Eli Lilly-ის პრეპარატი ალცჰაიმერის პროგრესირებას სამჯერ ანელებს

Eli Lilly-ის პრეპარატი ალცჰაიმერის პროგრესირებას სამჯერ ანელებს

უკანასკნელი კვლევის შედეგების თანახმად, ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly & Co-ს ექსპერიმენტულმა პრეპარატმა ალცჰაიმერის დაავადების პროგრესის 35%-ით შენელება შეძლო, რაც შესაძლოა აშშ-ის მიერ მედიკამენტის დამტკიცების წინაპირობა გახდეს. მწარმოებელი მედიკამენტისთვის ავტორიზაციის მინიჭების მიზნით მარეგულირებელს მიმდინარე კვარტალშივე მიმართავს.

Lilly-ის ინფორმაციით, წელიწადნახევრიანი გამოცდის პერიოდში, პრეპარატმა „დონანემაბმა“, ალცჰაიმერის ადრეული სტადიის მქონე 1,182 პაციენტში, დაავადების პროგრესირება სამჯერ შეამცირა. ცდისპირთა 24%-ს, რომლებმაც პრეპარატი მიიღეს, აღენიშნათ თავის ტვინის შეშუპება, 31.4%-ს კი თავის ტვინში სისხლდენა, თანამდევი ეფექტები, რომლებიც მსგავსი სახის პრეპარატების გამოყენებისას აქამდეც გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც ბოლო ეტაპის ცდაში დაავადების პროგრესირება შენელდა მედიკამენტის მიღების შემდეგ, რომელიც თავის ტვინში ცილის – ამილოიდის შემცირებას უზრუნველყოფს. მიღებული შედეგები აძლიერებს საკამათო თეორიას, რომ დაავადებაში მთავარ როლს სწორედ პათოლოგიური ცილა თამაშობს. კვლევის წარმატება კი ნიშნავს, რომ პაციენტებს დაავადების პროგრესის შესანელებლად, Eisai Co-ს Leqembi-სთან ერთად, ალტერნატიული თერაპიაც ექნებათ.

ცნობისთვის, Eisai-სა და Biogen-ის პარტნიორობით შექმნილმა პროდუქტმა, Leqembi-მ, აშშ-ის მარეგულირებლის მიერ დაჩქარებული ავტორიზაცია იანვარში მიიღო.