კვირა ღამეს რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ლენინგრადის ოლქში მდებარე ქალაქ კირიშის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში, უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ დასავლური გამოცემები უკრაინელ სამხედროებსა და რუს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ.
რუსული მხარის ინფორმაციით, კვირას, გამთენიისას, ქვეყნის საჰაერო სივრცეში 80-ზე მეტი უკრაინული დრონი დააფიქსირეს. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, კირიშში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხანძარი კი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია. დროზდენკოს ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად კი არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა.
ოფიციალური კიევის განცხადებით, „14 სექტემბრის ღამეს, ლენინგრადის ოლქში, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე“ იერიში უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და უპილოტო სისტემების ძალების მიერ ერთობლივად განხორციელდა. ხანძრის ამსახველი ფოტომასალა უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.
კირიშის ნავთობგადამმუშავებელი, რომელსაც რუსული ნავთობკომპანია „სურგუტნეფტეგაზი“ მართავს, წლიურად დაახლოებით 18 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს აწარმოებს და საწარმოო მოცულობით რუსეთის სამ უდიდეს ობიექტს შორისაა.
რუსეთი მსოფლიოში ნავთობის კვლავ მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია, თუმცა უკრაინის ბოლოდროინდელმა იერიშებმა, სეზონურ ზრდასთან ერთად, ბოლო კვირებში ქვეყანაში ბენზინის დეფიციტი გამოიწვია. დეფიციტის შესაკავებლად, რუსეთმა ბენზინის ექსპორტი შეაჩერა. სრული აკრძალვა 30 სექტემბრამდე, ხოლო ნაწილობრივი აკრძალვა, ტრეიდერებისა და შუამავლებისთვის, 31 ოქტომბრამდე იმოქმედებს.