უძრავი ქონება, როგორც ყოველთვის, საინვესტიციოდ ერთ-ერთ ყველაზე მედეგ სექტორად მიიჩნევა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა კოვიდპანდემიის პირობებში. ბოლო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, განსაკუთრებით საცხოვრებელ ნაწილში, მსოფლიოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არათუ დაეცა, არამედ იზრდება.
რა ხდება ამ დროს საქართველოში, როგორ გამოიყურება ის საერთაშორისო რუკაზე? რას სთავაზობენ თანამედროვე ქართული პროექტები უცხოელ ინვესტორებს და რამდენად მიმზიდველია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი?
განვიხილოთ მაგალითი: საქართველოში მაღალი დონის საინვესტიციო უძრავი ქონება, რომელიც საინტერესოა უცხოელი მყიდველისთვის, მას აძლევს 15%-იან წლიურ უკუგებას ინვესტიციაზე, გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პერიოდი კი მხოლოდ 5-7 წელია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ტურიზმის სწრაფ ზრდასთან ერთად, დინამიკურად ვითარდებოდა საინვესტიციო აპარტამენტების ბიზნესი, რომელიც კონკურენციას უწევდა სასტუმროებს. კოვიდპანდემიის გამო ტურიზმის მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, ამ სფეროში მოთხოვნა რჩება. მყიდველები კრიზისს მოკლე- და საშუალოვადიან გამოწვევად აფასებენ. გარდა იმისა, რომ მფლობელისთვის საინვესტიციო ქონება არის ბიზნესი ყოველწლიური შემოსავლით, მის სასარგებლოდ დამატებით მნიშვნელოვანი არგუმენტიც მეტყველებს: ამ ტიპის პროექტებში უძრავი ქონების ფასი მშენებლობის საწყისი ეტაპიდან დასრულებამდე (3-4 წელი) 200%-ზე მეტით იზრდება.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეყნის ლიბერალური საინვესტიციო ბიზნესგარემო:
- უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია უმოკლეს დროში (15 წუთი);
- წლიური უკუგება ინვესტიციაზე 13-15%
- 0%-იანი უძრავი ქონების გადასახადი;
- გაქირავების გადასახადი მხოლოდ 5%;
- $100,000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში არარეზიდენტისთვის ბინადრობის უფლება მთელი ოჯახისთვის;
- არარეზიდენტისთვის არანაირი შეზღუდვა უძრავი ქონების შეძენაზე.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ფასები უძრავ ქონებაზე ჯერ კიდევ დაბალია და როგორც აღვნიშნეთ – მზარდი. წინასწარი პროგნოზებით, საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების ფასი რამდენიმე წელიწადში გაუტოლდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფასებს. ეს კი ძლიერი სიგნალია მყიდველისთვის, რომ ახლა საქართველოს უძრავ ქონებაში ინვესტირების დროა!
საერთაშორისო რუკაზე პოზიციონირებისთვის დღეს ქართულ უძრავ ქონებას სჭირდება დამოუკიდებელი და ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა. ამ მიმართულებით მუშაობს „უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის“ (FIABCI) ეროვნული წარმომადგენლობა, FIABCI-Georgia. იმისთვის, რომ ინვესტორი კონკრეტული პროექტით დაინტერესდეს, მთავარია, პირველ რიგში ის მოიხიბლოს იმ ქვეყნით, სადაც განიხილავს ინვესტიციას. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გზავნილები და გრძელვადიანი ხედვა. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ადგილობრივი მყიდველების მნიშვნელობა, რადგან, როგორც დავინახეთ, კოვიდ-19-ის რეალობაში ძირითადი მყიდველი საქართველოდანაა.
აღნიშნულ ერთიან ეროვნულ სტრატეგიას განვიხილავთ როგორც კერძო სექტორის, ,,ფიაბცის“ კუთხით უძრავი ქონების საერთაშორისო პროფესიონალებისა და სახელმწიფოს კოლაბორაციას. ამის ერთი კარგი მაგალითია ის ფაქტი, რომ, როცა უძრავი ქონების მთავარ საერთაშორისო გამოფენაზე, „მიპიმზე“ (MIPIM), რომელიც ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთის ქალაქ კანში, წამყვანი ადგილობრივი დეველოპერები „ფიაბცი საქართველოს“, და „ფიაბცის“ ორგანიზებით და „აწარმოე საქართველოშის“ მხარდაჭერით ერთად, ერთი ქოლგის ქვეშ, საქართველოს სახელით უნდა წარმდგარიყვნენ. სამწუხაროდ, სწორედ მაშინ დაიწყო პანდემია. გამოფენა 2020 წლის გაზაფხულზე ვეღარ ჩატარდა. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ღონისძიებების განახლდების შემდეგ კოლაბორაციის ეს ფორმატი კვლავ აქტუალური იქნება. ქართული უძრავი ქონების სექტორში ასევე ერთ-ერთი, თუ არა მთავარი მოვლენა უახლოეს მომავალში არის „ფიაბცი-საქართველოს პროექტების დაჯილდოება“ (FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards), რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დაჯილდოებაში. ხოლო იმისთვის, რომ ცალკეული ღონისძიებები მაქსიმალურად წარმატებული იყოს, საჭიროა გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს შემდეგს:
- ქართული უძრავი ქონების ლოგოს და სლოგანის შემუშავება;
- მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში, გამოფენებსა და პროექტების დაჯილდოებებში (როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში);
- მონაწილეობა საერთაშორისო ვებინარებში;
- უძრავი ქონების თემაზე საერთაშორისო ფორუმების, გამოფენებისა და პროექტების დაჯილდოებების ორგანიზება საქართველოში, ე.წ. ,,დესტინაციის მარკეტინგი” (როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში);
- უძრავი ქონების საინვესტიციო ტურების ორგანიზება უცხოელი ინვესტორებისთვის, ბროკერებისთვის;
- უძრავი ქონების ტურების ორგანიზება უცხოელი ბლოგერებისთვის;
- აქტიური საერთაშორისო მედიაკამპანია;
- განვითარების ხელშეწყობა ციფრული ტექნოლოგიების კუთხით.
ამ გზით, პირველ რიგში, შევინარჩუნებთ ინვესტორების არსებულ ინტერესს, რომელსაც მეტწილად მეზობელი ქვეყნები იჩენენ და ასევე მოვიზიდავთ მსხვილ ინვესტორებს ევროპიდან, აზიის ქვეყნებიდან. ბოლო დროს საქართველოსადმი მზარდი ინტერესი ფიქსირდება ამერიკიდან, იაპონიიდან და ჩვენი ქვეყნისთვის არატრადიციული სხვა საერთაშორისო ბაზრებიდან.
კოვიდპანდემიამ შეამცირა და გარკვეულ შემთხვევებში შეაჩერა მოსალოდნელი საერთაშორისო ტრანზაქციები საქართველოს უძრავ ქონებაში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ინტერესი კვლავ შეიმჩნევა. ამასთან, დამაიმედებელი და მისასალმებელია, რომ პანდემიის პირობებშიც კი მსხვილი და საშუალო ზომის დეველოპერული კომპანიები განაგრძობენ პროექტებს და უფრო მეტიც, იწყებენ ახლებს. შესაძლოა, შედარებით მცირე მასშტაბით, მაგრამ აქტივობა აშკარაა. იშვიათ შემთხვევაში იდება მსხვილი გარიგებებიც. თუმცა საქართველო დღეს მაინც ითვლება ქვეყნად, რომლითაც მცირე და საშუალო ზომის ინვესტორები ინტერესდებიან.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი აღდგენის პროცესშია. ქართული უძრავი ქონების წამყვანმა მოთამაშეებმა შეძლეს მთავარი: ისინი ადაპტირდნენ ,,ახალ რეალობასთან” და მაქსიმალურად დახვეწეს და შექმნეს ციფრული პლატფორმები და სერვისები. პანდემია დასრულდება, თუმცა უძრავი ქონების გაციფრულება დარჩება საერთაშორისო ბაზრებზე აქტივობების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად. ფიზიკურ შეხვედრებთან და ღონისძიებებთან ერთად, მომდევნო წლებში არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება „უძრავი ქონება და ციფრული ტექნოლოგიები“.