გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირა საავტომობილო სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. ახალი ავტომობილების წარდგენით მრავალმა ბრენდმა გაგვანებივრა. ზოგმაც კარგად ნაცნობი, ძველი ავტომობილის განახლება გადაწყვიტა. თუმცა, სიახლეებთან ერთად, ინდუსტრიაში არსებულმა პრობლემებმაც შეგვახსენა თავი. თუკი წამყვანი ავტობრენდების ხელმძღვანელებს დავუჯერებთ, ჩიპების დეფიციტის აღმოფხვრა კვლავ შორეული პერსპექტივაა. რაოდენ გასაკვირიც  უნდა იყოს, მომწიფდა საუბრები ელექტრომობილების მომავლის უარყოფით მხარეებზეც. გასული კვირის გამორჩეულ საავტომობილო სიახლეებს ტრადიციულად Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ავტობლოგში გაეცნობით.

იაპონური Toyota 67 წლის Crown-ის SUV მოდელად ქცევას გეგმავს

იაპონური ავტომწარმოებელი Toyota Motor Corp-ი საკუთარი ლეგენდარული სედანის, 67-წლიანი ისტორიის მქონე Crown-ის SUV მოდელად გადაქცევას გეგმავს. 7 ათწლეულის განმავლობაში იაპონური ბაზრის ღირსეული წარმომადგენელი ამიერიდან ჩინეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებისთვისაც შეიქმნება.

REUTERS/Athit Perawongmetha

ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია თავად Toyota-ს საჯაროდ არ გაუჟღერებია, თუმცა, როგორც საკითხთან დაახლოებული პირები მედიას აუწყებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებელთა SUV-ის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო მიიღეს. ბოლოდროინდელი ტენდენციები ცხადყოფს, რომ ადამიანები უპირატესობას უფრო მაღალ ავტომობილებს ანიჭებენ, სედანების ეპოქა კი დასასრულს უახლოვდება. შესაბამისად, ავტომწარმოებლებიც იძულებულნი არიან, მომხმარებელთა მოთხოვნებს მოერგონ.

ახალი Crown-ი, რომელიც SUV-ფორმით წარდგება, სამი ოფციით იქნება ხელმისაწვდომი. იაპონელები მის ჰიბრიდულ, დამუხტვად ჰიბრიდულ და ელექტრულ ვერსიებს შექმნიან. ჰიბრიდული მოდელების გაყიდვები, სავარაუდოდ, 2023 წლის ზაფხულიდან დაიწყება და ის ადგილობრივი ბაზრის გარდა ექსპორტზე ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც გავა. რაც შეეხება დამუხტვად ჰიბრიდს, ის ადგილობრივი ბაზრისთვის იწარმოება. ინფორმატორების განცხადებით, ელექტრომოდელის შეძენა 2024 წლის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა ავტომწარმოებელი მის ექსპორტთან დაკავშირებულ დეტალებზე ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ Crown-ი ამიერიდან მხოლოდ SUV-ი ფორმით მოგვევლინება. Toyota მისი სრულად შეცვლილი მოდელის მქონე სედანს წელს, ზაფხულში წარადგენს. ორივე მოდელი იაპონიაში, Toyota-ს ქარხნებში იწარმოება. თავად Toyota-ს პრესსპიკერმა აღნიშნული სიახლის შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.

ცნობისათვის, Crown-ი ისტორიული ავტომობილია. იგი პირველი სამგზავრო მანქანა გახლავთ, რომელიც სრულად იაპონიაში შემუშავდა და აიწყო. შეიძლება ითქვას, რომ იაპონიის ავტოსაწარმოო ცენტრად ჩამოყალიბების საწყისი წერტილი სწორედ Crown-ის წარმოება იყო. გარდა ამისა, იგი პირველი ავტომობილი გახლდათ, რომელიც Toyota-მ შეერთებულ შტატებში, 1958 წელს ექსპორტზე გაიტანა. თუმცა აღნიშნულიდან ორი წლის შემდეგ მას ექსპორტის შეჩერება მოუწია, რადგან ავტომობილის ძრავა შტატების გზატკეცილებზე მოთხოვილი მახასიათებლებისათვის შეუსაბამო აღმოჩნდა.

იაპონიის „ოქროს ხანაში“, 1990 წელს Toyota-მ აღნიშნული ავტომობილის 200 000 ეგზემპლარის გაყიდვა შეძლო. გასულ წელს კი ავტომობილის გაყიდვების რიცხვმა მხოლოდ 21 000 ერთეული შეადგინა.

BMW-ის ხელმძღვანელი მხოლოდ ელექტროინდუსტრიული სტრატეგიის შესახებ გაფრთხილებას იძლევა

გერმანული ავტომწარმოებლის, BMW-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ ციპსე ავტოკომპანიებს სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებს. მისი რჩევით, ავტომწარმოებლები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე დამოკიდებულნი არ გახდნენ. მან დამატებით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ბაზარი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისათვის.

REUTERS/Lukas Barth/File Photo

„როდესაც ვუყურებთ განვითარებად ტექნოლოგიებს, მხედველობაში მაქვს ელექტრომობილების ინდუსტრია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კონკრეტულ ქვეყნებზე დამოკიდებული არ გავხდეთ“ – აღნიშნულის შესახებ BMW-ის ხელმძღვანელმა ნიუ-იორკში განაცხადა და მიანიშნა, რომ ელექტროძრავების ელემენტების მასალებს ძირითადად ჩინეთი აკონტროლებს.

„თუკი მომხმარებელი ვერ ყიდულობს ძვირად ღირებულ ელექტრომობილს, თუმცა ავტომობილი სჭირდება, რას სთავაზობთ? რომ საკუთარი ძველი ავტომობილი სამუდამოდ მართოს? თუკი თქვენ არ მიჰყიდით მას ახალ შიდაწვისძრავიან ავტომობილს, ამას სხვა იზამს“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ BMW-ის აღმასრულებელი დირექტორი შიდაწვისძრავიანი ავტომობილების სრულად აკრძალვის იდეის დიდ კრიტიკოსს წარმოადგენს. მისი განმარტებით, ენერგოეფექტიანი ძრავის მქონე ავტომობილების გამოჩენა როგორც ფინანსურ, ისე ეკომეგობრულ პერსპექტივებს ქმნის. ამით ოლივერ ცეპსემ იმ სიცარიელეზე მიანიშნა, რომელიც დასამუხტ ინფრასტრუქტურასა და ელექტრომობილების მაღალ ღირებულებაში არსებობს.

BMW-ის CEO-ს პროგნოზით, ჩიპების დეფიციტი 2023 წელსაც გაგრძელდება

გერმანული ავტომწარმოებლის, BMW-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ზიპსის განცხადებით, ნახევარგამტარების დეფიციტი ავტოინდუსტრიისთვის პრობლემად 2023 წელსაც დარჩება. აღნიშნული პროგნოზი BMW-ის CEO-მ გერმანულ გაზეთ Neue Zuercher Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.

REUTERS/Lukas Barth

„ჯერ კიდევ ჩიპების დეფიციტის მწვერვალზე ვიმყოფებით. ველი, რომ ამ კუთხით გარკვეული გაუმჯობესება შემდეგი წლიდან იქნება, თუმცა ზოგად დეფიციტთან გამკლავება 2023 წელსაც მოგვიწევს“, – განაცხადა ზიპსმა.

საინტერესოა, რომ ბოლოს BMW-ის ხელმძღვანელი რგოლის წევრების პროგნოზი ჩიპების დეფიციტთან დაკავშირებით მარტში გავრცელდა. მაშინ ნახევარგამტარების დეფიციტის დასრულების თარიღად მენეჯმენტი 2022 წლის ბოლოს ასახელებდა. როგორც ჩანს, სავარაუდო თარიღმა კიდევ უფრო გადაიწია.

