როგორია ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია რუსული ენერგოიმპორტისთვის ემბარგოს დაწესების თაობაზე?

როგორია ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია რუსული ენერგოიმპორტისთვის ემბარგოს დაწესების თაობაზე?

ევროკავშირის მინისტრები რუსეთისთვის, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, სანქციების პოტენციურ მეექვსე რაუნდს განიხილავენ, თუმცა რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს საკითხი ბლოკის წევრებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის გაცხადებით, ევროკავშირმა უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსულ ენერგეტიკაში €35 მილიარდი გადაიხადა. 2021 წელს ევროკავშირში მოხმარებული გაზის 40%-ის, ხოლო ნავთობის 25%-ის იმპორტი რუსეთიდან ხდებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა მრავალგზის მოუწოდა ევროკავშირს რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებისა და გაზის იმპორტის შეწყვეტისკენ, თუმცა ბლოკის ქვეყნები, მათ შორის გერმანია, ავსტრია, იტალია და უნგრეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. ამავდროულად, ევროკავშირის ჩვიდმეტმა ქვეყანამ მიიღო ევროკომისიის შეთავაზება, რომელიც რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების ეტაპობრივად შემცირების მიზნით სახელმწიფოებისთვის ტექნიკური ექსპერტიზის შეთავაზებას ითვალისწინებს.

კონკრეტულად როგორია ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია რუსული ენერგოიმპორტისთვის ემბარგოს დაწესების თაობაზე?

ავსტრია

ავსტრიამ რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სანქციები, რომლებიც შენს ქვეყანას უფრო დააზარალებს, ვიდრე მეორე მხარეს, არასწორია. კანცლერ კარლ ნეჰამერის თქმით, რომელიც 11 აპრილს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა, ავსტრია ევროკავშირის შემდგომი სანქციების მოლოდინშია, თუმცა თავისი ქვეყნის პოზიციას რუსული გაზის იმპორტის არშეწყვეტის შესახებ მტკიცედ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრია სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია და ნატოს წევრი სახელმწიფო არაა.

ბელგია

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო ბლოკის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკული ტრანსფორმაციის აუცილებლობასაც რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებისთვის, თუმცა კონკრეტულად რუსულ გაზზე ემბარგო არ მოუთხოვია.

25 მარტს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე კრომ განაცხადა, რომ ისინი საკუთარ თავთან ომში არ იმყოფებიან, ამიტომაც სანქციებმა რუსეთზე მეტად ისინი არ უნდა დააზარალოს. თუმცა 4 აპრილს ბელგიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ ეწინააღმდეგება მიზანმიმართულ ქმედებებს რუსული ნავთობისა და ნახშირის წინააღმდეგ.

ბულგარეთი

ბულგარეთი ძლიერადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე, „გაზპრომთან“ შეთანხმება კი ქვეყნის საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სტრატეგიის შესაბამისად, ქვეყანა 10-წლიანი კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებას არ გეგმავს. კონტრაქტის ვადა მიმდინარე წელს იწურება. ქვეყნის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვეყანა ალტერნატიულ გზებს განიხილავს, მათ შორის – 2022 წელს საბერძნეთთან ახალი მილსადენის ამოქმედებასა და აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტზე შეთანხმებას.

ხორვატია

ევროკავშირის სამიტზე ქვეყნის პრემიერის განცხადებით, ახალი ტერმინალისა და სხვა ტერმინალის სიმძლავრის გაზრდის საშუალებით, ხორვატიამ სრულად გააუქმა დამოკიდებულება რუსულ გაზზე. პლენკოვიჩმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს გაზის ფასების შეკავების შესახებ გლობალური პერსპექტივის დასახვისკენაც მოუწოდა.

კვიპროსი

კუნძული არაა დაკავშირებული ევროპის ენერგეტიკულ ქსელთან და მისი გაზის იმპორტის დიდი ნაწილი ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე მოდის. კვიპროსის ენერგეტიკის მინისტრმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან გაზის შემოტანის ახალ პროექტს „თამაშის შემცვლელი“ უწოდა.

ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთაც რუსულ ენერგიაზე ემბარგო საგრძნობლად შეეხება. იმპორტის სრულად აკრძალვით გამოწვეული ეკონომიკური დარტყმა შესაძლოა ეკონომიკური წარმოების ერთი პროცენტით შეფასდეს. მთავრობის განცხადებით, ყველა სცენარისთვის, მათ შორის რუსული იმპორტის სრულად შეწყვეტისთვის საგანგებო გეგმა მუშავდება.

დანია

დანია, რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბლოკის ქვეყნებს მწვანე ტრანსფორმაციისკენ აქტიურად მოუწოდებს. ქვეყანა გაზის ალტერნატიულ წყაროებსაც ეძებს. დანიაში განახლდა მუშაობა ნორვეგიიდან პოლონეთამდე არსებულ Baltic Pipe-ის მილსადენზეც. ველურ ბუნებაზე გავლენის მიზეზით 9-თვიანი შეჩერების შემდგომ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთ კვირაში ქვეყანას მილსადენის მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცეს. 900-კილომეტრიანი კავშირი ძირითადად პოლონეთისთვის, რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად შენდება.

ესტონეთი

ესტონეთმა წლის ბოლომდე რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მარტში ესტონეთის მთავრობა, 1995 წლის Oil for Food-ის პროგრამის მიხედვით, რუსული გაზისა და ნავთობის შემოსავლების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენების ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნული პროგრამა ერაყს საშუალებას აძლევდა, ნავთობი მხოლოდ ჰუმანიტარული მარაგების სანაცვლოდ გაეყიდა.

ფინეთი

აპრილში ფინეთის პრემიერმა რუსეთისგან გაზის შესყიდვის გაგრძელებას უკრაინის ომის მხარდაჭერა და დაფინანსება უწოდა. მიუხედავად ამისა, აქტივისტები ქვეყნის პოლიტიკის იმ „ხარვეზებზე“ მიუთითებენ, რომლებიც რუსული ენერგიის იმპორტის ხელშემწყობია. თუნდაც „ტრანზიტის ხარვეზებით“ რუსული ენერგოპროდუქტების ციმბირიდან ფინეთში ტრანსპორტირება ხორციელდება.

საფრანგეთი

წამყვანი ევროპული ეკონომიკებისგან განსხვავებით, საფრანგეთი ნაკლებად დამოკიდებულია რუსული გაზის იმპორტზე (25%) და მისი ძირითადი მომწოდებელი იმპორტის 35%-იანი წილით ნორვეგიაა. საფრანგეთის მთავრობა სანქციების გამკაცრებისა და რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების მომხრეა. ამჟამად საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია.

გერმანია

ევროპის უდიდესი ეკონომიკა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსულ ენერგიაზე ტოტალური ემბარგოს დაწესებას არ ემხრობა. კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, იმპორტის სწრაფი შეწყვეტა „ევროპის მასშტაბით რეცესიის“ მიზეზი გახდება. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი 35%-დან 25%-მდე, ხოლო გაზის იმპორტი 55%-დან 40%-მდე შემცირდა.

საბერძნეთი

საბერძნეთის განცხადებით, დაჩქარდება გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება რუსულ იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ამჟამად ქვეყანა საჭირო ენერგიის 40%-ს რუსეთისგან იღებს.

უნგრეთი

უნგრეთი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე. ვიქტორ ორბანი ენერგეტიკული ემბარგოს დაწესების ნებისმიერი მცდელობისთვის ვეტოს დადებას გეგმავს, რადგან მისი აზრით, ეს მის ქვეყანას „მოკლავს“.

ირლანდია

ირლანდია რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებული არაა, საკუთარი გაზის საბადო აქვს, საიდანაც მისი საჭიროების 70%-ს იღებს, ხოლო დანარჩენი ნაწილი ბრიტანეთიდან შემოაქვს. ირლანდია მკაცრი სანქციების, მათ შორის ენერგოიმპორტზე ემბარგოს მომხრეა.

იტალია

იტალიას რუსეთი ბუნებრივი აირის 38%-ს აწვდის, რომელსაც ქვეყანა ელექტროენერგიისა და მძიმე ინდუსტრიისთვის იყენებს. 11 აპრილს, რუსულ იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, იტალიამ ალჟირთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც გაზის ალტერნატიულ გზებს ეძებს, განაცხადა, რომ „იტალიას არ შეუძლია ვეტო დაადოს სანქციებს რუსული გაზის წინააღმდეგ“.

ლიეტუვა და ლატვია

ლიეტუვამ და ლატვიამ რუსულ გაზზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღეს. ლატვიის პრემიერის განცხადებით, უკრაინის ომის შესაჩერებლად ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც მსგავს ზომებს უნდა მიმართონ. ლიეტუვა კი „გაზპრომის“ მომწოდებლებს შორის მყოფი ევროკავშირის პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც რუსული გაზის იმპორტი შეწყვიტა.

ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის გაგრძელების თაობაზე ორ ნაწილადაა დაყოფილი. ოფიციალურ განცხადებაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნდა შემცირდეს რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება და არანაირი სანქცია არ უნდა გამოირიცხოს, თუმცა ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება.

მალტა

მალტა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე დამოკიდებული არ არის. მალტის ენერგიის 17% მოდის ევროპულ ელექტროქსელზე, რომელიც იტალიის კუნძულ სიცილიიდანაა შემოტანილი.

ნიდერლანდები

ნიდერლანდებში იმპორტირებული გაზის 15% რუსეთზე მოდის. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ნიდერლანდები რუსულ გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმას აპრილის ბოლომდე შეიმუშავებს. თუმცა დასძინა, რომ ქვეყანას რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის სრულად შეწყვეტა არ შეუძლია და ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოებაც უნდა იქნეს გათვალისწინებული.

პოლონეთი

პოლონეთმა რუსულ გაზზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს. 2020 წელს გაზის იმპორტის 40% რუსეთმა უზრუნველყო.

პორტუგალია

პორტუგალიის ენერგია რუსულ იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული არაა. ქვეყნის ენერგიაში მაღალია განახლებადი წყაროების, განსაკუთრებით მზის ენერგიის წილი. ქვეყანა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის მომხრეა.

რუმინეთი

რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი წყალბადის ქსელების განსავითარებლად სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. თვის დასაწყისში რუმინეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, OMV Petrom-მა, შეწყვიტა ნედლი ნავთობის იმპორტი რუსეთიდან.

სლოვაკეთი

სლოვაკეთი გაზის 85%-ს და ნავთობის 66%-ს რუსეთისგან იღებს, შესაბამისად, რუსული ენერგიის იმპორტზე ემბარგო ქვეყანაზე უარყოფითად იმოქმედებს. ეკონომიკის მინისტრის საპირისპირო განცხადების მიუხედავად, აპრილში სლოვაკეთის მთავრობამ რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვა.

სლოვენია

სლოვენია რუსულ გაზზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ცოტა ხნის წინ ქვეყანამ ხორვატიაში არსებული LNG-ტერმინალიდან გაზის მოპოვებაზე სურვილი გამოთქვა. ქვეყანა რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდის წინააღმდეგია.

ესპანეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ, ესპანეთმა საკუთარი თავი ევროპისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების ჰაბად გამოაცხადა. გარდა ამისა, ესპანეთი მზის ენერგიის ჰაბია და ნაკლებადაა დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. ქვეყანა ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდებს.

შვედეთი

შვედეთი რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე დამოკიდებული დიდად არაა, შესაბამისად, მოსკოვის ენერგეტიკული სანქიცები ქვეყანას მნიშვნელოვნად არ დააზარალებს. შვედეთი, ფინეთთან ერთად, ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრობს, რაც ნეიტრალიტეტის გრძელვადიანი პოლიტიკისგან გადახვევაზე მიუთითებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *