შესავალი, ანუ „დიდი ბენზინგასამართი სადგურიდან“ „ჩინეთის მომსახურე ბენზინგასამართ სადგურამდე“
რუსეთის დასახასიათებლად არაერთი მოსწრებული ეპითეტი ყოფილა გამოყენებული. გავიხსენოთ, ვინ რა სახის დამამცირებელი სახელი უწოდა მუდამ სხვისი ტერიტორიების მიტაცებაზე დაგეშილ ამ ქვეყანას.
1983 წლის მარტში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, ცივი ომის პიკზე, საბჭოთა კავშირი მოიხსენია როგორც „ბოროტების იმპერია“. 1984 წლის სექტემბერში ჟურნალისტმა დევიდ ბრიუკენმა საბჭოთა კავშირს უწოდა „რაკეტებიანი ზემო ვოლტა“. მაშინ ასე ერქვა იმ ქვეყანას, რომელსაც დღეს ბურკინა-ფასო ჰქვია. უყვარდათ ამ შედარების გამოყენება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერს და გერმანიის კანცლერ ჰელმუტ შმიდტს, ამიტომ ამ გამონათქვამის ავტორობას შეცდომით მათაც მიაწერენ ხოლმე. ჟურნალისტის აზრით, საბჭოთა კავშირი არაფერს აწარმოებს რაკეტებისა და მეზობელი ქვეყნებზე მუქარის გარდა. მოვლენებს წინ გავუსწროთ და აქვე ვიტყვი, რომ დაუძლურებული რუსეთი დღეს უკვე ხარისხიანად ამ რაკეტებსაც ვერ აწარმოებს. დაუძველდა არსენალი, მიზანი დაკარგეს საბჭოთა რაკეტებმა, უკრაინაში, როცა სამხედრო ობიექტებს უმიზნებენ, სავაჭრო ცენტრებს ახვედრებენ უფრო ხშირად. ასე, რომ, მაშინდელი დამცინავი შეფასება დღეს კომპლიმენტად შეიძლება ჩაითვალოს. ყველაზე ნათლად დღევანდელ რუსეთს ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სიტყვები ახასიათებს. მან ამ ქვეყანას დიდი ბენზინგასამართი სადგური უწოდა, უფრო ზუსტად, „ბენზინგასამართი სადგური, რომელიც თავს ასაღებს ქვეყნად“. ისევ გავუსწროთ მოვლენებს წინ და შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დასავლეთის სახელმწიფოების მიერ დღემდე არნახული მასშტაბის სანქციების დაწესების შემდეგ, ეს ქვეყანა სულ მალე გახდება „ბენზინგასამართ სადგური, რომელიც ემსახურება ჩინეთს“. ჯონ მაკკეინის ეს დამამცირებელი გამონათქვამი ბოლოს მისმა თანაპარტიელმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, მიტ რომნიმ პერიფრაზით გამოიყენა, როცა რუსეთი მოიხსენია როგორც „რეგიონული სახელმწიფო, რომელიც ემუქრება მეზობლებს არა სიძლიერის, არამედ სისუსტის გამო“.
„ევროპის ჟანდარმი“ ბოლოს მეზობლების მატერორიზებელ რეგიონულ ბენზინგასამართ სახელმწიფოდ იქცა. რა სახელი დაერქმევა მომავალში რუსეთს, ამას დრო გვაჩვენებს. სასიამოვნო რომ არ იქნება, ამაში დღეს ეჭვი არავის ეპარება. რადგან „ევროპის ჟანდარმი“ ვახსენეთ, შეიძლება ისიც გავიხსენოთ, რომ ასე ეძახდნენ რუსეთს მეფე ნიკოლოზ პირველის დროს და ეს ამბიცია, თუმცა შემცირებული მასშტაბით, ამ ქვეყანას დღემდე არ ასვენებს.
კიდევ მრავალი ხატოვანი და დამამცირებელი სიტყვით შეუმკიათ რუსეთი. თუ როდის და რა მიზეზით, ეს ცალკე კვლევის თემაა. ამჟამად ერთი სახელწოდებით შემოვიფარგლოთ, რომელიც ლაიტმოტივად გაჰყვება ამ წერილს და, რომელიც ნათლად გვაჩვენებს რუსეთის ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობას, მის გასაჭირს და არასახარბიელო მომავალს. „დიდი ბენზინგასამართი სადგურის აწმყო და მომავალი“– ასე ჰქვია ამ წერილს და ამისთვის დაგვჭირდა ეს შესავალი.
რუსეთის ექსპორტ – იმპორტი სრულმასშტაბიან სანქციებამდე
ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის აგრესიამდე, რუსეთის საგარეო ვაჭრობის მონაცემები ნათლად მეტყველებდნენ, რომ რუსეთი ორიენტაციას იღებდა აზიის ბაზრებისაკენ, პირველ რიგში ჩინეთისაკენ. ეს კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისადმი საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ. თუ ყირიმის სანქციებამდე რუსეთი პირველ რიგში დაინტერესებული იყო ევროპული ბაზრით, შემდეგ იგი იძულებული გახდა თანდათანობით გადართულიყო ჩინეთის მიმართულებით.
კორონავირუსის კრიზისამდე რუსეთის ექსპორტის 13,4 პროცენტი მოდიოდა ჩინეთზე. დანარჩენ ქვეყნებზე მისი ხვედრითი წილი ასე გამოიყურება: ჰოლანდია – 10,4 პროცენტი, გერმანია – 6,75 პროცენტი, ბელარუსი – 5,08 პროცენტი, თურქეთი – 4,95 პროცენტი, სამხრეთ კორეა – 3,83 პროცენტი, იტალია – 3,36 პროცენტი, ყაზახეთი – 3,34 პროცენტი, დიდი ბრიტანეთი – 3,11 პროცენტი, აშშ – 3,09 პროცენტი. ჩინეთთან რუსეთის დაახლოება გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, რუსეთის ექსპორტის სტრუქტურიდან და ჩინეთის ეკონომიკის ზრდიდან გამომდინარე (ენერგომატარებლებს მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი უჭირავს რუსეთის მთლიან ექსპორტში), ასევე გეოპოლიტიკური ცვლილებებით. უკვე მაშინაც ნათელი იყო, რომ დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობების „მშვიდობიანი“ პერიოდი მთავრდებოდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ იგი იმ სახეს მიიღებდა, რაც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას მოჰყვა.
კორონავირუსამდელი პერიოდის რუსეთის იმპორტის სტრუქტურა ჰგავს ექსპორტისას. ჩინეთი აქაც პირველ ადგილზე იმყოფება 21 პროცენტით. შემდეგ მოდიან: გერმანია – 10,1 პროცენტი, ბელარუსი – 5,52 პროცენტი, აშშ – 5,43 პროცენტი, იტალია – 4,41 პროცენტი, იაპონია – 3,62 პროცენტი, საფრანგეთი – 3,47 პროცენტი, სამხრეთ კორეა – 3,23 პროცენტი, ყაზახეთი – 2,31 პროცენტი, პოლონეთი – 2,05 პროცენტი.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო დაწესებული ტოტალური სანქციები უკვე რადიკალურად ცვლის ამ სურათს. მიმდინარე, 2022 წლის მონაცემები განსხვავებული იქნება, ვიდრე ზემოთ ნაჩვენები სურათი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი დიდი ძვრების გამომხატველი იქნება რუსეთის საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობაში. რეალური (რუსეთისათვის კატასტროფული) სურათი უკვე 2023 წელს გამოჩნდება. შედეგი იქნება რუსეთის სრული მიჯაჭვულობა აზიურ ბაზრებზე და განსაკუთრებით ჩინეთზე. მოვლენების ამ სცენარით განვითარება ჩინეთს მისცემს საშუალებას მოიპოვოს დიდი გავლენა რუსეთზე, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს რუსეთის ენერგორესურსების ფასის შემცირებას ჩინეთისათვის.
რუსეთი, როგორც დიდი ბენზინგასამართი სადგური, საბოლოო ჯამში, დეგრადირდება ჩინეთის მოთხოვნების დამაკმაყოფილებელ ბენზინგასამართ სადგურამდე, გამომდინარე მისი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგებითურთ. რუსეთს ჩინეთის სანედლეულო დანამატის როლი ემუქრება.
ახალი სანქციები
რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა სანქციების 6 პაკეტი დაამტკიცა და მოსალოდნელია დამატებითი ზომების მიღებაც. რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია დაუწესა აგრეთვე აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, შვეიცარიამ და სხვა ქვეყნებმაც. ეს სანქციები იყო როგორც ეკონომიკური, ასევე პერსონალური ხასიათის. პერსონალური სანქციები შეეხო პოლიტიკოსებს, ჩინოვნიკებს, ოლიგარქებსა და მათი ოჯახის წევრებს (აქტივების გაყინვა, მოგზაურობის აკრძალვა). ფინანსური სანქციები დაუწესდათ ბანკებს (სვიფტიდან გათიშვა, დოლარში ტრანზაქციების განხორციელების აკრძალვა), რუსეთის ცენტრალურ ბანკს (საერთაშორისო რეზერვების გაყინვა), კომპანიებს (თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვა, მათ შორის ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიების მიყიდვის აკრძალვა რუსული კომპანიებისათვის), სავაჭრო სანქციები (ზოგიერთი სახის ენერგომატარებლების შესყიდვის აკრძალვა და ა.შ.). რუსულ ავიაკომპანიებს აეკრძალათ ევროპისა და აშშ-ის საჰაერო სივრცეში ფრენა. აიკრძალა ასევე ევროპის ტერიტორიაზე რუსული სატვირთო მანქანების გადაადგილება. სანქციების ბოლო, მეექვსე პაკეტით აიკრძალა რუსული ოქროს შესყიდვა. რუსეთს აქვს 2300 ტონა ოქროს მარაგი, რომლის ღირებულება დაახლოებით 140 მილიარდი აშშ დოლარია.
სანქციების დეტალური ჩამონათვალი შორს წაგვიყვანდა. ერთი რამ ფაქტია, რომ ამ სანქციებმა საფუძვლიანად შეარყია რუსეთის ეკონომიკა. უცხოური კომპანიების გასვლა და სანქციები ძირს უთხრიან რუსეთის სტაბილურობას. სხვადასხვა გათვლით, 2022 წლისათვის ამ ქვეყნის მშპ შემცირდება დაახლოებით 8-10 პროცენტით.
უცხოური ინვესტიციები, ტექნოლოგიური ემბარგოს მოსალოდნელი შედეგები
მიუხედავად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა, მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და და 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციებისა, მაინც სტაბილურად გრძელდებოდა უცხოური კაპიტალის შედინება რუსეთში. მრავალი ტრანსნაციონალური კორპორაცია აგრძელებდა საქმიანობას ეკონომიკის წამყვან დარგებში, მათ შორის ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში. დღეისათვის ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ათასამდე დასავლურმა კომპანიამ შეაჩერა რუსეთში საქმიანობა, მათი დიდი ნაწილი კი მასობრივად ტოვებს რუსეთს. ფაქტობრივად, გაჩერებულია დასავლეთის მონაწილეობით შექმნილი თითქმის ყველა საავტომობილო ქარხანა, დიდი კომპანიები გადიან ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგეტიკული პროექტებიდან. პრობლემები შეექნა არამხოლოდ ისეთ დარგებს, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები დასავლურ ტექნოლოგიებზე (მანქანათმშენებლობა, ელექტრონული მრეწველობა და ა.შ.), არამედ ისეთებსაც, რომლებიც ნაკლებად არიან დამოკიდებულნი იმპორტზე.
ნავთობისა და გაზის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა რუსეთისათვის
რუსეთის სახელმწიფო, პუტინის ავტორიტარული რეჟიმის სახით, მთლიანად აკონტროლებს ნავთობისა და გაზის სექტორს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ფლობს ამ დარგში მნიშვნელოვან წილს, მსხვილი კერძო მესაკუთრეებიც სრულიად სახელმწიფოს კონტროლქვეშ იმყოფებიან და ხელისუფლების მითითებებით მოქმედებენ. ვინც მოინდომა ამ წესების დარღვევა, განადგურდნენ ეკონომიკურად თუ ფიზიკურად, ბევრს მოუწია ქვეყნიდან ემიგრირება. ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითია ხოდორკოვსკის ისტორია.
