პირველი მარტიდან რუსეთში ბენზინის ექსპორტზე ექვსთვიანი აკრძალვა ამოქმედდება. ქვეყანაში, მომხმარებლებისა და ფერმერების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება შიდა ბაზრისა და ფასების სტაბილიზაციის მიზანს ემსახურება.
ექსპორტის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით თავდაპირველად ინფორმაცია რუსულმა გამოცემა RBC-მა გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის სპიკერმაც. ნოვაკი რუსეთის ენერგოსექტორში პუტინის მარჯვენა ხელად მიიჩნევა. „ნავთობპროდუქტებზე გადაჭარბებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის შესაბამისი ზომები უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ნოვაკმა.
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება წინ უსწრებს 15-17 მარტს ქვეყანაში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს. ბენზინის შიდა ფასები კი განსაკუთრებით სენსიტიური საკითხია რუსი ფერმერებისა და ავტომფლობელებისთვის. მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო თვეებში გართულდა, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დრონებმა რუსეთის გადამმუშავებელი ქარხნების ნაწილი დააზიანა.
მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის დაზიანებისთვის, რუსეთმა და უკრაინამ მიზანში სწორედ ერთმანეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ამოიღეს. რუსეთის ექსპორტში ყველაზე დიდი წილი ნავთობს, ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივ აირს უკავია და რუსეთის $1.9-ტრილიონიანი ეკონომიკისთვის უცხოური ვალუტის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
კრემლი, ფასების მაღალ ნიშნულზე შესანარჩუნებლად, მსოფლიოში ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორ, საუდის არაბეთთან თანამშრომლობს. OPEC+-ის გეგმის ფარგლებში, პირველ კვარტალში, რუსეთმა ნავთობისა და საწვავის ექსპორტის დღიურად 500 ათასი ბარელით შემცირება დაიწყო.
2023 წელს რუსეთმა 43.9 მილიონი ტონა ბენზინი აწარმოვა, 5.76 მილიონი ტონა კი – მთლიანი წარმოების დაახლოებით 13% – ექსპორტზე გაიტანა. რუსული ბენზინის უმსხვილესი იმპორტიორები ძირითადად აფრიკის ქვეყნები არიან, მათ შორის ნიგერია, ლიბია, ტუნისი და ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროები.