რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე, გერმანია უკანასკნელი ატომური რეაქტორების გათიშვის გადაწყვეტილების პარალელურად, ქვანახშირის ძველი ელექტროსადგურების განახლებას გეგმავს.
გერმანიის მცდელობა, ერთდროულად შეეჩერებინა ბირთვული და ქვანახშირის ენერგიის გამოყენება, არსებული რეალობის გამო შედარებით გართულდა. წიაღისეული გაზი ერთ დროს გარდამავალ საწვავად აღიქმებოდა განახლებადი ენერგიისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ სიტუაცია სრულიად შეცვალა. ამჟამად რუსული გაზისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად ქვანახშირი ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად აღიქმება.
უკრაინაში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგები გერმანიისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი შეჩერდა, ახლა კი რუსეთი Nord Stream 1-ზე გაზის გადატუმბვის შეწყვეტითაც იმუქრება. ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ქვეყანაში აცნობიერებენ და აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში გერმანია რუსეთიდან წიაღისეული ენერგიის იმპორტზე ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა, თუმცა ეს უნდა შეიცვალოს.
არსებული მონაცემებით, გერმანიას დაახლოებით 45 გიგავატი სიმძლავრის ქვანახშირის ელექტროსადგურები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი გამორთულია, ნაწილი, ქვეყნის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეზერვებში ინახება. ორი კვირის წინ ჰაბეკმა ქვანახშირის სტრატეგიული რეზერვების შექმნაც დააანონსა, რაც რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ზამთარში, 30 დღის განმავლობაში, ელექტროსადგურების მუშაობას მიწოდების გარეშე განაპირობებს.