რუსული დრონების შეჭრის გამო, პოლონეთმა NATO-ს მე-4 მუხლის გააქტიურება მოითხოვა

რუსული დრონების შეჭრის გამო, პოლონეთმა NATO-ს მე-4 მუხლის გააქტიურება მოითხოვა

პოლონეთმა NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურება მოითხოვა, რათა მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვის საშუალება მიეცეს. ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა შეიარაღებულმა ძალებმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რამდენიმე რუსული დრონი ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, „მხარეები დაუყოვნებლივ გამართავენ კონსულტაციებს, როდესაც რომელიმე მოკავშირის აზრით, საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას“.

„ჩვენი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი დრონების ჩამოგდება პოლონეთისა და NATO-ს ძალების წარმატებაა, რაც, ამასთან ერთად, პოლიტიკურ ვითარებას ცვლის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

„ამ მხრივ, მოკავშირეთა კონსულტაციებმა მიიღო ფორმალური მოთხოვნის ფორმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების შესახებ“, – დასძინა მან. როგორც ცნობილია, პრემიერის გადაწყვეტილება პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული.

პოლონეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ათზე მეტი რუსული კამიკაძე დრონი Shahed-ი შეფრინდა, რასაც პოლონური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ანეიტრალებდა. მოგვიანებით, პოლონეთის პრემიერმა დააზუსტა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში 19 რუსული დრონი შეიჭრა, რომელთაგან ოთხი ჩამოაგდეს.

ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში დრონებით თავდასხმის გამო პოლონეთში დროებით დაიკეტა ვარშავის მოდლინისა და შოპენის, ასევე ჟეშუვისა და ლუბლინის საერთაშორისო აეროპორტები. მომხდარი ინციდენტის გამო, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტების მობილიზაციაც გამოცხადდა.