ნავთობი და გაზი რუსეთის რბილი ძალის ყველაზე მძლავრი იარაღია. რუსეთი ენერგეტიკას პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
რუსეთის ეკონომიკის მთავარი სტრუქტურული უარყოფითი ფაქტორი არის მისი დამოკიდებულება ენერგომატარებლებზე, ძირითადად, ნავთობით და გაზით ვაჭრობაზე. რუსეთის ბიუჯეტის დაახლოებით 37 პროცენტი ივსება ამ სახის საქონლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით. მათზე მოდის ასევე რუსეთის ექსპორტის 53 პროცენტი. რუსეთის საექსპორტო შემოსავლებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს აგრეთვე ისეთი სახის საქონელს, როგორიცაა სამხედრო იარაღი, ელექტროენერგია (პირველ რიგში ატომური), სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, წიაღისეული მადნები, საავიაციო და სარაკეტო პროდუქცია და ა. შ. თუმცა ესენი, ყველა ერთად აღებული, მომგებიანობით ვერ შეედრება ნავთობსა და გაზს, სანქციების სრულმასშტაბიანად ამოქმედების შემდეგ კი ეს დარგებიც უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.
რუსეთის მთლიან საექსპორტო შემოსავლებში, გარდა ნავთობისა და გაზისა, როგორც აღინიშნა, წამყვანი როლი ეკისრება ასევე შემოსავლებს ნედლეულიდან და სანედლეულო საქონლიდან (ქვანახშირი, ნიკელი, ვერცხლი, ალუმინი, სპილენძი, კობალტი, რკინის მადანი, ტყვია, თუთია, ოქრო და სხვა). ამ სახის საქონლის ექსპორტის გათვალისწინებით, მთლიანად ნედლეულიდან მიღებული შემოსავლები უკვე შეადგენენ რუსეთის ბიუჯეტის ნახევარზე მეტს. რუსეთის ბიუჯეტის მთლიან შემოსავლებში მხოლოდ ენერგეტიკის წილი არის 60 პროცენტი (როგორც ექსპორტი, ასევე ადგილობრივი წარმოება).
როგორც ვხედავთ, რუსეთის ეკონომიკა სასიცოცხლოდ არის დაკავშირებული იმ დარგებთან, რომლებიც ამა თუ იმ ზომით გახდნენ დასავლური სანქციების ობიექტები.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპას არ შეუძლია მთლიანად და უმტკივნეულოდ ჩაანაცვლოს რუსეთის ენერგორესურსები მოკლევადიან პერიოდში, რუსეთი მაინც უფრო არის დამოკიდებული ევროპაზე (პირველ რიგში, ბუნებრივი აირის რეალიზების კუთხით), ვიდრე ევროპა რუსეთზე. რუსეთის მიერ დეკლარირებული გაზის მიწოდების დივერსიფიცირების პოლიტიკა, რაც ნიშნავს ევროპიდან აზიის ბაზრებზე გადართვას, მოითხოვს დიდძალ დანახარჯებს და დიდ დროს, ვინაიდან არსებული სიმძლავრეები არ არის საკმარისი. აზიური ქსელი გაზსადენების ევროპულ ქსელთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა. გაზის წარმოება და ტრანსპორტირება, განსხვავებით ნავთობისგან, არ არის ეკონომიკურად „მოქნილი“, ამიტომ აზიის მიმართულებით „გადახვევა“ შორეულ პერსპექტივაშიაც კი არამიმზიდველად გამოიყურება. რუსეთის გაზის ექსპორტი ჩინეთში გასულ წლის მონაცემებით მხოლოდ 17 მილიარდი კუბური მეტრია (მისი მოხმარება ჩინეთში 330 მილიარდი კუბური მეტრი იყო 2020 წელს), მაშინ, როცა ამავე პერიოდში ევროპულ ბაზრებზე 170 მილიარდი კუბურ მეტრ გაზს ყიდდა. დღეს მოქმედი მთავარი გაზსადენი, „ციმბირის ძალა“, რომელიც აკავშირებს ციმბირს ჩინეთთან, დაჯდა 45 მილიარდი აშშ დოლარი და იგი მთლიანად ჩინეთმა დააფინანსა 2014 წელს. ბუნებრივია, ამ ფულის სანაცვლოდ ჩინეთი მიიღებს მრავალი წლის განმავლობაში იაფ რუსულ გაზს. ახალი პროექტების დაფინანსება მთლიანად დააწვება რუსეთს, რაც მას ძალიან გაუჭირდება წარმოქმნილი პრობლემებიდან გამომდინარე.
