რუსეთის მიერ ენერგოინფრასტრუქტურაზე განხორციელებული იერიშების შედეგად, კიევის ნახევარზე მეტი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება, მაშინ როდესაც ქვეყანა ძლიერ ყინვებს ებრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ბოლო შეტევების შემდეგ, დედაქალაქის მრავალი მცხოვრები ცივ ბინებში ცხოვრობს, სადაც ელექტროენერგია დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით აქვთ, ზოგჯერ კი საერთოდ არ მიეწოდებათ. უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა თითქმის ოთხი წელია, რუსული სარაკეტო და დრონების დარტყმების სამიზნეა.
„დღეს დილის მონაცემებით, კიევში დაახლოებით 4000 შენობა კვლავ გათბობის გარეშეა, დედაქალაქის თითქმის 60% კი ელექტროენერგიის გარეშე“, – დაწერა ოთხშაბათს ზელენსკი X-ზე.
ოთხშაბათის დილით კიევში ტემპერატურა მინუს 12 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა, თუმცა დღის განმავლობაში მცირედით მოიმატა. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ ელექტროენერგია და გათბობა ერთ დღეზე მეტხანს არ ჰქონდათ.
მდგომარეობა მძიმეა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც. ხარკოვის ოლქში, სადაც ენერგოინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ დაიბომბა, გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს 520 000 მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. სამშაბათს ეს რიცხვი მილიონს აღემატებოდა.
შეფერხებები დაფიქსირდა ოდესის ოლქში. ენერგოკომპანია DTEK-მა განაცხადა, რომ დილით ერთ-ერთი ობიექტი სერიოზულად დაზიანდა, რის შედეგადაც რამდენიმე ათას ოჯახს ელექტროენერგია შეუწყდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა, ის მოსახლეობას მაინც გრაფიკით მიეწოდება, რადგან უკრაინის ენერგოგენერაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მწყობრიდან არის გამოყვანილი.
ელექტროენერგიის გათიშვამ იმოქმედა მობილურ კავშირზეც. უკრაინის უდიდესი მობილური ოპერატორის, Kyivstar-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიის ქსელის თითქმის 10% ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს.









