ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 10 სექტემბერს, State of the Union-ის მიმართვისას კიდევ ერთხელ გაიმეორა ბალტიისპირეთის ქვეყნების მოწოდება „დრონების კედლის“ აშენების შესახებ და დასძინა, რომ ევროპამ მათი მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს. ლაიენის თქმით, ეს რეგიონის ქვეყნებისთვის არა „აბსტრაქტული ამბიცია, არამედ სანდო თავდაცვის საფუძველია“.
ამავდროულად, თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი, EU-ის აღმოსავლეთ საზღვარზე „დრონების კედლის” შესაქმნელად მოლაპარაკებებისთვის, წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ორგანიზებასაც გეგმავს. Reuters-ის ცნობით, შეხვედრა დღის წესრიგში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონები შეიჭრა.
ფონ დერ ლაიენიც და კუბილიუსიც პოლონეთს, ფინეთს, ესტონეთს, ლატვასა და ლიეტუვას შორის თანამშრომლობით ბალტიის დრონების კედლის შექმნაზე მიუთითებენ. დრონების კედელი რეგიონს რუსეთისგან დაიცავს, პარალელურად კი, ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვარს გააძლიერებს.
როგორც Euronews-ი პროექტში ჩართული სულ მცირე რვა კომპანიისგან ორზე დაყრდნობით წერს, კედლისთვის საჭირო ტექნოლოგიის ნაწილები უკვე განლაგებულია. პროექტი ახლა უკვე ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილების მოლოდინშია – მოისურვებენ თუ არა ისინი, ქვეყნის თავდაცვის სისტემებში ახალი ტექნოლოგიის ინტეგრირებას.
ესტონური თავდაცვის კომპანია DefSencientel-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, იანუს ტამის განცხადებით, კუბილიუსის შეხვედრიდან ისინი მხოლოდ მოქმედებაზე დასტურს ელოდებიან. შემდგომი ნაბიჯები კი ცნობილი ამის შემდეგ გახდება.
დრონების კედლის პროექტი „დრონების მრავალშრიან თავდაცვის სისტემას“, Eirshield-ს დაეყრდნობა. ის DefSecIntel-ისა და ლატვიური კომპანია Origin Robotics-ის პარტნიორობით შეიქმნა. სისტემა, დრონის მიმართულებისა და მისი საფრთხის დონის დასადგენად, რადარებს, კამერებსა და რადიოსიხშირულ დეტექტორებს იყენებს. ამის შემდგომ კი მოქმედების ვარიანტებს, მათ შორის სხვა დრონით დარტმის აუცილებლობას განსაზღვრავს.
Origin Robots-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, აგრის კიპურსის განცხადებით, სისტემა – დაწყებული დრონების აღმოჩენიდან, დაუსრულებელი გაუვნებლებით – სრულად ავტომატურია. Eirshield-ი „სწრაფად მფრინავი უპილოტო“ სამიზნეების წინააღმდეგაა შექმნილი, რომელთაც გადააქვთ ქობინები და 200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით ფრენა შეუძლიათ. კიპურსის ინფორმაციით, Eirshield-ის სისტემის გამოყენების ხარჯი „ათიათასობით“ ევროა, მაშინ როდესაც ძველი, სტანდარტული საჰაერო დარტყმის სისტემების ხარჯი რამდენიმე მილიონს შეადგენს.
როგორც DefSencientel-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ეს სისტემა უკვე განლაგებულია უკრაინის ტერიტორიაზე. თუმცა უკრაინის შემთხვევაში „მესამე მხარის საარტილერიო სისტემა“ მხოლოდ დაბლა მფრინავი დრონების განადგურებაზეა მორგებული, მაგალითად, როგორიცაა ე.წ. „შაჰედის” დრონები. ტამის ვარაუდითვე, უკრაინაში გამოყენებულ Eirshield-სისტემაში ცვლილებები იქნება საჭირო, რათა ის ნატოს სტანდარტებს მოერგოს. მისი თქმით, დრონების კედლით ტრადიციულ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩანაცვლება არ იგეგმება.
ცნობისთვის, ევროკომისიამ გასულ თვეში დაბლოკა ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ წარდგენილი 12 მილიონი ევროს ღირებულების დრონების კედლის დაფინანსების წინადადება. კიპურსის ინფორმაციით, იმ დროისთვის წარდგენილი პროექტი ზუსტად არ შეესაბამებოდა იმას, რისი დაფინანსებაც ევროკომისიას სურდა.
თავის მხრივ, ესტონეთის მთავრობამ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში დრონების კედლის პროგრამის დაფინანსებისთვის, 12 მილიონი ევრო უკვე გამოყო. პროექტზე სახელმწიფო თავდაცვის კომპანიები და მეზობელი ლატვიისა და ლიეტუვის ფირმები იმუშავებენ. დამატებით, დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიის განვითარებისთვის, ლატვიამ 10 მილიონი ევრო გადასცა Origin Robotics-ს, SAF Tehnika-სა და Frankenburg Technologies-ს. ხოლო ლიეტუვამ, ევროკავშირისგან დრონების შეძენისთვის მიღებული 11 მილიონი ევროდან, 3 მილიონი დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობის შესყიდვას მოახმარა.