უკრაინელი მილიარდერი რინატ ახმეტოვი მარიუპოლის აღდგენის პირობას დებს

უკრაინელი მილიარდერი რინატ ახმეტოვი მარიუპოლის აღდგენის პირობას დებს

ინდუსტრიულმა მაგნატმა და უკრაინის უმდიდრესმა ადამიანმა, რინატ ახმეტოვმა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად განადგურებული მარიუპოლის აღდგენის პირობა დადო, – ამის შესახებ მან Reuters-თან ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მარიუპოლთან რინატ ახმეტოვს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს – მისი კომპანიის საბადოები სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს. ახმეტოვმა ისაუბრა იმაზეც, რომ ამ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, მის ქვეყანას გლობალურ კონკურენტულ ძალად აქცევს.

მარიუპოლი აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე არც თუ ისე დიდი ქალაქია, რომელშიც 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად იქცა – ქალაქის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ომს 10 ათასი მარიუპოლელის სიცოცხლე შეეწირა.

აღსანიშნავია, რომ ახმეტოვის მფლობელობაში არსებული Metinvest-ი, რომელიც ფოლადის უდიდესი მწარმოებელია უკრაინაში, ქვეყნის მოთხოვნის 1/3-ზე მეტის დასაკმაყოფილებლად საჭირო ფოლადს, სწორედ მარიუპოლში აწარმოებს – ახმეტოვმა განაცხადა, რომ ქალაქში მყოფ თანამშრომლებს ყოველდღიურად ესაუბრება. თუმცა, როგორც ჩანს, ქვეყნის აღდგენაში გადამწყვეტ როლს ახმეტოვის ფინანსური და ინდუსტრიული ჰოლდინგი და უკრაინის უმსხვილესი დამსაქმებელი, SCM Group-ი ითამაშებს. ცნობისთვის გეტყვით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიღებული ზარალს უკრაინის ხელისუფლება $1 ტრილიონად აფასებს.

„ჩვენთვის, ომი 2014 წელს დაიწყო. ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ დონბასში ჩვენი აქტივები დავკარგეთ. ჩვენი ბიზნესები დავკარგეთ, მაგრამ ამან გაგვაძლიერა და სიმტკიცე შეგვმატა“, – ამბობს ახმეტოვი. „მჯერა, რომ ამ ომში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ერთად შევქმნით თავისუფალ, ევროპულ, დემოკრატიულ და წარმატებულ უკრაინას“.

აღსანიშნავია, რომ რინატ ახმეტოვი ერთ-ერთი ის უკრაინელი მილიარდერია, რომელმაც ომით გატანჯულ მის ქვეყანას ყველაზე დიდი ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. Forbes-ის მილიარდერთა ლაივ-რეიტინგის მიხედვით, რინატ ახმეტოვი $3.9 მილიარდის ქონებას ფლობს. საინტერესოა, რომ 2013 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე, ახმეტოვის ქონება $15.3 მილიარდად იყო შეფასებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *