გასულ კვირას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს ფინანსური განათლების ქულამ 17-ქულიანი სკალიდან 10.3 ქულა დაიმსახურა, რაც 60%-იანი შედეგია. ეს შედეგი კვლევის მონაწილე სახელმწიფოების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
ფინანსური განათლების დონის მაჩვენებელი რამდენიმე ინდიკატორისაგან შედგება. ფინანსური ცოდნის მაჩვენებელში საქართველო 5 შესაძლო ქულიდან 3.1-ით შეფასდა. რაც შეეხება ფინანსური ქცევის მაჩვენებელს – აქ 9 შესაძლოდან 5.6 ქულა დავიმსახურეთ. 1.6 ქულა მოვიპოვეთ 3 შესაძლებელიდან ფინანსური დამოკიდებულების მაჩვენებელში.
საინტერესოა, რომ ზემოთ აღნიშნულ სამივე კომპონენტში თბილისში არსებულმა ბიზნესებმა რეგიონებთან შედარებით უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს.
ფინანსური ცოდნის ცვლადი საბაზისო ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის არსებობას ითვალისწინებს. როგორც კვლევამ აღმოაჩინა, საქართველოში არსებული მეწარმეების უმრავლესობას ინფლაციის, სესხზე გადასახადი პროცენტის, რისკებისა და უკუგებისა და ინვესტირების მნიშვნელობა სწორად ესმით. თუმცა, სანაცვლოდ, მათმა 41%-მა არ იცის დივიდენდის განმარტება.
ფინანსური ქცევის კომპონენტი გადახდების, ფინანსების აღრიცხვის, რისკის, დაზღვევის, ფინანსური უსაფრთხოების, ბიზნესის დაფინანსებისა და ფინანსების დაგეგმვაში ბიზნესების კომპეტენციას აღწერს. კვლევის შედეგად კი გამოიკვეთა, რომ მეწარმეების ნახევარს ბიზნესისა და პირადი ანგარიშები ერთმანეთისაგან მკაცრად აქვთ გამიჯნული. ხოლო 28% კი ამ მიზნებისათვის ერთსა და იმავე ანგარიშს იყენებს.
რაც შეეხება ფინანსური დამოკიდებულების კომპონენტს, ის ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ გონივრულ ფინანსურ დამოკიდებულებებს აღწერს. დგინდება, რომ მეწარმეების 71% საკუთარი კომპანიისათვის გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს ისახავს, თუმცა 67% აღნიშნავს, რომ კომპანიის მართვისას საკუთარ ინსტინქტს მიჰყვება.