ნავთობის “გადამისამართება“ აზიისაკენ (ინდოეთმაც მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთისგან მისი შესყიდვა) უფრო ადვილი საქმეა, ვიდრე ბუნებრივი აირის, მაგრამ მომგებიანობა მკვეთრად შემცირდება. გასულ წელს რუსეთის ნავთობის ექსპორტის მხოლოდ 39 პროცენტი მოდიოდა აზიაზე. წელს მისი წილი მეტი იქნება, პირველ რიგში, ჩინეთის ხარჯზე, მაგრამ ჩინეთი სარგებლობს შექმნილი ვითარებით და საბაზროზე მნიშვნელოვნად იაფად ყიდულობს რუსულ ნავთობს. ვინაიდან ბუნებრივი პირობების გამო რუსეთში ნავთობის მოპოვების დანახარჯები მეტია ნავთობის სხვა მსხვილ მომპოვებელ ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვანი დისკონტით ნავთობის გაყიდვა ამ დარგს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
რუსეთი მსოფლიოში ქვანახშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა. იგი 199 მილიონი ტონით მესამე ადგილს იკავებს ინდონეზიისა (406 მილიონი ტონა) და ავსტრალიის (371 მილიონი ტონა) შემდეგ. ევროკავშირმა 10 აგვისტოდან მთლიანად შეწყვიტა რუსული ქვანახშირის შესყიდვა. ევროპამ დაიწყო ქვანახშირის იმპორტი კოლუმბიიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და ყაზახეთიდან. ევროკომისიის შეფასებით, ემბარგო შეეხება რუსული ქვანახშირის ექსპორტის 25 პროცენტს, რაც ფულად გამოხატულებაში არის 8 მილიარდი ევრო წელიწადში.
რუსული ენერგომატარებლების, მათ შორის ქვანახშირის იმპორტი აკრძალულია ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, შვეიცარიაში. აქედან, მხოლოდ იაპონია შეიძლება ჩაითვალოს მსხვილ შემსყიდველად (2,6 მილიარდი დოლარი წელიწადში), ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ქვეყნების ხვედრითი წილი უმნიშვნელოა.
თავის მხრივ, რუსეთის კომპანიებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ქვანახშირის მიწოდება აზიის ბაზრებზე, კერძოდ, ინდოეთში, თურქეთში, ჩინეთში. მიუხედავად ამისა, ეს ვერაფრით მოახდენს ევროპის ბაზრიდან გამოძევების შედეგად წარმოქმნილი დანაკარგების კომპენსირებას. გარდა ტრადიციული ბაზრების დაკარგვისა, რუსეთის ქვანახშირის ექსპორტი წააწყდა სხვა დიდ პრობლემასაც – ორიენტირის აზიაში იძულებითმა გადატანამ მნიშვნელოვნად შეამცირა მისი ღირებულება. დღეს რუსული ქვანახშირი მიმდინარე ფასებთან შედარებით აზიაში 30-50 პროცენტიანი დისკონტით იყიდება. მაგალითად, თუ რუსული ენერგეტიკული ქვანახშირის ფასი ევროკავშირში იყო 330 დოლარი ერთ ტონაში, ჩინეთში მისი რეალიზება დღეს 170 დოლარად ხდება. მდგომარეობას ართულებს ფრახტისა და დაზღვევის ღირებულების ზრდა, ისევე როგორც რკინიგზისა და საზღვაო პორტების სიმძლავრეების ნაკლებობა.
რუსეთის მომპოვებელი მრეწველობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასავლურ ტექნოლოგიებზე, რაც მომავალში მნიშვნელოვნად გაართულებს ბუნებრივი რესურსების მოპოვებას და გადამუშავებას. “ჩრდილოეთის ნაკადის“ მეშვეობით გაზის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დაზიანებული „სიმენსის“ ტურბინის კანადაში რემონტის მრავალთვიანი ეპოპეა, რომელიც დღემდე არ არის დასრულებული და ტურბინა ჯერაც არ არის ადგილზე დამონტაჟებული, ამის ერთი პატარა, მაგრამ ნათელი მაგალითია. ტექნოლოგიური ემბარგო ძალიან მძიმე დასაძლევი (შეუძლებელი თუ არა) იქნება რუსეთის მხრიდან.
ერთ-ერთი გავრცელებული თეორიის მიხედვით, ქვეყანა, რომელიც ფლობს მდიდარ წიაღისეულს, ექცევა მასზე დამოკიდებულებაში, რადგან ბიზნესი (სახელმწიფო) კაპიტალის დაბანდებას ახდენს ამ სფეროში, სადაც შესაძლებელია მაქსიმალური მოგების მიღება. ეს კი იწვევს ბიზნესის დემოტივაციას, დააბანდოს ფული და განავითაროს ეკონომიკის სხვა დარგები, სადაც რისკები მეტია, შემოსავლები კი ნაკლები. ამიტომ არ ხდება მაღალტექნოლოგიურ სექტორებში კაპიტალის გადადინება.
სახელმწიფოა და სახელმწიფოსაც გააჩნია. თუ ეს თეორია სწორია, რუსეთთან მიმართებით, სადაც ტოტალური კორუფციაა გამეფებული ხელისუფლების ყველა დონეზე, ამ ფაქტორის უარყოფითი ზემოქმედება გაორმაგებულად უნდა წარმოვიდგინოთ. პერსპექტიულ პროექტებში არც სახელმწიფო კაპიტალის ჩადებას აქვს აზრი, რადგან მას შეჭამს კორუფცია. ამის არაერთი მაგალითია რუსეთში.
რუსეთის ხელისუფლება დაკავებულია მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტებით (მაგ. პორტების მშენებლობით, რკინიგზის მოდერნიზაციით და ა.შ), მაგრამ ამ პროექტებში მნიშვნელოვნად მეტი ფული იხარჯება (იფლანგება), ვიდრე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შეიძლება დახარჯულიყო. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია სოჭის ოლიმპიადისათვის გაწეული მანამდე არნახული ხარჯები და ამ ობიექტების შემდგომი სავალალო ბედი. თავად რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების აღიარებით, მაგალითად, ახალი კოსმოდრომის მშენებლობაში დაბანდებული ფულის 10 პროცენტი იყო მოპარული. სინამდვილეში ეს რიცხვი ალბათ ორჯერ და სამჯერ მეტია.
სანქციების გავლენა ბიუჯეტზე
2022 წლის რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს რომ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, ეს უკვე სანქციების შემდგომი რამდენიმე თვის შედეგებიდანაც ნათლად გამოჩნდა. მიმდინარე წლის ივლისის თვეში შემოსავლებმა ნავთობისა და გაზის სექტორიდან იკლო 29 პროცენტით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საბიუჯეტო შემოსავლების ასეთივე მკვეთრი კლება აღინიშნება არასანავთობო დარგებიდანაც – 22 პროცენტის ოდენობით. იმპორტის მკვეთრი შემცირების გამო 59 პროცენტით შემცირდა საბაჟო შემოსავლები, იკლო შემოსავლებმა ასევე იმპორტირებულ საქონელზე დამატებული ღირებულის გადასახადიდან 40 პროცენტის ოდენობით, აქციზიდან – 45 პროცენტის ოდენობით. ასევე შემცირდა მოგების გადასახადი – 32 პროცენტით. მთლიანად, ყველა სახის შემოსავალი ბიუჯეტში ივლისის თვეში შემცირდა 26 პროცენტით. ამასთან, ივლისში ფასების წლიურმა ზრდამ 15,1 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია, გამოწვეული ბიზნესაქტივობის შემცირების შედეგად, მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაღრმავდება.
პარალელური იმპორტი – წყალწაღებულის ხავსზე მოკიდება
პარალელურ იმპორტად მოიხსენიებენ რუსეთში ისეთი საქონლის (ორიგინალის) შემოტანას, რომელზეც სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვა არ არის გაცემული. ეს არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში და მას „რუხ იმპორტს“ უწოდებენ. საქონლის პარალელური ნაკადები შეიძლება მოდიოდეს როგორც მწარმოებელი ქვეყნებიდან, ასე მესამე ქვეყნებიდან. რუსეთის მთავრობამ მიმდინარე წლის 29 მარტის დადგენილებით ამ სახის იმპორტი ოფიციალურად დაუშვა და 6 მაისს დაამტკიცა იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელთა შემოტანა შეიძლება ახლი წესების მიხედვით. ეს, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ასავლელად კეთდება, მაგრამ მისი ეფექტი მინიმალური იქნება. შეუძლებელია მრავალი სახის მაღალტექნოლოგიური საქონლის პარალელურ რეჟიმში შეტანა.
