ისრაელი და თურქეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს სრულად აღადგენენ

ისრაელი და თურქეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს სრულად აღადგენენ

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ. ქვეყნები ერთმანეთთან ელჩებსაც დააბრუნებენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, იაირ ლაპიდის საუბრის შემდეგ გავრცელდა. ცნობისთვის, ქვეყნებიდან ელჩები თურქეთმა და ისრაელმა ოთხი წლის წინ გაიწვიეს.

ელჩების გაწვევის მიზეზი შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საპროტესტო გამოსვლების დროს ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ 60 პალესტინელის მოკვლა გახდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, იაირ ლაპიდის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა ორ ქვეყანას შორის კავშირს გააღრმავებს და ეკონომიკურ, სავაჭრო თუ კულტურულ პარტნიორობას გააძლიერებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩაუშოღლუს ინფორმაციით, ელჩის დანიშვნის ინიციატივა ისრაელის მთავრობისაგან წამოვიდა, რასაც თურქეთის მხრიდან საპასუხო პოზიტიური გადაწყვეტილებაც მოჰყვა. თუმცა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამატებით ისიც აღნიშნა, რომ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთი პალესტინელ ხალხს მიატოვებს.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაძაბულობა უკვე ათ წელზე მეტია გრძელდება. მათ შორის პარტნიორობის აღდგენა კი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაზე დადებითად იმოქმედებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *