რუსეთის ბაზრიდან გასვლით მოდის მსოფლიო ინდუსტრია მილიარდებს კარგავს

რუსეთის ბაზრიდან გასვლით მოდის მსოფლიო ინდუსტრია მილიარდებს კარგავს

მას მერე, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციას ამ დრომდე არნახული მასშტაბის სანქციები დაუწესეს, რომელთა ფონზე, მალევე, რუსული ბაზრიდან გასვლა სხვადასხვა ინდუსტრიაში ჩართულმა საერთაშორისო კომპანიებმა გადაწყვიტეს.

მოდის ინდუსტრია ერთ-ერთი ის სფეროა, რომლის წარმომადგენლებმა, მათ შორის Inditex-მა, H&M-მა, Nike-მა და Adidas-მა რუსეთიდან გასვლა მალევე გადაწყვიტეს, რაც აზარალებს, როგორც რუსულ ეკონომიკას და რუს ხალხს, ასევე ამ კომპანიებს – რუსეთის ბაზრის დატოვებით, ისინი მილიარდებს კარგავენ.

Euromonitor International-ის ინფორმაციით, მხოლოდ ზემოხსენებული ოთხი კომპანია ყოველ წელს €3 მილიარდს დაკარგავს, რადგან მათთვის რუსეთი ერთ-ერთი უმთავრესი ბაზარია. ამ კომპანიების მიერ რუსეთის ბაზრის დატოვების ფინანსური შედეგები ესპანურმა Forbes-მა შეაფასა.

Inditex-მა რუსეთში არსებული 502 მაღაზია დროებით დახურა და ონლაინ-გაყიდვები შეწყვიტა. საერთო ჯამში, ეს გადაწყვეტილება Inditex-ის მაღაზიათა 8%-ის დახურვას ნიშნავს – ცნობისთვის, მსოფლიოში, Inditex-ი მასში შემავალი სხვადასხვა ბრენდის 6500-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. ისე კი, კომპანიაში ირწმუნებიან, გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიათა უმეტესობა ნაქირავებია, ეს გადაწყვეტილება კომპანიის საინვესტიციო პორტფელზე უარყოფითად არ იმოქმედებს. რუსულ ბაზარზე, Inditex-ის ყოველწლიური ბრუნვა €1.6 მილიარდს შეადგენს.

მსგავსი ნაბიჯი Mango-მაც გადადგა: „Mango-მ რუსეთში ფუნქციონირების დროებით შეჩერების, ფიზიკური და ონლაინ მაღაზიების დახურვისა და ქვეყანაში ახალი საქონლის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო“. ისე კი, Mango-ს ბრენდის ქვეშ არსებული მაღაზიების ნახევარზე მეტი ფრენჩაიზის მოდელს იყენებს, რის გამოც, მათ ფუნქციონირება ახლაც შეუძლიათ. რუსული ბაზრიდან გასვლით მოსალოდნელი ფინანსური ზარალი კომპანიაში ჯერჯერობით არ აღურიცხავთ.

რუსეთში საკუთარი მაღაზიების დახურვა Cortefiel-ის, Pedro del Hierro-ს, Springfield-ისა და Women’secret-ის მფლობელმა კომპანიამ, Tendam-მაც გადაწყვიტა – კომპანიას რუსეთში 50 მაღაზია აქვს, რომლებშიც 400 ადამიანი მუშაობს. Tous-მაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო – Inditex-ის მსგავსად, მათ ონლაინგაყიდვები შეაჩერეს და რუსეთის ტერიტორიაზე არსებული 32 მაღაზია დახურეს – თუმცა, ფუნქციონირებას აგრძელებენ კომპანიის ფრენჩაიზის მფლობელი კომპანიები.

რუსეთის ბაზარს მრავალი ბრენდის მფლობელი H&M-იც ტოვებს, რომელმაც გასულ წელს, რუსეთში შვიდი ახალი მაღაზია გახსნა და €700 მილიონის საქონელი გაყიდა – კომპანია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ 168 მაღაზიას ხურავს. „H&M ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ დროებით შეეჩერებინა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული გაყიდვები“, – წერია კომპანიის ხელმძღვანელობის მიმართვაში.

ამ კომპანიათა ჩამონათვალს არც Nike-ი გამორჩა, თუმცა ნაწილობრივ: საქმე ისაა, რომ Nike-ი მხოლოდ ონლაინვაჭრობას შეაჩერებს, ხოლო ფიზიკურ მაღაზიებს არ დახურავს. კომპანიის თქმით, მათ ქვეყანაში ახალი პროდუქციის შეტანის თაობაზე მომხმარებლებისთვის გარანტიების მიცემა არ შეუძლიათ, რის გამოც, აღარ მუშაობს არც ონლაინგაყიდვები და არც – Nike-ის აპლიკაცია. კომპანია საკუთარ მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ პროდუქციის საყიდლად Nike-ის უახლოეს მაღაზიას მიმართონ.

რუსეთში მაღაზიების დახურვა ქვეყანაში €145 მილიონის ბრუნვის მქონე Gucci-მ და Levi’s-მაც გადაწყვიტეს. მათ შეუერთდა €260 მილიონის ბრუნვის მქონე Adidas-იც, რომელმაც რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთან კონტრაქტიც გაწყვიტა. მაღაზიები დახურა რუსული მოდის ბაზრის 0.7%-იანი წილის მქონე Hugo Boss-მაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *