რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო ოლქებზე, ხმების 100 პროცენტი უკვე დათვლილია. როგორც მოსალოდნელი იყო, მეხუთე ვადით, ქვეყნის პრეზიდენტად მოქმედი ლიდერი ვლადიმირ პუტინი დარჩება.
რუსეთის ცესკოს მონაცემებით, პუტინმა ხმების 85.13% მიიღო. მისივე ინფორმაციით, კონკურენტებიდან ყველაზე მეტი – ხმების 6.65% ლიბერალური, ბიზნესის მომხრე პარტია “ახალი ხალხი”-ის კანდიდატმა ვლადისლავ დავანკოვმა დააგროვა, მას მოჰყვება კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი ნიკოლაი ხარიტონოვი (3.84%) და LDPR-ის ლეონიდ სლუცკი – 2.83%-ით.
კომისიის ცნობით, დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემისას, პუტინმა ხმების დაახლოებით 89.1% მიიღო, დავანკოვმა – 4.4%, ხარიტონოვმა და სლუცკიმ კი შესაბამისად, 3.3% და 3.2%. შედეგად, პრეზიდენტმა პუტინმა მმართველობის ვადა ქვეყანაში დამატებით 6 წლით, 2030 წლამდე ფორმალურადაც გაიხანგრძლივა.
მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ოლგა კირილოვას განცხადებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ, წინასწარი მონაცემებით, 66%-ს მიაღწია – ჯამში, დაახლოებით 5.38 მილიონი ელექტრონული და ქაღალდის ბიულელეტენი გაიცა.
რუსეთის რიგით მერვე საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ქვეყნის ისტორიაში პირველად, რუსეთში არჩევნები ნაწილობრივ დისტანციურად, ელექტრონული ხმის მიცემის გამოყენებით ჩატარდა, რომელიც ქვეყნის რეგიონების დაახლოებით მესამედში იყო ხელმისაწვდომი.
მოქალაქეთა ნაწილი პუტინის ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯებს არ შეუშინდა და არჩევნებთან დაპირისპირება სცადა. “ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, არჩევნების ჩაშლის მცდელობის ბრალდებით, ბოლო 24 საათში, რუსეთში სულ მცირე 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საარჩევნო უბნებზე მოქალაქეებმა ცეცხლის გაჩენა და საარჩევნო ყუთების საღებავით შევსება სცადეს. კენჭისყრის მიმდინარეობისას მწვანე საღებავებით ბიულეტენების გაფუჭების 20-მდე მცდელობა დაფიქსირდა.
ამჟამინდელი ლიდერი ქვეყნის ხელისუფლებაში იყო იმაზე მეტხანს, ვიდრე ნებისმიერი მმართველი საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტად პუტინი პირველად 2000 წელს აირჩიეს.
უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში პუტინი მუდმივად პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, გარდა 2008-2012 წლებისა, როდესაც რუსეთის კონსტიტუციით დაწესებული ორვადიანი ლიმიტის გამო, ოთხი წლით პრემიერის თანამდებობის შეთავსება მოუწია.