ბუნებრივია, ამას ახალი ავტომობილების ფასზე დიდი გავლენა ექნება. ჩიპების დეფიციტი ჯერ კიდევ წინა წლიდან დაიწყო და ავტომობილების ღირებულება უკვე გაზარდა. შესაბამისად, თუკი პრობლემა კვლავ შენარჩუნება, შესაძლოა, საქმე კიდევ უფრო შესამჩნევ ზრდასთან გვქონდეს.

უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერზე გავლენას უკრაინაში მიმდინარე ომიც ახდენს. ნახევარგამტარებისათვის საჭირო ქიმიური ელემენტების გარკვეული წილის ექსპორტს სწორედ უკრაინა უზრუნველყოფდა. შესაბამისად, ისედაც არსებულ დეფიციტს, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ზემოაღნიშნულ საკითხზე განცხადება Volkswagen-ის CFO-მაც გაავრცელა. კომპანიის ფინანსური დირექტორის პროგნოზით, ნახევარგამტარების მიწოდება მოთხოვნის შესაბამისი 2024 წლამდე არ იქნება.

Mercedes-Benz EQXX-ის პროტოტიპმა ერთი სრული დამუხტვით 1000კმ-ის გავლა შეძლო

გერმანული ავტომწარმოებლის, Mercedes-Benz-ის მთავარი ტექნოლოგიური ხელმძღვანელის განცხადებით, ბრენდის მიზანი მაქსიმალურად ენერგოეფექტიანი  ავტომობილების შექმნა იქნება. როგორც ჩანს, Mercedes-ი ამჟამად არსებული ელექტრომობილების საშუალო ენერგომოხმარების მესამედით შემცირებას და ყოველ 100 კილომეტრზე 10 კილოვატ/საათამდე დაყვანას გეგმავს.

REUTERS/Athit Perawongmetha

ამის შესანიშნავი დადასტურება კი ახალი EQXX პროტოტიპის მიერ ნაჩვენები შედეგია. კომპანიის მთავარი ტექნოლოგიური ხელმძღვანელის, მარკუს შეფერის, ინფორმაციით, ახალმა Mercedes EQXX-მა საკუთარი ენერგოეფექტიანი დიზაინის წყალობით, ერთი სრული დამუხტვით 1000 კილომეტრის გავლა შეძლო, რაც წარმოუდგენელი შედეგია.

მარკუს შეფერმა აღნიშნული ინფორმაცია მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. „პირველად ჩვენ ვაუმჯობესებთ ენერგოეფექტიანობას, შემდეგ კი ვწყვეტთ, რამდენი ელემენტის მოდულის ჩადგმა შეგვიძლია ავტომობილში“, – განაცხადა მან. მისი ინფორმაციით, მომავალში მომხმარებელს თავად შეეძლება, განსაზღვროს ელემენტების ზომა მათ მიერ შერჩეულ ავტომობილებში საჭიროების მიხედვით.

მოგეხსენებათ, ამჟამად მსოფლიოს უმთავრეს ელექტრომწარმოებლებში რბოლა მიმდინარეობს მაქსიმალურად ენერგოეფექტიანი ავტომობილის შესაქმნელად. ავტომწარმოებლები, დაწყებული Mercedes-ით, გაგრძელებული Tesla-თი და დასრულებული ჩინური Nio-თი ცდილობენ, რომ საკუთარ ელექტრომობილებს ერთი დამუხტვით რაც შეიძლება დიდი მანძილი გაატარონ. შეგახსენებთ, რომ დასამუხტი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ჯერ ისევ პრობლემას წარმოადგენს.

