ნებისმიერი კრიზისი – ახალი შესაძლებლობების დასაწყისია“ – უინსტონ ჩერჩილი.
კრიზისი – დიდ გარდატეხას, გადამწყვეტი ხასიათის ცვლილებას ნიშნავს. ცვლილება კი თავის თავში ყოველთვის მოიცავს შესაძლებლობას. დღეს, როდესაც პანდემია გარდაქმნის სამყაროს, როდესაც ნათელი ხდება, რომ მსოფლიო გლობალიზაცია სრულდება, ქვეყნებისა და ინდუსტრიების მონოპოლიური მდგომარეობა, მიწოდებისა და გასაღების არხები ფუნდამენტურად იცვლება, იწყება დიდი გადალაგებისა და რელოკაციის პროცესი და ჩვენი ცხოვრების წესიც აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, ისმის მთავარი კითხვა: როგორ ჩააბარებს ამ დიდ გამოცდას ჩვენი პატარა ქვეყანა, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება ხვალ?
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, სამწუხაროდ, სუსტია. ის არ არის მზად მსგავსი გამოწვევებისთვის და, შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა გავიაროთ ეს კრიზისი. ამავე დროს, დღეს გვეძლევა შანსი, მკვეთრად გარდავტეხოთ ვითარება და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 29 წლის თავზე ბოლოს და ბოლოს შევთანხმდეთ, რა ტიპის ქვეყანა გვინდა, ავაშენოთ, რა არის ჩვენი პრიორიტეტი, რას გვინდა, მივაღწიოთ, რა არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორ მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები, როგორ გავხდეთ ფინანსური ცენტრი, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, რა შეგვიძლია ვაწარმოოთ ისეთი, რაც მსოფლიო ბაზარზე თავის ადგილს და ნიშს დაიკავებს. სწორედ ამ და ბევრი სხვა კომპონენტის გათვალისწინებით უნდა შედგეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ეროვნული პროგრამა (სეგეპი). დღეს შექმნილ ვითარებაში ორი მიმართულება იკვეთება: პირველ რიგში, უნდა გავუმკლავდეთ კრიზისს მოკლევადიან ჭრილში, რამდენიმე თვეში ეკონომიკა დავუბრუნოთ აქტიურ ფაზას და გადავარჩინოთ ჩვენი მოქალაქეები უმუშევრობასა და სიღატაკეს. და მეორე: დღესვე ვიფიქროთ პოსტკრიზისულ პერიოდზე – გრძელვადიან ჭრილში. “ლელომ“ შეიმუშავა 6-მილიარდიანი ანტიკრიზისული გეგმა მხოლოდ შიდა რესურსის მობილიზაციის ხარჯზე.
ჩვენს მოდელში 6 მილიარდი იყოფა შემდეგ 3,2,1 მილიარდად:
3 მილიარდი – ეს არის საკრედიტო საგარანტიო ფონდი, რომლის საშუალებითაც ბანკები შეძლებენ, ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით შეუზღუდავად გასცენ საბრუნი კაპიტალი კომპანიებისთვის. ფონდი საქმიანობას პოსტკრიზისულ საქართველოშიც გააგრძელებს ეკონომიკის მუდმივი სტიმულირებისთვის. კაპიტალის გაცემა მოხდება ერთი პირობით – თუ ბიზნესკომპანიები შეინარჩუნებენ საკუთარი თანამშრომლების 80 %-ს. 3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდი სტიმულს მისცემს და უზრუნველყოფს 30-მილიარდიანი საკრედიტო პორტფელის მუშაობას. საგარანტიო ფონდი კრიზისის დასრულების შემდეგ გახდება ახალი საინვესტიციო რესურსების მოზიდვის, ახალი ბიზნესების დაწყებისა და საფინანსო სტაბილურობის გრძელვადიანი ინსტრუმენტი. მსგავსი ფონდები არსებობდა და წარმატებით ფუნქციონირებდა ბევრ განვითარებად ქვეყანაში. ეს მოდელი სრულიად ახალ სუნთქვას გაუხსნის ჩვენს ეკონომიკას. მისი წყალობით ბიუჯეტში გაგრძელდება ფინანსური შენატანები, ბიზნესს მიეცემა საშუალება, განვითარდეს და განახორციელოს ახალი ბიზნესგეგმები, ხოლო სახელმწიფო მიიღებს ამუშავებულ ეკონომიკას და მოაგვარებს მთავარ პრობლემას – მინიმუმადე დაიყვანს სამუშაო ადგილების შემცირებას.
შემდეგი 2 მილიარდიდან – 1 მილიარდი ლარი, ანუ 300 მლნ დოლარი გამოვყავით ლარის სტაბილურობისთვის, ლარის ზედა და ქვედა საკონვერტაციო ზღვრის დასადგენად. 300 მლნ დოლარის წყარო ეროვნული ბანკის დღეს არსებული სარეზერვო ფონდის ათი პროცენტია. ხოლო 1 მილიარდი ლარი, ჩვენი მოდელის მიხედვით, უნდა ჩაიდოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, რადგან დღეს ეს ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული მიმართულებაა. არ უნდა ჩავარდეს ხვნა-თესვის პროცესი, არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა და, რაც მთავარია, ჩვენ მომავალში აღარ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ისეთი პროდუქტების იმპორტზე, როგორიცაა: ბოსტნეული, ხილი, ხორბალი და სხვა. ეს ინვესტიცია დიდ სტიმულს მისცემს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას და ხელს შეუწყობს უამრავი ადამიანის დასაქმებას, რომლებიც პანდემიის გამო სოფელში გაემგზავრნენ.
დაბოლოს, 1 მილიარდი ლარი განკუთვნილია სოციალური პაკეტისთვის. ამ გეგმის მიხედვით დაახლოებით მილიონ- ნახევარი ადამიანი, დასაქმებული თუ თვითდასაქმებული, მიიღებს ათას ლარამდე დამატებით შემოსავალს მომავალი სამი თვის განმავლობაში. იმ ვარაუდით, რომ სამ თვეში ეპიდემიის გამო დაწესებული აკრძალვები მოიხსნება და, შესაბამისად, ეკონომიკაც უკვე სრულად ამუშავდება. ეს არის “ლელოს“ მოდელი. ის, რისი გაკეთებაც ქვეყანას შიდა რესურსით დღესვე შეუძლია, ამის ზემოთ კი, რასაც ჩვენი დონორები – მეგობარი სახელმწიფოები და საფინანსო ინსტიტუტები გამოყოფენ გრძელვადიანი სესხისა თუ გრანტის სახით, იქნება დამატებითი ახალი ჟანგბადი, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში, სწორი დაგეგმვის პირობებში, სრულებით ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქართულ ეკონომიკას. დაყოვნების დრო არ არის. მოქმედება საჭიროა დღესვე, თამამად და სწრაფად. არაორდინარული ვითარება არაორდინარულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს და როგორც ერთ ბრძენს უთქვამს, “ჭკვიანურად დაგეგმვა – ეს არის მომავლის აწმყოში გადმოტანა, რაც საშუალებას გვაძლევს განვჭვრიტოთ და განვსაზღვროთ ხვალინდელი დღე“.