უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრის საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციების შედეგები უკვე მკაფიოდ შესამჩნევია: რუსეთში სატრანსპორტო გადაზიდვები და ტვირთბრუნვა მკვეთრად ეცემა, ქვეყანა კი რიგი ეკონომიკური და ლოგისტიკური პრობლემების წინაშეა.
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო როგორც რუსეთის საჰაერო, ასევე საზღვაო და სახმელეთო სექტორებს – რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს შეეზღუდათ ევროკავშირის პორტებში შესვლა, რუსული ავიაკომპანიებისთვის კი EU-ს საჰაერო სივრცე ჩაიკეტა.
Forbes-ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის საზღვაო გადაზიდვები თითქმის 40%-ით შემცირდა, რაც მოკლე პერიოდში აღნიშნული ინდიკატორის ვარდნის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.
გარდა პირდაპირი სატრანსპორტო შეზღუდვებისა, სანქციები მსხვილ რუსულ ორგანიზაციებს, მათ შორის, რუსეთის რკინიგზასაც შეეხო, რომელსაც მნიშვნელოვნად შეეზღუდა ფინანსური რესურსების მოზიდვა და დასავლური საფინანსო ინსტრუმენტების საშუალებით ობლიგაციების განთავსება.
საგულისხმოა, რომ რუსეთში კონტეინერებისა და ვაგონების სერიოზული დეფიციტიც მწიფდება – საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც მიიღეს რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება, დაახლოებით 300-500 ათას კონტეინერს ფლობდნენ, მათი დიდი ნაწილი კი ადგილობრივი ტვირთბრუნვისთვისაც გამოიყენებოდა. მთავრობა გეგმავს, რომ კონტეინერების დეფიციტიც ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლოს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული მოცულობის ერთბაშად ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან რუსეთის საწარმოო შესაძლებლობები წელიწადში მხოლოდ 10,000 კონტეინერს შეადგენს.
აღნიშნულ დეფიციტს ამწვავებს საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიების, DHL-ის, MAERSK-ის, MSC-ისა და CMA-ის ბოიკოტი და მათ მიერ ნებაყოფლობით დაწესებული შეზღუდვები.
პოტენციური გამოწვევების წინაშე დგას სახმელეთო-სატრანსპორტო ინდუსტრიაც, რადგან ადგილობრივი გადაზიდვებისთვის რუსეთში ძირითადად Mercedes-Benz-ის, MAN-ის, Scania-სა და Volvo-ს ტრაილერები გამოიყენება, აღნიშნულმა ავტომწარმოებლებმა კი პროტესტის ნიშნად რუსეთს გარკვეული სერვისებისა და პროდუქციის მიწოდება შეუზღუდეს.
რუსეთის მთავრობა გეგმავს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით გამოწვეული პრობლემები ადგილობრივი წარმოებით გადაჭრას, თუმცა, ფაქტია, რომ ყველაფრის მოგვარება ადგილობრივ დონეზე შეუძლებელია, რუსეთის ეკონომიკაზე სანქციებით მიყენებულ ზიანი კი დროსთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდება.