როცა ბალანსი დაცულია

როცა ბალანსი დაცულია

სამომავლო გეგმები და გამოწვევები Forbes Georgia-სთან ინტერვიუში სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ შეაფასა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პირველი ზამთარია, როცა საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიის ახალ ტარიფთან შეგუება არ მოუწევს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ტარიფი 2018-2020 წლების პერიოდისთვის აქვს დადგენილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სემეკს ელექტროენერგეტიკის სექტორში საქმე შეუმცირდა. კომისიას შეგვიძლია მივმართოთ, თუ ვფიქრობთ, რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი აირის ან წყალმომარაგების სექტორებში კომუნალური გადასახადი კომპანიამ უსაფუძვლოდ დაგვარიცხა, მომსახურება გაუფრთხილებლად შეგვიზღუდა, ან მიკრო-, მაქსიმუმ 100 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის, თუნდაც სახლის ეზოში თუ სახურავზე დამონტაჟება გვსურს, რასაც კომისიის პროექტი, ნეტო-აღრიცხვა ითვალისწინებს. ეს ჩამონათვალი მზარდია, რაც სემეკმა 2018 წელსაც დაადასტურა. ყველა სიახლე, რაც განვლილ წელს კომისიამ მომხმარებელს შესთავაზა და ასევე სამომავლო გეგმები და გამოწვევები Forbes Georgia-სთან ინტერვიუში სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ შეაფასა.

საუბარი ბოლო სიახლეებით დავიწყოთ. აბონენტად რეგისტრაცია უკვე იუსტიციის სახლში შეგვიძლია. კონკრეტულად რა სერვისის მიღება შეუძლიათ ამ ეტაპზე მომხმარებლებს და რა არის თანამშრომლობის მომდევნო საფეხური კომისიასა და იუსტიციის სახლს შორის?

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა კურსი აქვს აღებული მარეგულირებელ კომისიას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურებების გაუმჯობესების კუთხით. სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში მოქალაქეებს შეუძლიათ, უძრავი ქონების დარეგისტრირებისთანავე მოითხოვონ კომპანიებში აბონენტად რეგისტრაციის ცვლილება. ანუ, როდესაც მოქალაქე ბინას იყიდის, მას იმავდროულად შეუძლია, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ და სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებში აბონენტად დარეგისტრირდეს (თბილისის მაგალითზე – „თელასი“, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“) და ამასთან, ქვითარში აბონენტების რეკვიზიტებიც შეიცვლება. ასევე ბინის რეგისტრაციასთან ერთად კომუნალურ საწარმოებში აბონენტად რეგისტრაციისას, მოქალაქეს შეუძლია ნახოს, არის თუ არა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ან სასმელი წყლის დავალიანება და ადგილზევე მოსთხოვოს ძველ მესაკუთრეს მისი გადახდა.

კომისიამ ასევე „ელექტრონული ჟურნალი“ დანერგა. რას ემსახურება ეს პლატფორმა? აქვე, საინტერესოა მიმდინარე წლის განმავლობაში საჯარო სხდომაზე ჩამოწერილი თანხების მოცულობა.

ამ პროგრამას ანალოგი არ გააჩნია. მისი საშუალებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების შესრულების პროცესს რეალური დროის რეჟიმში ვუწევთ მონიტორინგს. ეს სტანდარტებია: გეგმური და არაგეგმური წყვეტები; ქოლ- ცენტრის მომსახურება; ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება; აბონენტად რეგისტრაცია; დავალიანების გადაუხდელობის გამო გამორთული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენა; მომხმარებლის წერილობით მოთხოვნაზე კომპანიის მიერ პასუხის გაცემა ან/ და რეაგირება; აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმება; მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმება. მათი დარღვევის შემთხვევაში კომპანიას აბონენტისთვის კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულება წარმოეშვება. სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, 2018 წლის განმავლობაში კომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის გაცემული კომპენსაციების ჯამური ოდენობა 1161 325 ლარს შეადგენს. მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში – 205 780 ლარი; ბუნებრივი აირის სექტორში – 101 975 ლარი, წყალმომარაგების კი – 853 570 ლარი. რაც შეეხება ჩამოწერილ თანხებს, მოგეხსენებათ, რომ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს განვიხილავთ. შედეგად, წელს კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში, ორ მილიონ ლარს გადააჭარბა.

