ევროპაში ახალი ომის დაწყება დღითი დღე რეალური ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს 120 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობა განალაგა. აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირება დრამატულად გაიზარდა 17 თებერვალს, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა უკრაინის სამხედრო დანაყოფების ზოლთან მძიმე არტილერია განალაგეს. ტრანსატლანტიკური საზოგადოება შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინაში შეჭრის მიზეზი გამონახოს, რამაც შესაძლოა, ევროპის უსაფრთხოებაც და ნატოს მომავალიც სასწორზე შემოდოს.
მიუხედავად რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობებისა, ნატომ და აშშ-მ, შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყეს. პასუხად, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს უსაფრთხოების გარკვეული მოთხოვნები წამოუყენა. ის მოითხოვს, რომ ნატომ შეცვალოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებით და აღმოსავლეთის ფლანგიდან 1997 წლის პოზიციაზე გადაიტანოს ჯარისა და სამხედრო აღჭურვილობის განლაგება. ამასთან, რუსული მხარე უარყოფს, რომ უკრაინის დაპყრობის განზრახვა ამოძრავებს. თუმცა საკუთარი მეზობლის სიახლოვეს მასობრივი რუსული სამხედრო დანაყოფების მობილიზაცია ამის საპირისპიროდ მეტყველებს. ფართომასშტაბიანი ომის ალბათობა დიდია, თუმცა გაურკვეველია, რა მიზეზით განათავსა კრემლმა უკრაინასთან სამხედრო დანაყოფები მაინცდამაინც ახლა. ამ მოვლენას წინ არ უძღოდა არანაირი კონკრეტული ქმედება, რასაც უკრაინის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის ამგვარი გაღიზიანების გამოწვევა შეეძლო. შედარებისთვის, 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესია მეტწილად განპირობებული იყო ალიანსში უკრაინისა და საქართველოს შესაძლო წევრობაზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით. ამჯერად კი, სავარაუდოა, რომ არა ერთი მიზეზი, არამედ რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რაც პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებისკენ უბიძგებს.
ყველაზე აშკარა მიზეზი, რასაც უკრაინის კრიზისის გამოწვევა შეეძლო, არის შიდაპოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თავდაპირველად ზელენსკი უკრაინის „დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად“ კრემლთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად იყო. თუმცა, რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მცირე შესაძლებლობების ფონზე, კიევმა მალევე შეცვალა მოსკოვთან არსებული კომპრომისული დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა, უმაღლესმა რადამ (უკრაინის პარლამენტი) მიიღო კანონი, რომელმაც უკრაინული ენა ქვეყნის ერთადერთ ოფიციალურ ენად დაამტკიცა და რუსული ენის სტატუსი საკმაოდ დააკნინა. ამასთანავე, მიუხედავად კრემლის დაუღალავი ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანიებისა, საზოგადოების დამოკიდებულებებში საგრძნობლად გაიზარდა დასავლეთის მიმართ მხარდაჭერა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვების მიხედვით, 2021 წელს უკრაინელების მხოლოდ 21% უჭერდა მხარს უკრაინის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებას, მაშინ როდესაც ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში წევრობა მოსახლეობის 60%-ს მიაჩნდა პოზიტიურად.
2021 წელს ზელენსკიმ კრემლის მომხრე აგენტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია წამოიწყო და ამავე წლის გაზაფხულზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ პრორუსი მილიარდერი ოპოზიციონერი პარლამენტარის ვიქტორ მედვედჩუკისა და სხვა პირების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. აღსანიშნავია, რომ მედვედჩუკი პუტინთან დაახლოებული პირია და ის აქტიურად უჭერდა მხარს დონბასელ სეპარატისტებს. ზელენსკის ადმინისტრაციამ „პრორუსული პროპაგანდის გავრცელების გამო“ მედვედჩუკის მფლობელობაში არსებული სამაუწყებლო კომპანიების მუშაობაც კი აკრძალა.
რუსეთის წინააღმდეგ მიმართულმა კიევის მკაცრმა ზომებმა საბოლოოდ დაამსხვრია კრემლის იმედები, რომ უკრაინას რუსულ ორბიტაზე დააბრუნებდა. ამავდროულად, უკრაინის მთავრობა უკრაინის დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრების ერთგული რჩებოდა. ნატოსა და აშშ-ის უკრაინასთან თანამშრომლობაც ზრდას განაგრძობდა და კიევმა „ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის“ ფარგლებში დასავლეთისგან თანდათან უფრო მეტ სამხედრო დახმარებასა და საბრძოლო იარაღის მარაგს იღებდა და ნატოსთან ერთად წვრთნებში აქტიურად მონაწილეობდა. რუსეთი უკრაინის გვერდში დასავლეთის დგომას თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევად აღიქვამდა და ზელენსკის ადმინისტრაციას მარიონეტ მთავრობად მიიჩნევდა. რუსული გავლენის წინააღმდეგ კიევის წამოწყებულ მკაცრ ქმედებებს, მათ შორის, პრორუსულად განწყობილი გავლენიანი პიროვნებების დევნას, 2021 წლის აპრილში უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების პირველი დიდი მობილიზება მოჰყვა. მაისში გაეროს უშიშროების საბჭოს უვადო წევრების სხდომაზე პუტინმა თავის განცხადებაშიც კი ახსენა, რომ მოსკოვი ასე „ადვილად არ დათმობდა“ უკრაინელ პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკს.
უკრაინაში გატარებულმა რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკამ კრემლის მესვეურებში გააჩინა წარმოდგენა, რომ უკრაინა მოსკოვის მარწუხებს სამუდამოდ დაუსხლტა ხელიდან. რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე დაწერილ სტატიაში პუტინი ღიად გამოხატავს წყრომას უკრაინაში დასავლეთთან დაკავშირებული ანტირუსული და საზიანო ძალების არსებობაზე, რომლებიც უკრაინელ ხალხს „აგრესორის მსხვერპლის“ ნარატივს უყალიბებს და „რუსოფობიული“ განწყობების დამკვიდრებას უწყობს ხელს.
უკრაინის კონტროლი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინტერესების მნიშვნელოვანი ნაწილია. 1990-იან წლებში ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-მ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა საფუძველი ჩაუყარეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელშიც რუსეთის გავლენა მინიმალური იყო. 21-ე საუკუნის დამდეგს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ვარშავის პაქტის ყოფილი წევრი ქვეყნები სწორედ ამ სტრუქტურებში – ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდნენ. ეს მოვლენა რუსეთმა თავისი გავლენის სფეროში „დასავლეთის უხეშ შემოჭრად“ აღიქვა. ამას თან დაერთო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ ტალღაც, რომელიც მოსკოვის გადმოსახედიდან არა მხოლოდ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნებს, არამედ კრემლის ავტორიტარულ რეჟიმსაც უქმნიდა საფრთხეს. პუტინის მთავარი მიზანიც ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის ცვლილება და პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსული გავლენის აღდგენა იყო, რაც მას საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაშიც დაეხმარებოდა.
მოსკოვის მთავარი მიზანი ე.წ. დიადი სახელმწიფოს სტატუსის დაბრუნებაა, რაც რუსეთს მეზობლების სტრატეგიულ მიზნებზე მაღლა დააყენებს. მოსკოვის გადმოსახედიდან რუსეთის სამეზობლოსთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კრემლთან უნდა იყოს შეთანხმებული. თუმცა მოსკოვის მცდელობები, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე შეენარჩუნებინა კონტროლი, წარუმატებელი აღმოჩნდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები უკვე „შეიტყუეს“ ნატომ და ევროკავშირმა და უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ძლიერ დაინტერესებულები არიან ორივე ორგანიზაციაში წევრობით. ქვეყნების „დაკარგვის“ პროცესის შეჩერებისთვის მოსკოვს უკრაინისა და ბელარუსის საკუთარ ორბიტაზე შეკავება სჭირდება. ამ ქვეყნების ნატოში გაწევრება იმ მნიშვნელოვანი ბუფერული ზონის დაკარგვის ტოლფასი იქნება, რომელიც რუსეთს დასავლური „ალყისაგან“ იცავს. უკრაინის დასავლეთისთვის დათმობა კრემლის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება. მოსკოვმა ლუკაშენკას რეჟიმის დახმარებით მოახერხა ბელარუსზე ძლიერი გავლენის შენარჩუნება, თუმცა, უკრაინასთან მისი დაახლოების ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მოსკოვს ყოველ ჯერზე საკუთარი აგრესია ბუმერანგივით დაუბრუნდა და თავისი ქმედებებით უკრაინის დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოებას უნებურად შეუწყო ხელი.
ევროპის უსაფრთხოების წესრიგის შეცვლა უკვე დიდი ხანია, რაც მოსკოვის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. თუმცა პუტინის გადაწყვეტილებაში, სამხედრო დანაყოფები უკრაინის საზღვარზე განელაგებინა, მთავარი როლი, დიდი ალბათობით, რუსეთისგან უკრაინის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა დაშორებამ შეასრულა. რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიზანი „კიევში პრორუსული ლიდერის დაყენებაცაა“. უკრაინის დაპყრობით კრემლი არა მხოლოდ აღიდგენს პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარ გავლენას, არამედ მისთვის არასასურველ რეგიონული უსაფრთხოების წესრიგსაც გამოუთხრის ძირს. კრემლს უკრაინის დაპყრობა, დასავლური მკაცრი სანქციების სახით, შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს. თუმცა დღევანდელი გარემოება ამ ქმედებისთვის ყველაზე ხელსაყრელია. პირველ რიგში, რუსეთის მიმართ ევროპის პოლიტიკა ჯერ კიდევ გარკვეულწილად დაქსაქსულია, ძირითადად, გერმანიის მოსკოვთან პრაგმატული ურთიერთობების შენარჩუნების სურვილის გამო. მეორე მხრივ კი, ევროკავშირის ქვეყნების ენერგობაზრის რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება კვლავ მაღალია, განსაკუთრებით, ამ ცივ ზამთარში. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსეთმა შეიძლება შეძლოს კიდეც დასავლური სანქციების თავიდან არიდება ან მათი რბილად გადატანა. ასეთ ვითარებაში პუტინს, როგორც დაღმავალი ზრდის ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერს, ისღა დარჩენია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ახლავე იმოქმედოს.