რომელმა ბრენდებმა მოამარაგეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნაკრებები ფორმებით?

რომელმა ბრენდებმა მოამარაგეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნაკრებები ფორმებით?

ფოტო: Getty Images

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე 48 ეროვნული ნაკრებიდან უმრავლესობამ ტურნირზე მხოლოდ სამი სპორტული ბრენდის – Adidas-ის, Nike-ისა და Puma-ს ფორმებით ითამაშა. Tonton Sports-ის მონაცემების მიხედვით, სწორედ ამ სამმა კომპანიამ მოამარაგა 37 ნაკრები, ხოლო დარჩენილმა 11-მა ნაკრებმა 10 სხვადასხვა მწარმოებლის ფორმა მოირგო.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი, ფინალური შეხვედრაა დარჩენილი, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ორივე მათგანი Adidas-ის მიერ შეკერილი ფორმით იასპარეზებს.

საფეხბურთო ფორმები ყველაზე მეტ ნაკრებს წელს სწორედ Adidas-მა მიაწოდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 14 გუნდი მოამარაგა. მას Nike-ი მოსდევს 12 ნაკრებით, ხოლო მესამე ადგილზე Puma-ა 11 ნაკრებით.

ბრენდინაკრებების რაოდენობაქვეყნები
Adidas14ალჟირი, არგენტინა, ბელგია, კოლუმბია, კიურასაო, გერმანია, იაპონია, მექსიკა, კატარი, საუდის არაბეთი, შოტლანდია, სამხრეთი აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი
Nike12ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ხორვატია, ინგლისი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, სამხრეთი კორეა, თურქეთი, აშშ, ურუგვაი
Puma11ავსტრია, ჩეხეთი, ეგვიპტე, განა, კოტ-დ’ივუარი, მაროკო, ახალი ზელანდია, პარაგვაი, პორტუგალია, სენეგალი, შვეიცარია
Kelme2ბოსნია და ჰერცეგოვინა, იორდანია
Capelli1კაბო-ვერდე
Umbro1კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Marathon1ეკვადორი
Saeta1ჰაიტი
Majid1ირანი
Jako1ერაყი
Reebok1პანამა
Kappa1ტუნისი
7Saber1უზბეკეთი

მსხვილი გლობალური კომპანიების პარალელურად, მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე მცირე ზომის მწარმოებელიც იყო წარმოდგენილი. მაგალითად, ესპანური Kelme ერთადერთი მცირე ზომის ბრენდია, რომელმაც წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ფორმებით ერთზე მეტი ნაკრები მოამარაგა: ბოსნია და ჰერცეგოვინა და იორდანია.

დანარჩენი კომპანიები თითო ეროვნულ გუნდთან თანამშრომლობდნენ. მათ შორის არიან Marathon-ი (ეკვადორი), Majid-ი (ირანი), Saeta (ჰაიტი), Jako (ერაყი), Reebok-ი (პანამა), Umbro (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), Kappa (ტუნისი), Capelli (კაბო-ვერდე) და 7Saber-ი (უზბეკეთი).

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება გერმანიის საფეხბურთო ნაკრების გადაწყვეტილება იყო, რომელმაც მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ Adidas-თან თანამშრომლობა შეწყვიტა და კონტრაქტი მის მთავარ კონკურენტ Nike-თან გააფორმა.