რუსეთის მთავრობამ საგანგებო სარეზერვო ფონდში დამატებით 9.5 მილიარდი აშშ დოლარი განათავსა. აღნიშნული ნაბიჯი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალის მასტიმულირებელი პაკეტით აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მობილიზებული თანხა ეკონომიკური განვითარების სტაბილურობის შესანარჩუნებლად გამოიყენება.
საინტერესოა, რომ რეზერვების გაძლიერების მთავარი მიზეზი და წყარო რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობისა და ბუნებრივი აირისაგან მიღებული შემოსავალია. დასავლეთის მიერ რუსეთის ენერგოსექტორისათვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკაში ზემოთ აღნიშნული ნედლეულის გაყიდვით ყოველდღიურად ასობით მილიონი დოლარი შეედინება.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლური სახელმწიფოების თანამეგობრობამ რუსეთის ეკონომიკას სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაუწესა. სანქციების პაკეტით რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივების თითქმის ნახევარი, 300 მილიარდი აშშ დოლარი გაუყინეს. აღნიშნულ თანხაში კი როგორც ოქროს, ისე უცხოური ვალუტის რეზერვებიც ერთიანდება.
ცნობისათვის, რუსეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირისაგან მიღებულ მოგებას სუვერენულ სიმდიდრის ფონდში მიმართავდა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $198 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული ფონდის დანიშნულება დიდი საინვესტიციო პროექტების დაფინანსება გახლდათ.
რაც შეეხება საგანგებო სარეზერვო ფონდს, ეს თანხების ალოკაციის უფრო მოქნილი საშუალება გახლავთ. საგანგებო სარეზერვო ფონდი რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს აქტივები საკუთარი სურვილისამებრ გარკვეული პროცესების მხარდასაჭერად მარტივად მიმართონ.
გასულ თვეს, იმავე ფონდში რუსეთის მთავრობამ 13.5 მილიარდი აშშ დოლარი განათავსა.