობრობასა და პარტნიორობაზე დასავლეთის პირობის სარგებელი არა მხოლოდ სამართლიანი საზოგადოება, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცულობაა, არამედ მისი ეკონომიკური შედეგებიც. დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების სიმტკიცე და სამართლის უზენაესობის არსებობა ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების საწინდარია. ხოლო ხელისუფლების მიერ ეგრეთ წოდებული რუსული კანონის მიღების შედეგად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის საფასური ეკონომიკური კეთილდღეობის დანაკარგები იქნება.