რომელი ეკონომიკები შეიძლება დაზარალდნენ ყველაზე მეტად ირანის ომისგან?

რომელი ეკონომიკები შეიძლება დაზარალდნენ ყველაზე მეტად ირანის ომისგან?

ფოტო: Getty Images

ირანის ომის გაჭიანურება ენერგომომარაგების კრიზისის გაღრმავების რისკს ქმნის, რომელიც ადრე თუ გვიან გლობალური ეკონომიკაზე დიდი დარტყმას გამოიწვევს. უკვე ცხადად ჩანს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამ ზემოქმედების მიმართ უფრო მეტად არის დაუცველი ან ნაკლებად შესწევს მისი გამკლავების უნარი. მედიასააგენტო Reuters-მა ამ ეკონომიკების ჩამონათვალი და მათზე, გახანგრძლივების შემთხვევაში, ომის პოტენიცური გავლენა შემოგვთავაზა.

G7-ის დიდი ეკონომიკები

Reuters-ი პირველ რიგში ევროპულ ქვეყნებს მიმოიხილავს. მისი დაკვირვებით, ახალი ენერგეტიკული შოკი ევროპას ოთხი წლის წინანდელ მტკივნეულ მდგომარეობას ახსენებს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრა. ამან რეგიონის იმპორტზე დამოკიდებულების პრობლემა გამოკვეთა და ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებლამდე აიყვანა.

გერმანია – მის ინდუსტრიულ ეკონომიკას ყველაზე მეტი აქვს დასაკარგი გაძვირებული ენერგიისგან. წარმოების სექტორში ვარდნა მხოლოდ ახლახან, 2022 წლის შემდეგ პირველად, შეჩერდა. როგორც ექსპორტიორი ქვეყანა, გერმანია ნებისმიერი გლობალური რეცესიის მიმართ დაუცველია. გერმანიის მიერ გასულ წელს გამოცხადებული მასშტაბური სტიმულირების პროგრამა მის ეკონომიკას დარტყმის შერბილებაში დაეხმარება, თუმცა დამატებითი მხარდაჭერის რესურსი მომდევნო წლების ბიუჯეტის დეფიციტის გამო შეზღუდულია.

იტალია – ასევე ფლობს წარმოების დიდ სექტორს. გარდა ამისა, ნავთობისა და გაზის წილი მის პირველად ენერგომოხმარებაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში. შესაბამისად, ენერგიაზე ფასების კიდევ უფრო გაძვირება ქვეყნის ეკონომიკას კარგს არაფერს უქადის.

დიდი ბრიტანეთი – მისი ელექტროენერგიის წარმოება უფრო მეტადაა დამოკიდებული გაზზე მომუშავე სადგურებზე, ვიდრე ევროპის სხვა ძირითადი ეკონომიკების. ბუნებრივი აირის ფასები თითქმის ყოველთვის განსაზღვრავს ელექტროენერგიის ფასს ქვეყანაში და ისინი ომის დაწყებიდან უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ნავთობის ფასი. ენერგიის ფასების ზედა ზღვარი საწყის ინფლაციურ დარტყმას შეამცირებს, თუმცა არსებობს რისკი, რომ ამან საპროცენტო განაკვეთების ზრდა გამოიწვიოს. ბრიტანეთი შესაძლოა G7-ში ყველაზე მაღალი სასესხო ხარჯების წინაშე აღმოჩნდეს, თანაც მზარდი უმუშევრობის ფონზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული დაძაბულობა და ობლიგაციების ბაზრის ზეწოლა ბიზნესებისა და შინამეურნეობების დახმარების შესაძლებლობებს ზღუდავს.

იაპონია – ასევე პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, რადგან ნავთობის დაახლოებით 95%-ს ახლო აღმოსავლეთიდან იღებს, აქედან თითქმის 90% ჰორმუზის სრუტეზე გადის. ეს ემატება ინფლაციურ ზეწოლას, რომელიც სუსტი იენით არის გამოწვეული, რაც საკვებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების ფასებზე აისახება. იაპონია იმპორტირებულ ნედლეულზე ძლიერადაა დამოკიდებული.

განვითარებადი ეკონომიკების მთავარი წარმომადგენლები

აღსანიშნავია, რომ ირანის ომის გამო სპარსეთის ყურის რეგიონი პირდაპირ ეკონომიკურ დარტყმას თავადვე განიცდის. ზოგიერთი პროგნოზით, წელს ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა შემცირდება, რაც მყარი ზრდის შესახებ ომამდელ მოლოდინებს ეწინააღმდეგება. ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდა მათთვის ვერაფერი შეღავათია, თუ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ქვეყნები – განსაკუთრებით ქუვეითი, კატარი და ბაჰრეინი – საერთაშორისო ბაზრებზე თავიანთი ნახშირწყალბადების გატანას ვერ შეძლებენ.

მედიასააგენტოს განცხადებით, კონფლიქტმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ფულად გზავნილებზე, რომლებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების მუშები ყოველწლიურად სახლში გზავნიან, რასაც ადგილობრივი ეკონომიკისთვის ათეულობით მილიარდი დოლარი მოაქვს.

ინდოეთი – კიდევ ერთი დაუცველი დიდი ეკონომიკა. ის ნედლი ნავთობის დაახლოებით 90%-ს და თხევადი ბუნებრივი აირის (LPG) თითქმის ნახევარს იმპორტის გზით იღებს. ამ ნავთობის დაახლოებით ნახევარი და LPG-ის კიდევ უფრო დიდი ნაწილი ჰორმუზის სრუტეზე გადის. ეკონომისტები უკვე ამცირებენ ქვეყნის ზრდის პროგნოზებს, ხოლო რუპია რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა.

თურქეთი – ირანთან საერთო საზღვრის გამო, ის ლტოლვილთა პოტენციური ნაკადისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობისთვის ემზადება. მთავარი ეკონომიკური დარტყმა ცენტრალურმა ბანკმა მიიღო, რომელიც კვლავ ინფლაციურ კრიზისს ებრძვის. ბანკი იძულებული გახდა, წელიწადში მეორედ საპროცენტო განაკვეთების შემცირების ციკლი შეეწყვიტა და ეროვნული ვალუტის გასამაგრებლად 23 მილიარდ დოლარამდე ძვირფასი რეზერვები გაეყიდა.

მოწყვლადი ქვეყნები

Reuters-ი ასახელებს იმ ქვეყნების მცირე ჯგუფსაც, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველად გამოიყურებიან, რადგან მათ ეკონომიკური კრიზისი ახლახან გადაიტანეს:

შრი-ლანკამ სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებისთვის ენერგიის ხარჯების დასაზოგად ყოველი ოთხშაბათი უქმე დღედ გამოაცხადა. იხურება სკოლები, უნივერსიტეტები და საჯარო დაწესებულებები; შეჩერებულია არასაჭირო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო მძღოლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საწვავის საშვზე (National Fuel Pass), რომელიც საწვავის შესყიდვას ზღუდავს.

პაკისტანი ორი წლის წინ კრიზისის ზღვარზე იყო. ახლა იქ ბენზინის ფასები მკვეთრად გაზარდა. დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები. სამთავრობო დეპარტამენტებს კი საწვავის ლიმიტი გაუნახევრდათ, გარდა ამისა, აეკრძალათ ახალი კონდიციონერებისა და ავეჯის ყიდვა და ავტომანქანების ნაწილის გაჩერება დაევალათ.

ეგვიპტე, საწვავისა და ძირითადი საკვები პროდუქტების გაძვირების გარდა, სუეცის არხიდან და ტურიზმიდან შემოსავლების მკვეთრი შემცირების წინაშე დგას (გასულ წელს ტურიზმმა ეკონომიკაში თითქმის 20 მილიარდი დოლარი შეიტანა). ვალების გადახდა, რომელთა უმეტესობა აშშ დოლარშია, კიდევ უფრო გართულდა. ეს კი ომის დაწყების შემდეგ ეროვნული ვალუტის თითქმის 9%-იანი გაუფასურების მიზეზით ხდება.