ფოტო: Reuters
ერთ სულ მოსახლეზე ნავთობის მოხმარებით პირველ ადგილს სინგაპური და კიურასაო იკავებენ და ამ მაჩვენებლით ნავთობის სხვა უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებსაც მნიშვნელოვნად უსწრებენ. 2025 წლის მონაცემებით, სინგაპურში წლიურად ერთი ადამიანი 93.63 ბარელ ნავთობს მოიხმარდა, ხოლო კიურასაოში ერთ სულ მოსახლეზე 84.41 ბარელი ნავთობი მოდიოდა.
ქვემოთ წარმოდგენილ რეიტინგში, რომელიც Eni-ის World Energy Review 2026-ის ანგარიშზე დაყრდნობითაა შედგენილი, ნავთობის წლიური მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ბარელებშია გამოსახული. წარმოდგენილი რიცხვები მოიცავს საზღვაო გადაზიდვებისთვის გამოყენებულ საწვავს, ნავთობგადამმუშავებელი ქარხნებისთვის განკუთვნილ საწვავსა და ბიოსაწვავს. შედეგად, მონაცემები ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის უფრო ფართო სურათს ასახავს და არა მხოლოდ მოსახლეობის მიერ პირადად მოხმარებას.
როგორც აღვნიშნეთ, ერთ სულ მოსახლეზე ნავთობის მოხმარებით სინგაპური და კიურასაო პირველ და მეორე პოზიციებს ინაწილებენ. მესამე ადგილზე ბრუნეია, თუმცა აქ მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია და 43.83 ბარელს შეადგენს. ეს სხვაობა აჩვენებს, თუ რამდენად დიდია დაშორება პირველ ორ ქვეყანას — სინგაპურსა და კიურასაოს — და რეიტინგში წარმოდგენილ სხვა სახელმწიფოებს შორის.
სინგაპური მსოფლიოში საზღვაო საწვავით მომარაგების ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია და ასევე გლობალურად მეორე ყველაზე დატვირთულ საკონტეინერო პორტს მასპინძლობს. მალაკის სრუტესთან მდებარეობა მას საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებისთვის მნიშვნელოვან საკვანძო წერტილად აქცევს. გამომდინარე იქიდან, რომ მოხმარების მაჩვენებელში საერთაშორისო გემებისთვის მიწოდებული საწვავიც შედის, რეიტინგი მხოლოდ მოსახლეობის მიერ უშუალოდ მოხმარებულ ნავთობს არ ასახავს.
რეიტინგის ათეულში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც არიან წარმოდგენილი: კატარი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. მათგან ჯგუფში კატარი ლიდერობს, ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 40.19 ბარელი ნავთობით. არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის მაჩვენებლები თითქმის იდენტურია — შესაბამისად, 36.74 და 36.68 ბარელი.
ამ ქვეყნების მაღალი მაჩვენებლები ნავთობზე ინტენსიურად დამოკიდებული მრეწველობით, ისტორიულად საწვავის დაბალი ფასითა და შედარებით მცირე მოსახლეობით აიხსნება. პირველ ოცეულში ასევე არიან ბაჰრეინი და ომანი.
კანადა ერთ სულ მოსახლეზე ნავთობის მოხმარებით მეათე ადგილზეა — წლიურად 22.53 ბარელით. ამერიკის შეერთებული შტატები კი 22.10 ბარელით მე-11 პოზიციას იკავებს. გამოდის, რომ წლიურად მოხმარებაში სხვაობა მხოლოდ 0.43 ბარელია, ანუ დაახლოებით 2%.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სულზე ნავთობის მოხმარება საერთო მოთხოვნისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ შედეგებს გვაძლევს. ნავთობის ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური მომხმარებელი აშშ-ია, მას ჩინეთი და ინდოეთი მოსდევს. თუმცა ერთ სულზე ნავთობის წლიური მოხმარებით ათეულში ამ სამიდან არცერთი ქვეყანა არ გვხვდება.
Eni-ის World Energy Review 2026-ის ანგარიშში ერთ სულ მოსახლეზე ნავთობის მოხმარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს შესახებაც არის ხელმისაწვდომი. ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში ნავთობის წლიური მოხმარება 3.75 ბარელს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოს მხოლოდ სომხეთი ჩამოუვარდება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 2.29 ბარელი ნავთობი მოდიოდა. რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში კი მაჩვენებლები ასე ნაწილდება: 8.92 ბარელი, 4.79 ბარელი და 4.69 ბარელი ნავთობი.
| # | ქვეყანა ან ტერიტორია | ნავთობის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, 2025 წელი |
| 1 | სინგაპური | 93.63 ბარელი |
| 2 | კიურასაო | 84.41 ბარელი |
| 3 | ბრუნეი | 43.83 ბარელი |
| 4 | კატარი | 40.19 ბარელი |
| 5 | მალტა | 39.65 ბარელი |
| 6 | ქუვეითი | 39.23 ბარელი |
| 7 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 36.74 ბარელი |
| 8 | საუდის არაბეთი | 36.68 ბარელი |
| 9 | ლუქსემბურგი | 26.46 ბარელი |
| 10 | კანადა | 22.53 ბარელი |








