ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, კრემლმა ათასობით მიგრანტი და უცხოელი სტუდენტი უკრაინის ომში საბრძოლველად იძულებით გაგზავნა. დამატებითი სამხედრო ძალა რუსეთს განსაკუთრებით ხარკოვის რეგიონში შეტევისთვის სჭირდებოდა.
როგორც დასავლური გამოცემები ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსკოვი აფრიკელ სტუდენტებსა და დასაქმებულებს ვიზების შეწყვეტით ემუქრება. აფრიკელთა ნაწილმა სამუშაოდ ქვეყანაში დარჩენა და სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება მხოლოდ ჩინოვნიკთა მოსყიდვით შეძლო. იმავე პირების ცნობით, რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად მსჯავრდებულებსაც გზავნის.
რუსეთის პრაქტიკა მიგრანტებისა და სტუდენტების საბრძოლველად იძულებით გაგზავნის შესახებ, ჯერ კიდევ ომის საწყისი დღეებით თარიღდება. ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, მიგრანტებს კრემლი განსაკუთრებით სარისკო ადგილებში განალაგებს, რაც ქვეყანას მაღალკვალიფიციური ქვედანაყოფების დაცვაში ეხმარება. Rossotrudnichestvo-ს ხელმძღვანელ ევგენი პრიმაკოვის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთში 35,000-დან 37,000-მდე აფრიკელი სტუდენტი ცხოვრობს.
უკრაინული დაზვერვის მოხსენებით, რუსეთმა დაქირავებული ჯარისკაცების ჩასარიცხად გლობალური რეკრუტირების პროცესი, სულ მცირე, 21 ქვეყანაში, მათ შორის აფრიკაში დაიწყო. არმიის რეკრუტირების კამპანიები მოხალისეებს ბონუსებს, კონტრაქტის დადების შემთხვევაში კი ხელფასს სთავაზობს. თუმცა რეკრუტირების პროცესი შეეხო იმ ადამიანებსაც, რომლებიც რუსეთში სამუშაოს საძებნელად ჩავიდნენ.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ მაისში დღიურად 1,200-ზე მეტ ადამიანს კარგავდნენ, რაც ომის დაწყების დღიდან მსხვერპლთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იმავე ანგარიშით, უკრაინის ომში რუსეთის 500,000-მდე სამხედრო დაიჭრა ან დაიღუპა.