რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, დანია ევროკავშირს გაზის მიწოდებას გაუზრდის

რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, დანია ევროკავშირს გაზის მიწოდებას გაუზრდის

რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად და ევროკავშირის მოთხოვნის ნაწილობრივ დასაკმაყოფილებლად, დანიის მთავრობა გეგმავს, უახლოეს მომავალში ბუნებრივი აირის წარმოება და EU-სთვის მისი მიწოდება დროებით მნიშვნელოვნად გაზარდოს.

გარდა ამისა, მთავრობა პირობას დებს, რომ 2030 წლამდე ქვეყანაში ენერგიის განახლებადი წყაროების წილი გაოთხმაგდება, 2050 წლისთვის კი დანიის ინფრასტრუქტურა სრულად გადავა „მწვანე“ ენერგიაზე.

„ჩვენ ევროპას მწვანე ენერგიით მოვამარაგებთ და ამ გზით ჩავანაცვლებთ რუსულ გაზს“, – განაცხადა დანიის ენერგეტიკის მინისტრმა, დენ იორგენსენმა.

უახლოეს მომავალში ბუნებრივი აირის მოპოვების გასაზრდელად დანიის ენერგეტიკის სამინისტრო გეგმავს, რომ ჩრდილოეთის ზღვაში არსებული საბადოები გამოიყენოს.

ენერგეტიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, დამატებით რა მოცულობის ბუნებრივი აირის მოპოვება იქნება შესაძლებელი, თუმცა სავარაუდოა, რომ მხოლოდ დანია რუსეთის სრულად ჩანაცვლებას ვერ შეძლებს და ამისათვის სხვა ქვეყნების გააქტიურებაც იქნება აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის წლიური მოპოვების გლობალურ რეიტინგში რუსეთის ფედერაცია მეორე ადგილზეა, დანია კი ამჟამად 57-ე ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *