პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ სექტემბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინული ქალაქების მიმართულებით შაჰედის ტიპის 640-მდე დრონი გაუშვა. როგორც ზელენსკის მრჩეველი და სანქციების პოლიტიკის წამყვანი კომისიონერი ვლადისლავ ვლასიუკი ირწმუნება, სანქციების გავლენის მიუხედავად, მოსკოვს კვლავ აქვს საშუალება თავისი საბრძოლო არსენალი შეავსოს.
„რუსებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ნაწილები და აწარმოონ იარაღი, მათ შორის რაკეტები და თვითმფრინავები. თუმცა ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახლა რუსები იმაზე ნაკლები რაოდენობით ახერხებენ ნაწილების შეძენას, ვიდრე რეალურად სჭირდებათ და იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე სურდათ“, – აღნიშნა ვლასიუკმა Euronews-თან საუბრისას.
ამ თემასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად სანქციების საკითხებში ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საუბრობს. ო’სალივანის შეფასებით, ამჟამად მიკროელექტრონიკის ფასი მინიმუმ 125%-ითაა გაზრდილი, გარკვეულ შემთხვევებში კი ფასის ზრდა 300%-საც აღწევს. მისივე თქმით, ამ და სხვა ფაქტორების გავლენით, რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ნატალია ნესტორის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს, ინსტიტუტის ექსპერტებმა ჩაატარეს დაახლოებით 30,000 კვლევა – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით.
ნესტორის თქმით, მათ შეისწავლეს თითქმის ყველა ტიპის რაკეტა, რომელსაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს, მათ შორისაა: „ისკანდერი“, „კინჟალი“, „კალიბრი“ , Kh-101, Kh-55, Kh-59 და სხვ. გარდა ამისა, შესწავლილია თავდასხმითი დრონები, როგორიცაა Shahed-136 და Shahed-121, და სადაზვერვო დრონები: Kartograf-ი, Orlan-10 და Supercam-ი.
ევროკავშირის ქვეყნებიდან მიღებული ნაწილების უმეტესობა გვხვდება Geranium-2-ში, aka Shahed-136-ისა და Orlan-ის თვითმფრინავებში, ისევე როგორც სხვა სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებში (Eleron, ZALA) და „ისკანდერის“, Kh-101-ისა და „კინჟალის“ სისტემების რაკეტებში. ნესტორის ინფორმაციით, თავდასხმით დრონებში ხშირია პროცესორების, მიკროსქემების, გადამრთველების, სენსორების პოვნის შემთხვევები.
რუსეთს საკმაოდ დიდი „აგენტური ქსელი“ აქვს მთელ მსოფლიოში, რაც მას სანქციების გვერდის ავლით, ან მესამე ქვეყნისა და შუამავლის დახმარებით ქვეყანაში საჭირო კომპონტენების შემოტანის პროცესს უადვილებს. უცხოეთიდან მიღებული ნაწილების უმეტესობა ე.წ. „ორმაგი დანიშნულების“ კომპონენტებია. ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკაშიც და იარაღშიც.
რუსულ თვითმფრინავებსა და რაკეტებში აღმოჩენილი „ორმაგი დანიშნულების“ კომპონენტები არის ნაწილები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება სარეცხ მანქანებში, კამერებსა და სხვა სამომხმარებლო ელექტრონიკაში.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც ნესტორი მიუთითებს, რუსეთის ადაპტაციის უნარია. KSRIFE-ის ექსპერტებმა რაკეტებსა და თვითმფრინავებში შეცვლილი და ალტერნატიული ნაწილები არაერთგზის აღმოაჩინეს. ეს შესაძლოა სანქციების ეფექტიანობაზეც მიუთითებდეს, რადგან რუსეთს ორიგინალ ნაწილებზე წვდომა შეზღუდული აქვს. მიუხედავად ამისა, ნესტორის თქმით, რუსეთი ნაწილებს შესაძლოა კვლავ იღებდეს სხვადასხვა ქვეყნიდან და პარალელურად, თავადაც დაწყებული აქვს წარმოება. ეს კი ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის სამხედრო წარმოებაც არ შენელდება.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 19 სექტემბერს ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომისიას შეხვდა და რუსული დრონების წარმოების გაზრდის შესაძლებლობები განიხილა. პუტინის განცხადებით, 2023 წელს რუსულმა კომპანიებმა ქვეყნის სამხედრო ძალებს 140 ათასამდე უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდეს, ხოლო წელს წარმოება დაახლოებით ათჯერ, 1.4 მილიონ ერთეულამდე უნდა გაიზარდოს.