სემეკს რებრენდინგის შემდეგ აქვს სლოგანი: „როცა ბალანსი დაცულია“. მიიღეს თუ არა მომხმარებლებმა ამ ფრაზაში ასახული თქვენი სათქმელი? თუ გაზომეთ უკვე რებრენდინგის შედეგები?

ვფიქრობ, რომ მომხმარებლამდე ჩვენი სათქმელი მივიდა. მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა, ზოგადად, აკადემიურ ჩარჩოებს ვერ გასცდება, თუმცა ვცდილობთ, რომ კომუნიკაციის სტილი მაქსიმალურად მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული იყოს. რებრენდინგის პროცესი სემეკის საქმიანობაში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რადგანაც კომისიის მიზანი საზოგადოებისთვის ახალი, თანამედროვე და მოქალაქეებზე მორგებული ურთიერთობების შეთავაზებაა. სლოგანი – „როცა ბალანსი დაცულია“ ზუსტად ასახავს მარეგულირებელი ინსტიტუტის როლს – ერთი მხრივ, გაითვალისწინოს კომპანიის ინტერესები და, მეორე მხრივ, დაიცვას მომხმარებლების უფლებები. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მარეგულირებლის საქმიანობით კმაყოფილი რომელიმე მხარე იმის ნიშანია, რომ ის არასწორად მუშაობს და ზედმეტად გადახრილია რეგულირების სფეროში მყოფი რომელიმე სუბიექტისკენ. კომისიის იდეალური საქმიანობის განმაპირობებელი სწორედ ბალანსის დაცვაა.

სემეკის პროექტების ჩამონათვალი „მისტიური მომხმარებლის“ ინსტიტუტის შედეგებით შევაჯამოთ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებითაც სემეკი ინოვატორია. „მისტიური მომხმარებლის“ პროექტი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დღემდე არც ერთი სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ არ განხორციელებულა. „მისტიური მომხმარებლის“ კვლევა საკმაოდ შედეგიანია, რადგან ამ პროექტმა კომპანიებს უპირობოდ გამოსასწორებელი ხარვეზები დაანახა. მიმდინარე წელს პროექტის განხორციელება რეგიონებში დავიწყეთ. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, 11 კომპანიაში მოწმდება, რამდენად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს კომპანიების მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხი.

2018 წელი ასევე გამორჩეული იყო ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე ძირეული ცვლილებების დაწყების კუთხით. მიმდინარე წლის მაისში რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა რეგულირების არეალი უკვე დატოვა და ისინი თავისუფალ ბაზარზე გავიდნენ. ეს პროცესი ალბათ 2019 წელსაც გაგრძელდება. თქვენი დაკვირვებით, მზად არიან სხვა დიდი მომხმარებლები, დისტრიბუტორების გარეშე მისაღებ ფასად შეიძინონ ელექტროენერგია? თქვენ ხომ არ გეგმავთ მათთვის ხელშეწყობის მექანიზმების დანერგვას?

