აფრიკის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის პრეზიდენტად, შაბათ-კვირას გამართული არჩევნების შედეგებით, ნიგერიის მმართველი პარტიის კანდიდატი ბოლა ტინუბუ აირჩიეს. დამოუკიდებელი ეროვნული საარჩევნო კომისიის (INEC) მონაცემებით, ლაგოსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა 8.79 მილიონი ხმა დააგროვა, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ ოპოზიციური გუნდიდან ატიკუ აბუბაკარმა კი 6.98 მილიონი ხმის მიღება შეძლო.
ცნობისთვის, ნიგერიის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატი გამარჯვებულად იმ შემთხვევაში ცხადდება, თუ მის კონკურენტებზე მეტი ხმის მოპოვებას, 36 შტატისა და ფედერალურ დედაქალაქ აბუჯის სულ მცირე ორ მესამედში კი ხმების 25%-ის მიღებას შეძლებს. შედეგად, ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ტინუბუ ნიგერიის პრეზიდენტი გახდა, თუმცა დიდი დრო თავისი გამარჯვების აღსანიშნავად ნამდვილად არ ექნება.
აფრიკის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა არაერთი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას. ნიგერია მის ჩრდილო-აღმოსავლეთით ისლამისტურ აჯანყებებს ებრძვის, ამას ერთვის შეიარაღებული თავდასხმები, მკვლელობებისა და გატაცების სერიები, კონფლიქტი მეცხოველეებსა და ფერმერებს შორის, მრავალწლიანი კორუფცია და საწვავისა და ელექტროენერგიის დეფიციტი. ოპონენტთა განცხადებით კი, დაპირებების მიუხედავად, ბუჰარის პარტიამ კორუფციის დაძლევა მაინც ვერ მოახერხა.
აფრიკის უდიდესი ეკონომიკა გართულებული ფისკალური კრიზისის წინაშეც დგას, ქვეყანაში შიდა და უცხოური ვალუტის მწვავე დეფიციტია. მთავრობის ქმედობაუნარიანობას კი, ჩამოთვლილ საკითხებთან გასამკლავებლად, ბენზინის სუბსიდიები უშლის ხელს, რაც სახელმწიფოს მიმდინარე წელს $13 მილიარდი მაინც დაუჯდება – ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებით მიღებული შემოსავლის დაახლოებით ორი მესამედი. მის საარჩევნო მანიფესტში, 70 წლის ტინუბუმ სუბსიდიების დასრულებისა და ფინანსების ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული და სოციალური კეთილდღეობის პროგრამებზე დახარჯვის პირობა დადო.
პრეზიდენტი ამომრჩეველს ქვეყნის გაცვლითი კურსის სისტემის გადახედვასაც დაჰპირდა, რაც ნიგერიაში უცხოელი ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ნიგერიის სახელმწიფო ვალი, 2015 წელს პრეზიდენტად ბუჰარის დანიშვნის შემდეგ, ექვსჯერ გაიზარდა. გასულ წელს მომსახურების ხარჯებმა მთავრობის შემოსავლის თითქმის 80% შეადგინა.