Pew: მოზარდებში Snapchat-ი წელს Instagram-ზე პოპულარული იყო

Pew: მოზარდებში Snapchat-ი წელს Instagram-ზე პოპულარული იყო

მოზარდებში სოციალური ქსელების გამოყენების მაჩვენებელი ისეთი მაღალია, როგორიც არასდროს. ტინეიჯერების თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ ისინი ონლაინრეჟიმში „თითქმის მუდმივად“ არიან, მათი უმეტესობა კი უპირატესობას YouTube-ს, TikTok-ს, Snapchat-სა და Instagram-ს ანიჭებს.

თუმცა, როგორც კვლევითი ფირმა Pew Research Center-ის უახლესი ანგარიშიდან გახდა ცნობილი, 2023 წელს მოზარდებში Instagram-ზე მეტად პოპულარული Snapchat-ი იყო. ამ უკანასკნელს წელს გამოკითხულ მოზარდთა 60% იყენებდა, Instagram-ის შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებელი 59%-ს უტოლდებოდა. შედარებისთვის, გასულ წელს მოზარდთა 62% იყენებდა Instagram-ს, ხოლო Snapchat-ს – 59%, 2014-2015 წლებში კი შედეგები შემდეგნაირი იყო: Snapchat – 41%, Instagram – 52%.

სოციალური მედიის გამოყენება მცირედით განსხვავებულია მომხმარებელთა სქესის მიხედვითაც. მაგალითად, Pew-ის მონაცემებით, მოზარდი გოგონები უფრო ხშირად იყენებენ TikTok-სა და Snapchat-ს, ვიდრე ბიჭები, თუმცა YouTube-ის, Instagram-ისა და Facebook-ის შემთხვევაში მონაცემები თითქმის თანაბარია.

Pew Research-ის უახლესი ანგარიში სექტემბერსა და ოქტომბერში 1,500 მოზარდის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება. ცდომილების ზღვარი 3.2%-ია. Pew-ის კვლევით, 13-დან 17 წლამდე ასაკის იმ მოზარდთა რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ „თითქმის მუდმივად“ არიან ონლაინრეჟიმში, დაახლოებით იგივეა, რაც გასულ წელს და 46%-ს უტოლდება, თუმცა გაორმაგებულია 2014 წლის მონაცემებისგან განსხვავებით.

საერთო ჯამში, YouTube-მა ზედიზედ უკვე მეორე წელს შეძლო TikTok-ის დამარცხება და მოზარდებში ყველაზე ხშირად გამოყენებულ პლატფორმად დასახელდა. Pew-ის 1,500 გამოკითხულიდან YouTube-ს 93% იყენებდა, TikTok-ს კი მხოლოდ 63%. მათ მოჰყვებათ Snapchat-ი, Instagram-ი და Facebook-ი, შესაბამისად, 60%-ით, 59%-ითა და 33%-ით.