რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს | რა უნდა ვიცოდეთ?

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს | რა უნდა ვიცოდეთ?

რუსეთისთვის რიგით მერვე საპრეზიდენტო არჩევები დღეს დილით დაიწყო. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა, არსებული სურათით, ნაკლებად საეჭვოა, რომ პრეზიდენტ პუტინის ჩანაცვლება პოსტზე რომელიმე მისმა მოწინააღმდეგემ შეძლოს. შედეგად, დიდი ალბათობით, 18 მარტს, ვლადიმირ პუტინი მმართველობის ვადას დამატებით ექვსი წლით გაიხანგრძლივებს.

საარჩევნო უბნები, რუსეთის უკიდურესად აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში – კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ყველაზე ბოლოს კი, დასავლეთ კალინინგრადის ექსკლავში, კვირას, 20:00 საათზე დაიხურება.

მეხუთე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 71 წლის ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობას გასული წლის დეკემბერში, სამხედროთა დაჯილდოების ცერემონიაზე აცნობა. საზეიმო ღონისძიებაზე რუსეთის ლიდერმა უკრაინაში, როგორც თავად უწოდებს, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე ჯარისკაცებს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები გადასცა.

„ჩვენ შენ გვჭირდები, შენ რუსეთს სჭირდები!” – განაცხადა ცერემონიის მიმდინარეობისას ვიცე-პოლკოვნიკმა არტიომ ჟოგამ და სთხოვა მას, რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. რაზეც პოლკოვნიკს თავად პრეზიდენტიც დაეთანხმა: „ახლა გადაწყვეტილებების მიღების დროა. მე ვიყრი კენჭს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე“.

ამჟამინდელი ლიდერი ქვეყნის ხელისუფლებაში იყო იმაზე მეტხანს, ვიდრე ნებისმიერი მმართველი საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტად პუტინი პირველად 2000 წელს აირჩიეს. უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში პუტინი მუდმივად პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, გარდა 2008-2012 წლებისა, როდესაც რუსეთის კონსტიტუციით დაწესებული ორვადიანი ლიმიტის გამო, ოთხი წლით პრემიერის თანამდებობის შეთავსება მოუწია.

ამის შემდეგ კი პუტინმა წესებიც შეცვალა, რაც მას საშუალებას აძლევს, 2030 წელსაც იყაროს ქვეყნის პრეზიდენტობისთვის კენჭი დამატებით 6-წლიანი ვადის უზრუნველსაყოფად. თუმცა, ამ დროისთვის, რუსეთის ლიდერი უკვე თითქმის 78 წლის იქნება.

მიმდინარე არჩევნებშიც, პრეზიდენტ პუტინს რეალური ოპონენტები არ ჰყავს. მისი ყველაზე გამოკვეთილი კრიტიკოსები ან გარდაცვლილები არიან, ანდაც ციხეში ან გადასახლებაში იმყოფებიან. მათ შორისაა ალექსეი ნავალნი, რუსი ოპოზიციონერი, რომელიც მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ საეჭვო ვითარებაში, გასულ თვეში ციხეში გარდაიცვალა.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთაც რუსეთი თავის „ახალ რეგიონებად“ მოიხსენიებს, კენჭისყრა არჩევნების დაწყებამდე 10 დღით ადრე გაიხსნა. მანამდე კი სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ვრცელდებოდა რეკლამები, რომლებიც მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

რაც შეეხება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის კონკურენტებს. ერთ-ერთი მათგანი „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენელი ნიკოლაი ხარიტონოვია – მეორე ყველაზე პოპულარული პარტიის ლიდერი რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელზე მეტის გასვლის შემდეგაც კი.

საბჭოთა ნოსტალგიის მქონე ხარიტონოვთან ერთად, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არიან ნაციონალისტური LDPR-ის წარმომადგენელი ლეონიდ სლუცკი და ვლადისლავ დავანკოვი – ლიბერალური, ბიზნესის მხარდამჭერი პარტია New People-დან. მიუხედავად მათი ძალიან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციისა, სამივე მხარს უჭერს კრემლის პოლიტიკას – და არცერთს არა აქვს შანსი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

პრეზიდენტად 20 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგაც კი, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოფხვრა ვერ შეძლო, როგორიც სიღარიბე, ჯანდაცვა და განათლებაა. სამაგიეროდ, ქვეყანა სრულად გადართულია სამხედრო ძლიერებაზე. 2024 წელსაც, რუსეთის ბიუჯეტის დაახლოებით 40% სწორედ სამხედრო და ეროვნულ უსაფრთხოებაზე იხარჯება. პარალელურად კი პრეზიდენტი აგრძელებს ბირთვული ომის დაწყების მუქარას. ბოლოდროინდელი განცხადებებით, რუსეთი ბირთვული ომისთვის მუდმივ მზადყოფნაშია, იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროებას დაინახავს.