რომელია ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად ყველაზე კარგი და ცუდი ქალაქები?

რომელია ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად ყველაზე კარგი და ცუდი ქალაქები?

საკონსულტაციო ფირმა Mercer-მა ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქალაქები გამოავლინა. სასურველი ქალაქების სიის სათავეში, რომელიც ბოლოს 2019 წელს პანდემიის დაწყებამდე გამოქვეყნდა, კვლავ ავსტრიის დედაქალაქი ვენა გვხვდება. კვლევა ყურადღებას ქალაქის სიცოცხლით სავსე კულტურულ მხარეზე, არქიტექტურასა და ისტორიაზე ამახვილებს.

შვეიცარიის დედაქალაქი ციურიხი, რომელიც 2023 წლის რეიტინგის მეორე ადგილზე მოხვდა, პოლიტიკური სტაბილურობითა და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. პლანეტის მეორე მხარეს მყოფი ოკლენდი კი, რომელიც ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქალაქების სამეულს ასრულებს, ლიდერებს შორის მაღალი სტანდარტის მქონე ჯანდაცვისა და კულტურული დინამიკის დამსახურებით ხვდება.

საუკეთესო ქალაქების ტოპ-ათეულში ერთპიროვნული დომინანტი ევროპის რეგიონია – ჯამში შვიდი წარმომადგენლით. ხუთეულის დარჩენილ ადგილებს დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი და შვეიცარიის ქალაქი ჟენევა იკავებს. ჩრდილოეთ ამერიკიდან კი ერთადერთი ქალაქი, რომელმაც მიმდინარე წლის ათეულში მოხვედრა შეძლო, კანადის ვანკუვერია. ქალაქი გამორჩეულია გარე რეკრეაციული ზონებითა და კოსმოპოლიტური ცხოვრების სტილით. აზიის რეგიონიდან, 2023 წლის რეიტინგში, ყველაზე მაღალ, 29-ე პოზიციაზე – რომელსაც ავსტრალიის ადელაიდასთან იყოფს – ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურია წარმოდგენილი.

„არსებულ გლობალურ ლანდშაფტზე დიდ გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური არეულობები, ისევე როგორც ბუნებრივი კატასტროფები და სხვადასხვა სახის ეკონომიკური გამოწვევები. ეს ყველაფერი კი მოქმედებს ქალაქების უნარზე – მოიზიდონ და შეინარჩუნონ ტალანტები. დასაქმებულები, საცხოვრებლად და სამუშაოდ, პრიორიტეტს იმ ადგილებს ანიჭებენ, რომელთაც მათთვის და მათი ოჯახებისთვის ცხოვრების მაღალი ხარისხის შეთავაზება შეუძლიათ“, – აცხადებს Mercer-ის მობილობის საკითხების გლობალური ხელმძღვანელი ივონ ტრაბერი.

Mercer-ის „ცხოვრების ხარისხის რეიტინგი“ მსოფლიოს ქალაქებს რამდენიმე ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით აფასებს, ესენია: პოლიტიკური სტაბილურობა, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოციალურ-კულტურული გარემო. საერთო ჯამში, კომპანიის ანგარიშში ხუთი კონტინენტიდან 241 ქალაქია წარმოდგენილი.

გასაკვირი არაა, რომ რეიტინგის ბოლოს, ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ ყველაზე ცუდ ქალაქებს შორის უმეტესობა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდანაა.

ანგარიშის სხვა ძირითადი მიგნებები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ნიუ-იორკმა მიმდინარე წლის რეიტინგში 40-ე ადგილი დაიკავა, სამი პოზიციით ჩამორჩება სან-ფრანცისკოს (37).
  • რეიტინგის 45-ე პოზიციაზეა გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი ლონდონი, შოტლანდიის ქალაქი აბერნითი – 49-ე, ხოლო დედაქალაქი ედინბურგი 51-ე ადგილს იკავებს.
  • დუბაი ლიდერია ახლო აღმოსავლეთის ქალაქებს შორის – 79-ე პოზიციით. მავრიტანიის დედაქალაქი პორტ-ლუისი კი აფრიკის ქალაქებს შორისაა ლიდერი – რეიტინგის 88-ე ადგილით.
  • სიდნეი რეიტინგის მე-9 ადგილზეა, ხოლო მელბურნი და პერტი, შესაბამისად, 21-ე და 22-ე პოზიციებს ინარჩუნებენ.
  • რეიტინგის ბოლო, 241-ე ადგილს სუდანის დედაქალაქი ხარტუმი იკავებს.

საუკეთესო ქალაქები ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ (2023 წ):

  1. ვენა, ავსტრია
  2. ციურიხი, შვეიცარია
  3. ოკლენდი, ახალი ზელანდია
  4. კოპენჰაგენი, დანია
  5. ჟენევა, შვეიცარია
  6. ფრანკფურტი, გერმანია
  7. მიუნხენი, გერმანია
  8. ვანკუვერი, კანადა
  9. სიდნეი, ავსტრალია
  10. დიუსელდორფი, გერმანია

ყველაზე ცუდი ქალაქები ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ (2023 წ):

  1. ხარტუმი, სუდანი
  2. ბაღდადი, ერაყი
  3. ბანგუი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
  4. სანა, იემენი
  5. პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი
  6. ენ’ჯამენა, ჩადი
  7. დამასკო, სირია
  8. უაგადუგუ, ბურკინა-ფასო
  9. ტრიპოლი, ლიბია
  10. ბრაზავილი, კონგოს რესპუბლიკა