რუსეთი ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს

რუსეთი ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს

რუსეთის ფედერაცია ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. Gazprom-ის ცნობით, სახელმწიფო კომპანია GasTerra უარს აცხადებს Gazprombank-ში ანგარიშის გახსნასა და გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე, რითაც ის არღვევს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებას.

GasTerra-ს განმარტებით, გაზის საფასურის რუბლში გადახდა არღვევს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს და ის წინააღმდეგობაშია კომპანიისა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან.

ნიდერლანდების ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი სახელმწიფო კომპანიამ მთავრობასთან კოორდინაციაში გადადგა და ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა მზად არის რუსული იმპორტის შეზღუდვისათვის, რადგან რუსული წარმოშობის ბუნებრივი აირი საერთო მოხმარების მხოლოდ 15%-ს შეადგენს, ნიდერლანდებს კი მისი მარტივად ჩანაცვლების შესაძლებლობა აქვს.

გარდა მიწოდების დივერსიფიცირებული წყაროებისა, ნიდერლანდებს გაზის რეზერვებიც აქვს, რაც მთავრობას აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანაში დეფიციტური მდგომარეობა არ შეიქმნება და რუსული იმპორტის შეზღუდვას არავითარი გავლენა არ ექნება მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებაზე.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ბედი, შესაძლოა, დანიამაც გაიზიაროს. ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფო კომპანია Orsted-ი უარს აცხადებს გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე, Gazprom-ის წარმომადგენლობამ კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Orsted-ს გაფრთხილება გაუგზავნა – დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, რუსული ენერგოგიგანტი ბუნებრივი აირის მიწოდებას დანიასაც შეუწყვეტს .

შეგახსენებთ, რომ Gazprom-მა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთსა და ფინეთს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *