„არქი“ 15 მლნ ევროს ინვესტიციით გერმანულ ქარხანას ხსნის

„არქი“ 15 მლნ ევროს ინვესტიციით გერმანულ ქარხანას ხსნის

დეველოპერული კომპანია „არქი“ დაახლოებით 15 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციით გერმანულ ქარხანას ხსნის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია წულაიამ „Forbes კვირას“ განუცხადა, თბოიზოლაციის მასალა Ytong-ის (იტონგი) იმპორტი აქამდე გერმანიიდან და ბულგარეთიდან ხდებოდა, თუმცა გახსნის შემდეგ მის წარმოებას აღნიშნული ადგილობრივი ქარხანა დაიწყებს.

„ეს არ იქნება მხოლოდ იმპორტის ჩამნაცვლებელი პროდუქტი, ეს ექსპორტზე გათვლილი პროდუქციაა, რომელიც ექსპორტშიც დიდ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა ილია წულაიამ.

Ytong-ის  ქარხნის წარმადობა 180 000 კუბი იქნება და ის 60 ადამიანს დაასაქმებს. აღსანიშნავია, რომ „არქიმ“ უმსხვილეს გერმანულ კომპანია Xella-სთან ერთად თბილისში Ytong-ის ქარხნის მშენებლობა ლილოს დასახლებაში ოთხი წლის წინ დაიწყო. ქარხანა ენერგოეფექტიან და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს.

გარდა ამისა, „არქი“ პროექტების განვითარებას  როგორც თბილისში, ისე ტურისტულ ადგილებში – ქობულეთში, ბათუმსა და ბაკურიანში გეგმავს.

კომპანიის  დამფუძნებელმა გადაცემაში „არქის“ მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადებისა და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანია გადასახადებს იხდიდეს და პირნათელი იყოს სახელმწიფოსთან. არსებობის მანძილზე „არქის “დაახლოებით 300 მილიონამდე გადასახადი აქვს გადახდილი  და ჩვენ ამით ვამაყობთ. ასევე გადავწყვიტეთ, ჩვენი მოგების 5% გავუშვათ CSR-ში. ფაქტობრივად, ჩვენი მოწილე არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც ვცდილობთ, დავეხმაროთ“, – განმარტა მან.

ცნობისთვის, კომპანია „არქი“ წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის 2006 წელს ილია წულაიამ, მენი ბენიშმა და ირაკლი ქაფიანიძემ დააარსეს, 2018 წლიდან კი კომპანია დეველოპერულ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. 2018 წლიდან „არქის“ თანამფლობელია კალათბურთელი ზაზა ფაჩულია.

დღევანდელი მდგომარეობით, „არქის“ 31 დასრულებული საცხოვრებელი სახლი, 20 მიმდინარე მშენებლობა, სასტუმროები ზღვისა და მთის კურორტებზე და 3 ოფისი აქვს, სადაც 200-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო მშენებლობებზე ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანი საქმდება.

„არქის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წლის პანდემიის პირობებში კომპანიამ 1 612 ბინა გაყიდა, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2019 წლის მონაცემებს – 1 701 ბინას. უკვე ჩაბარებულ ბინებში კი ჯამში 20 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.