რომელ სამუშაოებზე ექნება ChatGPT-ს ყველაზე დიდი გავლენა?

რომელ სამუშაოებზე ექნება ChatGPT-ს ყველაზე დიდი გავლენა?

გასული წლის 30 ნოემბერს OpenAI-მ Microsoft-ის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა დაიწყო და მსოფლიოს ChatGPT-ი წარუდგინა. ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტმა მომხმარებელთა აღტაცება მალევე დაიმსახურა ადამიანისთვის დამახასიათებელი და აზრიანი პასუხებით. ChatGPT-ის შესაძლებლობებში სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემა, წინადადებების ჩამოყალიბება, კვლევების ჩატარება, ესეებისა და რეზიუმეების დაწერა შედის.

ჩამოთვლილ უნარებს კი ადამიანები საკუთარი სამუშაოს შესრულებისას აქტიურად იყენებენ, რაც ბადებს კითხვას, თუ რომელ სამუშაოებზე მოახდენს გავლენას ChatGPT-ის დანერგვა და მეტიც, ჩაანაცვლეს თუ არა უახლოეს მომავალში გენერაციული AI არსებული სამუშაო ადგილების გარკვეულ ნაწილს? Visual Capitalist-მა 2023 წლის მარტის მდგომარეობით შრომის ბაზარზე OpenAI-ის გავლენა გამოიკვლია.

OpenAI-იმ ამერიკის შეერთებული შტატების ინდუსტრიები და ის სამუშაო პოზიციები შეისწავლა, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ისეთი დიდი ენობრივი მოდელების (LLMs) გავლენას, როგორიც, მაგალითად, GPT-ია, რომელზედაც ჩატბოტი ChatGPT-ი მუშაობს. შედეგები მოიცავს როგორც სამსახურებს, სადაც ადამიანებს მათივე სამუშაოს ოპტიმიზაციისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეუძლიათ, ასევე იმ პოზიციებს, რომელთა სრულად ავტომატიზების შესაძლებლობა საკმაოდ მაღალია.

OpenAI-ის კვლევით, ამერიკელი მუშახელის 80% ისეთი პროფესიისაა, რომ მათი ვალდებულებების მინიმუმ 10% შესაძლებელია AI-ის გამოყენებით შესრულდეს. სამუშაო ძალის მეხუთედი კი ფლობს პროფესიას, რომლის მოვალეობების ნახევარს ხელოვნური ინტელექტი მარტივად ჩაანაცვლებს. შედეგად, მიღებული მონაცემებით, Visual Capitalist-მა იმ სამსახურების ჩამონათვალი შეადგინა, სადაც AI-ს შეუძლია სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულების დრო მინიმუმ 50%-ით შეამციროს.

ზოგადად კი დადგინდა, რომ სამუშაოები, რომლებიც განმეორებითი დავალებების შესრულებას, მონაცემთა ანალიზის გარკვეულ დონეს და რუტინული გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს, ბევრად უფრო მოწყვლადია ხელოვნური ინტელექტის მიმართ. გასაკვირი არც ისაა, რომ შედარებით პრაქტიკული სამუშაოები, როგორიცაა მრეწველობა, სამთო და სოფლის მეურნეობა, ასევე პერსონალური მომსახურების ინდუსტრია უფრო დაცულია AI-ის გავლენისგან, თუმცა მოვალეობების ნაწილს ხელოვნური ინტელექტი ამ შემთხვევაშიც ფარავს.

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხელფასთან და განათლებასთან მიმართებაშიც გამოიკვლია. როგორც აღმოჩნდა, მაღალშემოსავლიანი სამსახურები უფრო დაუცველები არიან ხელოვნური ინტელექტისგან, თუმცა დაბალანაზღაურებადი სამსახურების ნაწილზეც AI-ის გავლენა საკმაოდ მაღალი იქნება. მაღალანაზღაურებად პროფესიებთან ერთად კი, კვლევით დადგინდა, რომ AI-ის ზემოქმედებისგან უფრო მეტად დაუცველნი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები იქნებიან.

Visual capitalist-ის მიხედვით, სამუშაო პოზიციები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გავლენის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშაა:

  1. ბუღალტრები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  2. ადმინისტრატორები და იურიდიული ასისტენტები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  3. კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის ანალიტიკოსები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  4. რეპორტიორები და ჟურნალისტები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  5. მათემატიკოსები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  6. საგადასახადო დოკუმენტების მწარმოებლები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  7. ფინანსური ანალიტიკოსები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  8. მწერლები და ავტორები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  9. ვებ-დიზაინერები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  10. ბლოკჩეინის ინჟინრები – AI-ის ზეგავლენა: 97.1%