Mercedes-ის ახალმა ავტომობილმა ყოველ 100 კილომეტრზე 8.7 კილოვატ/საათი ენერგია გამოიყენა და გადაადგილებას ჯამში 11 საათი და 30 წუთი მოანდომა. შედეგად, ის დაახლოებით ორჯერ უფრო ენერგოეფექტიანი აღმოჩნდა ბაზარზე არსებულ Mercedes-ის ნებისმიერ ავტომობილსა და Tesla-ს Model S 60-ზე.

Kia-მ ახალი დიზაინის მქონე ელექტრო-Niro და გაუმჯობესებული SUV-ი Telluride წარადგინა

გასულ კვირას Kia-მ საკუთარი საწარმოო ხაზის განახლებული მოდელების, ჰიბრიდული და ელექტრო-Niro-სა და პოპულარული Telluride-ის გაუმჯობესებული ვერსიები წარადგინა. ორივე მოდელი Kia-სათვის განსაკუთრებულ ავტომობილს წარმოადგენს. Telluride-ის გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, Niro კი გაძვირებული საწვავის ფონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ენერგოეფექტიანობის გამო.

ახალი დიზაინის მქონე Niro სამი ოფციით: ელექტრო, ჰიბრიდი და დამუხტვადი ჰიბრიდით, იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება ახალი ფუნქციებიც. ახალ ჰიბრიდს, კომპანიის პროგნოზით, 900-მდე კილომეტრის გავლა შეეძლება. თუმცა საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი ექნება მის ელექტროვერსიას. ერთი სრული დამუხტვით ახალ ელექტრო-Niro-ს მხოლოდ 400 კილომეტრის გავლა შეეძლება, რაც კონკურენტებთან შედარებით ნაკლებ მანძილს წარმოადგენს. ამ ავტომობილის გაყიდვებმა 2021 წელს 26 200 ერთეული შეადგინა.

KIA

სანაცვლოდ, საკმაოდ პოპულარული გამოდგა Telluride-ი, რომლის გაყიდვებმაც გასულ წელს 93 705 ეგზემპლარი შეადგინა. საკუთარი ხელმისაწვდომობისა და კომპლექტაციების გამო ის შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი SUV გახლავთ. 2023 წლის Telluride კი უფრო დახვეწილი და უსაფრთხო იქნება.

KIA

გაუმჯობესებული Telluride  – მესამე კვარტალის ბოლოდან, ხოლო Niro ამ ზაფხულიდან გაიყიდება. მათი ღირებულების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

Stellantis-ი საკუთარ ავტომობილებში Qualcomm-ის ტექნოლოგიას გამოიყენებს

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Stellantis-მა Qualcomm-თან შეთანხმება დადო. ავტობრენდი საკუთარი საავტომობილო საწარმოო ხაზის გასაუმჯობესებლად, ტექკომპანიის შემდეგი თაობის ჭკვიანი ავტომობილის ტექნოლოგიას გამოიყენებს. 2024 წლიდან Stellantis-ის 14 ბრენდი, Peugeot-ს, Fiat-ისა და Jeep-ის ჩათვლით Qualcomm-ის 5G ტექნოლოგიას გამოიყენებს. პირველი კი საკუთარ თავზე ექსპერიმენტს Maserati გამოცდის.

REUTERS/Flavio Lo Scalzo/File Photo

კომპანიებს შეთანხმების ფინანსურ დეტალებზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ. Stellantis-ის აღმასრულებელი დირექტორის, კარლოს ტავარესის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ავტომწარმოებელს ტექნოლოგიური განვითარების ათვისებაში დაეხმარება.

Qualcomm-ის საავტომობილო დანაყოფის გენერალური მენეჯერის, ნაკულ დუგალის, განმარტებით, კომპანიის უკანასკნელი შესყიდვა წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ Qualcomm-მა ცოტა ხნის წინ თვითმართვადი ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Arriver-ი შეისყიდა და სულ მალე ექნება შესაძლებლობა, რომ მომხმარებლებს მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიის სრული კომპლექტი შესთავაზოს.

კომპანიების ერთობლივი განცხადების თანახმად, Stellantis-ის მანქანებში განსათავსებელი საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები Amazon-თან და ტაივანურ Foxconn-თან ერთად შემუშავდება.

2030 წლისთვის Honda ელექტრომობილების წარმოებაში $40 მილიარდს დააბანდებს

ავტოინდუსტრიის იაპონური გიგანტი, Honda მომავალი ათი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებაში $40 მილიარდს დააბანდებს, რითაც კომპანია ელექტრომობილის ოცდაათი მოდელის გამოშვებას გეგმავს – საერთო ჯამში, ყოველწლიურად ორი მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებაზეა საუბარი. Honda-ს მიზანია, ათწლეულის ბოლოსთვის მისი ავტოპარკის 40%-ს ელექტრომობილები შეადგენდნენ, რათა 2040 წლისთვის, ამ მაჩვენებელმა 100%-ს მიაღწიოს.

BEHROUZ MEHRI via Getty Images

საინტერესოა, რომ ოცდაათი ახალი მოდელიდან, Honda მცირე ზომის ბიუჯეტური ელექტრომანქანის გამოშვებასაც გეგმავს, რომელიც $8000 ეღირება და იაპონურ ბაზარზე 2024 წლისთვის გამოჩნდება. ამასთანავე, Honda თავისი ორი წამყვანი მოდელის, Prologue-ისა და Acura-ს ელექტრო ვერსიებზე მუშაობს კორპორაცია General Motors-თან ერთად. თუმცა, Honda ელექტრიფიკაციის საკუთარ პლატფორმაზეც ფიქრობს და ზემოხსენებულ $40 მილიარდს სწორედ ამას მოახმარს. გარდა ამისა, კომპანიამ $343 მილიონი გამოყო ნახევრადგამტარი ელექტრობატარეების წარმოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის სწრაფი ელექტრიფიკაციის ერთ-ერთი მიზანი ელექტრომობილების უდიდეს ბაზარზე, ჩინეთში ფეხის მოკიდებაა, – ამის შესახებ Honda-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტოშიჰირო მიბემ განაცხადა. ამ მიზნის მისაღწევად, 2027 წლისთვის, Honda გუანჯოუსა და ვუჰანში ქარხნებს გახსნის და e:N Series-ის ბრენდის ქვეშ ათ ელექტრომობილს გამოუშვებს.

Smart-მა საკუთარი კომპაქტ-ელექტრო SUV-ის საწარმოო ვერსია წარადგინა

Smart-მა საკუთარი ელექტრო-SUV-ის საწარმოო ვერსია წარადგინა, რომელიც კონცეპტ-ვერსიისაგან დიზაინით დიდად არ განსხვავდება. ახლად წარმოდგენილი Smart #1 საკუთარ პროტოტიპს ინტერიერსა და ექსტერიერში თითქმის ზუსტად იმეორებს. შენარჩუნებულია ჩარჩოს გარეშე არსებული ფანჯრები და შუშის სახურავიც.

Smart

ახალ Smart-ს ერთი სრული დამუხტვით 450 კილომეტრის გავლა შეეძლება, ის 66 კილოვატ/საათის სიმძლავრის ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი. გარდა ამისა, ახალი ელექტრო-Smart-ის 10-დან 80%-მდე დამუხტვა ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი.

ავტომობილს 268 ცხენის ძალისა და 350-მდე ნიუტონ/მეტრი მაბრუნებელი მომენტის, იმავე თორქის გამომუშავება შეეძლება. რაც შეეხება ინტერიერს, ახალი Smart-ი ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებული გაჯეტებით იქნება აღჭურვილი.

ჯერჯერობით ავტომობილის ღირებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. თუმცა, მწარმოებლის განცხადებით, თავდაპირველად ელექტრო-Smart-ების გაყიდვა ჩინეთში იქნება შესაძლებელი.