უკანასკნელ 24 საათში, რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, ნატოს წევრი სახელმწიფოების – ლატვიისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეები დაარღვია. ამის შესახებ უკრაინის მეზობელი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები იტყობინებიან.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა თავდასხმები უკრაინაში, მდინარე დუნაის გასწვრივ, „სამოქალაქო ობიექტებსა და საპორტო ინფრასტრუქტურაზე“ განახორციელა. სამინისტროს ინფორმაციითვე, რუმინეთმა საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავები განათავსა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე და განაცხადა, რომ ეს თავდასხმები სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან.
ლატვიის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ პირველადი ინფორმაცია პლატფორმა X-ზე ქვეყნის პრეზიდენტმა ედგარ რინკევიჩმა გამოაქვეყნა. ლატვიის სამხედროების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსის საჰაერო სივრციდან აღმოჩნდა.
რინკევიჩის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და ლატვიის მთავრობა ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან მუდმივ კომუნიკაციაშია. „მსგავსი ინციდენტების რიცხვი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე იზრდება. ჩვენ ერთად უნდა ვმართოთ მსგავსი შემთხვევები“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
„ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა ლატვიის ტერიტორიაზე შემოსული უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს და მისი გადაადგილების შესწავლით, ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი დაადგინეს“, – იტყობინება ლატვიის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს განცხადებითვე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გათვალისწინებით, ლატვია აძლიერებს სახმელეთო საზღვრების, საჰაერო სივრცისა და ტერიტორიული წყლების დაცვას, ხოლო ეროვნული შეიარაღებული ძალები აძლიერებენ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს აღმოსავლეთ საზღვარზე. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს შეხვედრაზე რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა.
ცნობისთვის, ჩამოვარდნილ რუსულ უპილოტო თვითმფრინავს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს პოლონეთის ხელისუფლებაც. რუსული დრონის ქვეყნის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის დროს აღმოჩნდა.