კიბერინციდენტების ევროპული საცავის (EuRepoC) მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2000-დან 2023 წლამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2,506 პოლიტიკურად მოტივირებული კიბერშეტევა აღირიცხა. აღნიშნული მოცულობის პოლიტიკურად მოტივირებულ კიბერშეტევებზე პასუხისმგებლობა კი 679 აქტორსა თუ დაჯგუფებას ეკისრება.
მოცემული კიბერთავდასხმები გულისხმობს პოლიტიზებულ და არაპოლიტიზებულ თავდასხმებს, რომლებიც მიმართულია პოლიტიკურ სამიზნეებზე. გარდა ამისა, აერთიანებს თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. კიბერთავდასხმის აქტორებად კი მიიჩნევა როგორც სახელმწიფოები და მასთან აფილირებული კიბერდაჯგუფებები, ისე პოლიტიკური მოტივაციების მქონე არასახელმწიფო აქტორები.
მონაცემების თანახმად, მიმდინარე საუკუნეში პოლიტიკურად მოტივირებული კიბერთავდასხმების თითქმის 12% აფილირებულია ჩინეთთან ან მასთან დაკავშირებულ დაჯგუფებასთან. თავდასხმების 11.6%-ზე პასუხისმგებელი კი რუსეთია. 2000-2023 წლებში მომხდარი პოლიტიკურად მოტივირებული კიბერთავდასხმების 5.3%-ის უკან ირანი, 4.7%-ის უკან კი ჩრდილოეთი კორეა დგას.
საინტერესოა, რომ 21-ე საუკუნეში განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული კიბერთავდასხმების 2.6%-ზე პასუხისმგებელი – უკრაინა, 2.3%-ზე კი – შეერთებული შტატებია.
მოგეხსენებათ, კიბერთაღლითები თუ სახელმწიფოები კიბერთავდასხმებს მათი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისების – ატრიბუციის, ანუ მიკუთვნებულობის სირთულის გამო იყენებენ. სწორედ ამიტომ 21-ე საუკუნეში მომხდარი პოლიტიკურად მოტივირებული 2,506 კიბერთავდასხმიდან 44.8%-ის აფილირება ვერც ერთ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორთან ვერ მოხერხდა. მომხდარი კიბერთავდასხმების თითქმის ნახევარზე პასუხისმგებლობა არც ერთ სუბიექტს არ დაეკისრა.
პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დასჯის საკითხი დღემდე უმთავრეს გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ზემოთ აღწერილი მონაცემების მიხედვით, კიბერთავდასხმების უმეტესობის უკან რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა დგანან, საერთაშორისო კანონმდებლობა ამ ქვეყნების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.