უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპის ენერგეტიკული მომავალი ეჭვქვეშ დააყენა. სლოვაკეთმა, რომელიც სრულადაა დამოკიდებული TVEL-ის მიერ შემუშავებულ რუსულ ბირთვულ საწვავზე, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, მიმწოდებლის ალტერნატივის ძიება დაიწყო. ამ მხრივ ერთადერთი ეფექტიანი შემცვლელი ამერიკული Westinghouse-ი უნდა იყოს, რომელიც, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის აზრით, საკმაოდ ძვირია.
ალტერნატიული მიმწოდებლის მოძიების შესახებ დისკუსია გასულ კვირას დაიწყო, როდესაც ბირთვული საწვავით დატვირთული რუსული თვითმფრინავი, მიუხედავად მათთვის დაკეტილი საჰაერო სივრცისა, სლოვაკეთის ტერიტორიაზე დაეშვა. ამერიკული Westinghouse-ი VVER-44 რეაქტორებისთვის საწვავის ერთადერთი ალტერნატიული სერტიფიცირებული მიმწოდებელია. სლოვაკეთს აქვს ორი ატომური ელექტროსადგური ექვსი რეაქტორით, რომელთაგანაც ყველა VVER-44-ია.
Westinghouse-მა საწვავზე ლიცენზია 2018 წელს მიიღო, ხოლო პირველი კონტრაქტი უკრაინულ როვნოს ელექტროსადგურთან მხოლოდ გასულ წელს გააფორმა. ასევე უცნობია, შეუძლია თუ არა Westinghouse-ს, სხვა ქვეყნების დივერსიფიკაციის შემთხვევაში, დიდი რაოდენობის საწვავის წარმოება. ამავდროულად კი რუსული TVEL-ის ბირთვული საწვავი ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, ფინეთში, სლოვაკეთში, უკრაინასა და სომხეთში გამოიყენება.
ჩეხეთის რესპუბლიკა ამჟამად მიმწოდებელს Temelín-ის ატომური ელექტროსადგურისთვის ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ კომპანიებს ახალი ბირთვული ერთეულების მშენებლობისთვის ტენდერში მონაწილეობა აეკრძალათ, საწვავის ტენდერებზე განაცხადის გაკეთება კვლავ შეუძლიათ. რაც შეეხება სლოვაკეთს, მას რუსულ TVEL-თან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მართალია, Westinghouse-ის შეთავაზება TVEL-ზე 20%-ით მაღალია, მაგრამ სლოვაკეთის სამინისტრო დივერსიფიკაციის წინააღმდეგი არაა. ოპოზიციის ნაწილი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება დივერსიფიკაციას საწვავისა და ბუნებრივი აირის შემთხვევაში და რუსული ბუნებრივი აირის იმპორტზე აკრძალვის შეჩერებას ითხოვს.
ამავდროულად უნგრეთი, VVER-1200-ის ორი ახალი ერთეულით, Paks NPP-ის გაფართოებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. VVER-1200-ები, რომლებიც ტენდერის გარეშე, რუსული Rosatom-სგან 2014 წელს შეისყიდეს, შეფერხებებით შენდება. რუსეთის სახელმწიფომ, €12.5-მილიარდიანი პროექტისთვის, €10 მილიარდის მოცულობის სესხი გამოყო. Rosatom-ის განცხადებით, ის ყოველთვის ასრულებდა და შეასრულებს დადებულ ხელშეკრულებებს.
მიუხედავად ამისა, რუსეთის Vnesheconombank-ი, რომელიც Paks 2-ის გაფართოებას აფინანსებს, SWIFT-ის აკრძალვის ქვეშ მოექცა. თუმცა, უნგრეთის მთავრობის სპიკერის განცხადებით, SWIFT-ის აკრძალვა პროექტის გადავადების მიზეზი არ გახდება. ხოლო ევროკომისია, რომელმაც Paks 2-ის პროექტზე 2017 წელს ნებართვა გასცა, სანქციების გავლენაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
Greenpeace Hungary-ის კლიმატისა და ენერგეტიკის კომპანიის წარმომადგენლის მოსაზრებით, რადგან ფული რუსეთიდან უნგრეთში არ გადადის, ამ დროისთვის ეს პრობლემასაც არ გამოიწვევს. თუმცა, მოგვიანებით ეტაპზე, როდესაც სამშენებლო სამუშაოები რეალურად დასრულდება, სიტუაციაც შეიცვლება, რადგან Rosatom-ი ვალდებული გახდება, უნგრელ და დასავლელ ქვეკონტაქტორებს თანხა გადაუხადოს.