ქართულმა სტარტაპმა influence.ge-მ 1,5 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო როგორც უცხოელი ინვესტორებისგან, ისე ადგილობრივი საგრანტო პროგრამებიდან. დაფინანსება სრულად სტარტაპის ტექნიკურ განვითარებას მოხმარდა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში, მათ შორის, საზღვარგარეთ გასვლაშიც დაეხმარა.
გთავაზობთ 5 რჩევას influence.ge–ის თანადამფუძნებელ გიორგი თუშურაშვილისგან, რომელიც გვასწავლის, როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება მარტივად.
დაიწყეთ მუშაობა
ხშირად გვესმის ფრაზა – დაფინანსება რომ მქონდეს, იმდენ რამეს გავაკეთებდი – ეს სრულიად არასწორი მიდგომაა. დღეს კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ მხოლოდ იდეით შორს ვერ წახვალთ და სახელმწიფო გრანტსაც კი ვერ მიიღებთ, არათუ უცხოურ ინვესტიციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადადგათ პირველი ნაბიჯი, ნახოთ, რამდენად მოთხოვნადია თქვენი შეთავაზება. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მოთხოვნადი გახადოთ ის. ამ შემთხვევაში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ციფრები – ყველაფერია
ციფრები არის ენა, რომელიც ყველა ადამიანს ესმის. როდესაც დაფინანსების მისაღებად ინვესტორის წინაშე წარდგებით, ყველაფერი კარგად უნდა გქონდეთ დათვლილი. უნდა იცოდეთ, რა გიჯდებათ ერთი ადამიანის მოყვანა, მისი საშუალებით რამდენ შემოსავალს მიიღებთ. ინვესტორი სხვადასხვა ქვეყანაში განიხილავს დაფინანსების შესაძლებლობას და თქვენ თქვენი ციფრებით უნდა დაარწმუნოთ, რომ თქვენთან ინვესტიცია საუკეთესო არჩევანია.
იყავით საქმის პროფესიონალი
მკაცრი კონკურენციის პირობებში ინვესტორი უნდა გრძნობდეს, რომ საქმის პროფესიონალი ხართ. კონკრეტული ინდუსტრია კარგად უნდა შეისწავლოთ, რომ ზუსტად მიხვდეთ, რა აკლია მას და სწორედ ამაზე ააგოთ თქვენი იდეა და პროექტი. პროექტი კი თავად უნდა მოამზადოთ. ინვესტორი უნდა მიხვდეს, რომ უბრალოდ საქმით დაინტერესებული ადამიანი კი არა, სფეროს კვალიფიციური წარმომადგენელი ხართ.
კარგად მოემზადეთ
ინვესტორთან შესახვედრად კარგად უნდა იყოთ მომზადებული. ამაში კი სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა და დასწრება დაგეხმარებათ. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ და ყველაფერი სცადოთ, რომ იმ საბოლოო შეხვედრისთვის მართლაც მზად იყოთ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ კონკრეტულ საგრანტო თუ სხვა პროგრამაში მონაწილეობა თქვენთვის იდეალური არაა, მაგრამ მაინც მიდით. შეიძლება იქ შემთხვევით გაიცნოთ ვინმე, ვინც მომავალში დაგეხმარებათ. ეს კარგი ვარჯიშია და, საბოლოოდ, ინვესტორის წინაშე კარგად მომზადებული და თავდაჯერებული წარდგებით.
დაფინანსებას მხოლოდ ინვესტორისგან ნუ დაელოდებით
დაფინანსების მიღება არამხოლოდ ინვესტორისგანაა შესაძლებელი. ამისთვის არსებობს სხვადასხვა სახის შეჯიბრება, საგრანტო პროგრამა. მთავარია, საქმე დაიწყოთ, იდეა დატესტოთ და დაფინანსების მოპოვებაზეც იმუშაოთ. გრანტის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ: GITA-ს, „აქსელის ფონდს“, „სპარკს“, „გლობალურ სტარტაპ ფონდს“… ბევრი ახალი პროგრამაა, რომლებში ჩართვაც შესაძლებელია. ასევე მნიშვნელოვანია სხვა სტარტაპებთან კომუნიკაცია, რადგან ეს არის ძალიან მეგობრული წრე, სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება დაფინანსების მიღებასა თუ სხვა საკითხებში.