სანქციების დაწესების შემდეგ თურქეთი სწრაფად გახდა რუსეთში პარალელური იმპორტის უმსხვილესი ჰაბი.
თურქეთიდან რუსეთში ტვირთების შეტანა ხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით, საავტომობილო გზით, ზემო ლარსიდან, საზღვაო ტრანსპორტით – ნოვოროსიისკის პორტიდან, აგრეთვე საჰაერო ტრანსპორტით. ამ გადაზიდვებში საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას (მათ შორის პორტებს) მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამიტომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენება რუსეთში არამხოლოდ ნებადართული, არამედ სანქცირებული ტვირთების შესატანად.
მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით რუსეთში საქონლის გადაზიდვა 2022 წლის პირველ ნახევარში გაზრდილია 40 პროცენტით.
2022 წლის ივნისის თვეში, რუსეთში თურქეთიდან საქონლის ექსპორტი გაიზარდა 46 პროცენტით გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის ივნისში, მაისის თვესთან შედარებით, 52 პროცენტით მეტი საქონელი შევიდა რუსეთში თურქეთიდან. ამ მონაცემებს თურქეთის სტატისტიკის სამსახური ასაჯაროებს. რუსეთმა მრავალი სახის სტატისტიკური ინფორმაცია გაასაიდუმლოვა. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაგრძელდება და სულ მალე თურქეთი გახდება რუსეთის ნომერ მეოთხე სავაჭრო პარტნიორი საქონლის მიწოდების მხრივ. თურქულ ექსპორტში არამხოლოდ ადგილობრივი წარმოების საქონელი იქნება ალბათ წარმოდგენილი, არამედ „რუხი ექსპორტიც“, რომელიც ზემოთ პარალელურ ექსპორტად მოვიხსენიეთ და რომელშიც სავარაუდოდ სანქცირებული პროდუქციაც იქნება.
სამწუხაროდ, თურქეთის ხელისუფლება არ ავლენს საკმარის სოლიდარობას უკრაინის მიმართ და საკუთარი გამორჩენის მიზნით მაშველ რგოლად ევლინება რუსეთის ბიზნესს, რითაც ასუსტებს სანქციების ეფექტს.
სახელმწიფო ვალი და უცხოური ვალუტის რეზერვები
ნავთობდოლარების შედინების წყალობით რუსეთის მთავრობას მრავალი წლის განმავლობაში არ სჭირდებოდა დიდი ოდენობის საგარეო ვალის აღება. 2020 წლისათვის რუსეთის სახელმწიფო ვალი იყო მშპ-ს მხოლოდ 19 პროცენტი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ეს დრო ისტორიას ჩაბარდა.
სწორედ ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავლების წყალობით რუსეთმა დააგროვა დიდძალი უცხოური ვალუტის რეზერვები (606,5 მილიარდი დოლარი პირველი აპრილის მდგომარეობით). ეს იძლეოდა წლების განმავლობაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების გარანტიას. სანქციების შედეგად რეზერვების ნახევარი გაიყინა. რუსეთი ტექნიკური დეფოლტის რეჟიმში იმყოფება, ანუ საგარეო ვალდებულებების მომსახურება შეუძლია, მაგრამ ვერ ახერხებს ანგარიშსწორების განხორციელების შეუძლებლობის გამო.
დასკვნა
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ პუტინის რეჟიმის პირობებში რუსეთში რაიმე სახის სასიკეთო პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრების მოხდენა წარმოუდგენელია. რუსეთის მომავალი ბნელით არის მოცულია. ამ ქვეყანას პერსპექტივა არ გააჩნია. რადგან მეზობლებს არ ირჩევენ, ჩვენც მოგვიწევს რეალობისთვის თვალის გასწორება და ქვეყნის ისეთი ეკონომიკური მოდელის შექმნა, რომელიც „ბოროტების იმპერიის“ ამ ნარჩენების გვერდით თანაარსებობის რისკებს მაქსიმალურად დააზღვევს.