მიმდინარე წლის პირველ მაისს, როცა შესაბამისი ცვლილება ძალაში უნდა შესულიყო, ვიცოდით, რომ დაახლოებით 10-11 მსხვილი მომხმარებელი გავიდოდა თავისუფალ ბაზარზე. უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის მონაწილეები საბითუმო ბაზრის პრინციპებს 2006 წლიდან იცნობენ. ეს ეხება, მაგალითად, აზოტის ქარხანას, „საქართველოს რკინიგზას“, ცემენტის მწარმოებლებს, მეტალურგიულ კომბინატებს და ა.შ. ბაზრის ახალი პრინციპების შესაბამისად, შეიცვლება ბაზრის მონაწილეების ქცევა. მაგალითად, საქართველოში იაფი ენერგიის წარმოებისათვის ყველაზე კარგი პერიოდი ზაფხულია. დღეს არსებული რეალობით კი ზაფხულის პერიოდში იგეგმება სარემონტო სამუშაოები და, შესაბამისად, არ ხდება იაფი წყლის რესურსის ეფექტიანი ათვისება. თავისუფალ ბაზარზე გასული საწარმოების ქცევა შეიცვლება და ისინი საწარმოო პროცესის დაგეგმვისას აუცილებლად გაითვალისწინებენ ტარიფების სეზონურობას – მაქსიმიმალურად გაზრდიან დატვირთვას იაფი ენერგიის – ზაფხულის პერიოდში, სარემონტო სამუშაოებს კი, მაგალითად, დეკემბერ- იანვარში დაგეგმავენ, როდესაც გენერაციის ტარიფები მნიშვნელოვნად მაღალია. გარდა ამისა, ელექტროენერგიის მსხვილმა მომხმარებლებმა უნდა დაიწყონ ფიქრი ენერგოეფექტიანობის მიმართულებით, რადგან, ენერგოტევადი საწარმოების შემთხვევაში, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. არ გამოვრიცხავ, რომ მათ თვითონ დაიწყონ გენერაციის ობიექტების განვითარებაზე ფიქრი, განსაკუთრებით ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორიც ნეტო- აღრიცხვაა. ჩვენ გვინდა, ვუპასუხოთ ამ მოცემულობას და უკვე არსებული რეგულაციის გაფართოებით, შესაძლებლობა მივცეთ მსხვილ მომხმარებლებსაც, რომ ნეტო- აღრიცხვის პროცესში ჩაერთონ. როგორც იცით, დღეს 100 კვტ–მდე სიმძლავრის სადგურებით გვაქვს განსაზღვრული ნეტო- აღრიცხვის პროექტი და შესაძლოა, ზღვარი გაიზარდოს.

რა არის შემდეგი ეტაპი? – მოსახლეობის მხრიდან როდის და რა წინაპირობების საფუძველზე ელოდებით მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას? აქვე განვმარტოთ, რას სთავაზობს რიგით, საყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი.

რიგითი მომხმარებელი ყველაზე რთულად რეაგირებს ასეთი ტიპის ცვლილებაზე. აუცილებელია, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ინტეგრაცია ამ სისტემაში სწორად მოხდეს და ისინი ინფორმირებულნი იყვნენ, რისთვისაც გარკვეული დროა საჭირო. არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ გაიარა ეს ეტაპი, მათაც შეიმუშავეს მცირე ბიზნესისა და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ე.წ. საჯარო მიმწოდებლის ინსტიტუტი, რომელიც გარანტირებულ ფასად აწვდის ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს ამ კატეგორიის მომხმარებელს, თუმცა ეს მოდელი არ ზღუდავს ამგვარი მომხმარებლის შესაძლებლობას, თავად აირჩიოს სხვა დამოუკიდებელი მიმწოდებელი.

ბაზრის ლიბერალიზაციასთან ერთად ალბათ ელექტროენერგიის საფეხურებრივი ტარიფებიც გაუქმდება. როდის ელოდებით ამ ეტაპს?

საფეხურებრივი ტარიფები აუცილებლად უნდა გაუქმდეს. ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს ტარიფი გარკვეული პერიოდისთვის, ენერგოეფექტიანობისკენ გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი იყო, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში ეს მოდელი უკვე აღარ მუშაობს, ამიტომ ის სხვა მეთოდებით უნდა ჩავანაცვლოთ. ახლა ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ 100 კვტ/სთ–მდე ელექტროენერგიას ვინც მოიხმარს, ნაკლებს იხდის, 300 კვტ/სთ–ს ზემოთ – უფრო მეტს. ერთი შეხედვით, გამოდის, რომ ერთი მეორეს ასუბსიდირებს, ამიტომ ამ სისტემის მოშლა აუცილებელი იქნება და დიდი იმედი მაქვს, რეგულირების მომდევნო პერიოდისთვის ამ სისტემაზე უარს ვიტყვით.

ელექტროენერგეტიკის გარდა, ბაზრის ლიბერალიზაცია ბუნებრივი გაზის სექტორშიც იგეგმება, რაც „ენერგეტიკის შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს. ამ პროცესში სემეკიც ჩართულია. რა არის ამ სექტორში თქვენი როლი მოსახლეობასთან და კერძო სექტორთან მიმართებით?

ელექტროენერგეტიკულ სექტორს კონკურენციის ნიშნები აქვს, რადგან 80–ზე მეტი გენერაციის ობიექტია. ბუნებრივი აირის მიმართულებით სხვაგვარი მოცემულობაა, რადგან გაზს, პრაქტიკულად 100%–ით, აზერბაიჯანიდან ვიღებთ. ბუნებრივი აირის ბაზარზე ჩვენ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ფაქტობრივ მონოპოლისტს გარკვეული ვალდებულებები უნდა დაეკისროს, რათა ბუნებრივი აირის რეალიზაცია საბითუმო ბაზარზე უფრო გამჭვირვალედ უზრუნველყოს. გარდა ამისა, შეიძლება, გარკვეული შეზღუდვებიც დაუწესდეს, მათ შორის მოცულობებზე, რომ სავალდებულო წესით გაიტანოს გარკვეული მოცულობები და ღია ბაზარზე გაყიდოს.

საინტერესოა, როგორ მოხდება ენერგეტიკული უსაფრთხოების გათვალისწინებით რისკების დაბალანსება. იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი ბაზარი საქართველოში მიმწოდებლების არადისკრიმინაციულ დაშვებას გულისხმობს, სავარაუდოდ, რუსული გაზი ჩვენს ბალანსში ისევ დაბრუნდება. როგორ დაიცავს ქვეყანა მომხმარებელს, რომ ერთ დღეს, თუ რუსეთის ფედერაცია გაზის მიწოდებას 2006 წლის მსგავსად ისევ შეწყვეტს, მომხმარებელი არ დაზარალდეს?

ბუნებრივი აირის მიღების ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, იქნება ეს სვოპ- კონტრაქტები, თუ რეალური მომწოდებლები. თავისთავად ცხადია, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, რადგან იმ ცუდ გამოცდილებას, რაც ჩვენ ამ ტიპის მომწოდებელთან ურთიერთობაში გვქონდა, რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ. თუ გადაწყვეტილებებს ვცვლით, შესაბამისად, ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ მომხმარებელი საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

დაბოლოს, ენერგეტიკასთან ერთად, 2019 წელს წყალმომარაგების მიმართულებითაც იქნება სიახლეები, კერძოდ მათთვის, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვთ. იანვარში ეს სექტორი მათი ტარიფის დათვლის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსგავსი ობიექტების საქმიანობის დეტალური აღწერა არაა ჩატარებული, რას დააფუძნებთ თქვენს გადაწყვეტილებას? ვინ გეხმარებათ ამ პროცესში?

ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება იმის იდენტიფიცირება, თუ ვისზე გავრცელდება ჩვენი ახალი გადაწყვეტილება, ანუ – საოჯახო ტიპის სასტუმროების დეფინიციის ზუსტად განსაზღვრა. ეს საკითხი უკანასკნელ ერთ წელიწადშია ასე აქტუალური, რაც ტურიზმის განვითარებასთან ერთად მოვიდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წელს შექმნილმა ნორმატიულმა აქტმა – სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებმა, არსებულ რეალობას ვერ უპასუხა. ვფიქრობთ, რომ ყველა მხარე უნდა გვყავდეს ჩართული ახალი გადაწყვეტილების შემუშავების პროცესში, რომელიც, თავის მხრივ, შერეულ სატარიფო სისტემას დაეფუძნება, რაზეც ახლა ვმუშაობთ.