რომელი ქვეყნები აწარმოებენ ნახევარგამტარებს ყველაზე დიდი რაოდენობით?

რომელი ქვეყნები აწარმოებენ ნახევარგამტარებს ყველაზე დიდი რაოდენობით?

ნახევარგამტარები ყველა ელექტრონული მოწყობილობის უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს. შესაბამისად, მისი წარმოება, ლიცენზირება, შესყიდვა და ჩიპების საწარმოებლად საჭირო რესურსების მოპოვება ყველა სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ხშირად პოლიტიკური მანიპულაციების საგანიც ხდება. საავტომობილო, კომპიუტერული, კვანტური თუ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიებისთვის ნახევარგამტარები, იგივე მიკროჩიპები კრიტიკულად მნიშვნელოვანი დეტალია. სწორედ ამიტომ, ნახევარგამტარების ადგილობრივად წარმოება თითქმის ყველა ძლიერი სახელმწიფოს ინტერესშია.

დღეს ნახევარგამტარებს ისეთი კომპანიები აწარმოებენ, როგორიცაა: Intel-ი, Samsung-ი, IBM-ი, Nvidia, AMD-ი, TSMC-ი და სხვა. მათი საწარმოები კი მთელ მსოფლიოშია განაწილებული.

ნახევარგამტარების ლობისტური ორგანიზაციის, SEMI-ის მონაცემებით, დღეს ნახევარგამტარების გლობალური წარმოების მოცულობის 70% სამხრეთ კორეაზე, ტაივანსა და ჩინეთზე მოდის. უფრო კონკრეტულად, სამხრეთ კორეაში ნახევარგამტარების 25% მზადდება, ჩინეთი და ტაივანი კი 22-22%-ს აწარმოებენ. ნახევარგამტარების მეოთხე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იაპონიაა, რომელზეც გლობალური წარმოების 13% მოდის. ამერიკის კონტინენტები 8%-იანი გლობალური წილით მეხუთე პოზიციას იკავებს.

თუმცა რამდენიმე ათწლეულის წინ სრულიად სხვაგვარი სურათი იყო. 1990-იანი წლებისთვის ნახევარგამტარების გლობალური წარმოების 37% მხოლოდ შეერთებულ შტატებზე, 44% კი ევროპაზე მოდიოდა. ამ პერიოდისთვის მიკროჩიპების მესამე ყველაზე მსხვილ მწარმოებელს 19%-ით იაპონია წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი 1980-იან წლებში ნახევარგამტარების ყველაზე დიდი შემსყიდველიც გახლდათ. 1988 წლისთვის ნახევარგამტარების გლობალური გაყიდვების 51% სწორედ იაპონიაზე მოდიოდა.

უკანასკნელ პერიოდში ნახევარგამტარების დეფიციტის გამო კონკრეტული სახელმწიფოების ტექნოლოგიური წინსვლა მნიშვნელოვნად შეფერხდა. მიკროჩიპების დეფიციტის პოტენციურმა ზიანმა აშშ-ს საკუთარი პოლიტიკის გადახედვის საჭიროება დაანახა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2022 წლის აგვისტოში „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ წარადგინა, რომელიც მიკროჩიპების ადგილობრივად წარმოების ინდუსტრიის განსავითარებლად $280 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებდა.