პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს საბანკო სექტორმა მაღალი მდგრადობა გამოავლინა და ყოველ ეტაპზე ადეკვატურად უპასუხა ყველა გამოწვევას, რომლებიც 2020 წელს დღის წესრიგში დადგა. განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი პარამეტრი, რათა საბანკო სექტორის როლი ეკონომიკის აღდგენის პროცესში უფრო ცხადი გახდეს.
სამომხმარებლო სესხების მიმართულებით საკვანძო პროდუქტად კვლავ იპოთეკური სესხები რჩება.
2019 წლის ბოლოს იპოთეკურმა სესხებმა სამომხმარებლო საკრედიტო პორტფელის ნახევარს გადააბიჯა (53.99%). ტენდენცია, რომელიც 2020 წელსაც გაგრძელდა (55.74%), დომინანტური იქნება 2021-22 წლების განმავლობაშიც (54.52% ივნ., 21). 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების წლიურმა ზრდამ 18.9% შეადგინა. ამასთან იპოთეკური სესხები, რომლებიც ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული, 40.5%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული იპოთეკური სესხები – 9%-ით.
ბოლო პერიოდში იპოთეკურ პორტფელთან მიმართებით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ნეგატიურად აისახება ზრდის ტენდენციაზე. მიუხედავად ამისა, თუ საპროცენტო განაკვეთები (გარკვეულწილად სუბსიდირების ხარჯზე) სტაბილურობას შეინარჩუნებს, იპოთეკით დაფინანსებული გარიგებები კვლავ ყველაზე პოპულარული პროდუქტი იქნება ფიზიკური პირების დაკრედიტების ნაწილში. პირველადი ბაზრის უძრავი ქონების ფასების მაღალ დონეზე შენარჩუნებამ შემოსავლების სტაგნაციის ფონზე შეიძლება დადებითად შეცვალოს ბინის მყიდველების მოთხოვნა მეორეულ ბაზარზე.
2021 წელს საბანკო სექტორის დაკრედიტების აქტივობა 70%-მდე გაიზარდა.
2019-20 წლების ფართომასშტაბიანი შეღავათიანი კრედიტების პროგრამების გათვალისწინებით, სექტორის დაკრედიტების აქტივობის მაჩვენებელი, ანუ ფიზიკური და იურიდიული პირების სესხების პორტფელის ჯამის თანაფარდობა მთლიან საბანკო აქტივებთან 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 70.1%-ს მიაღწია.
2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი სესხები 13.8%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით). იურიდიული პირების სესხების წლიური ზრდა 12.6%-ს შეადგენს, ხოლო ფიზიკური პირების სესხების წლიური ზრდა – 14.9%-ს. 2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სესხების ზრდის მნიშვნელობა 27.6%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების წლიური ზრდა 3.8%-ს გაუტოლდა.
2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ჯამურმა საბანკო საკრედიტო პორტფელმა ქვეყნის მშპ-ის 86.78% შეადგინა. ჯამური საბანკო აქტივები მშპ-ის 123%-ს უტოლდება და მთლიანი საფინანსო ბაზრის 93.1%-ს ფარავს. საბანკო კრედიტები კვლავ ეკონომიკის აღდგენისა და დაფინანსების ძირითად წყაროდ რჩება. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების არასაკმარისი ტემპიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტებთან მიმართებით ბაზრის ძირითად მარეგულირებელს მაქსიმალური მოქნილობის გამოჩენა მოუწევს. სასურველია, რომ საბანკო სისტემამ, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ზრდის 10%-იან ნიშნულს გადააჭარბოს 2020 წელთან შედარებით, რაც, უპირველეს ყოვლისა, წლის ბოლომდე ეკონომიკის აღდგენის ტემპზე იქნება დამოკიდებული.
2021 წელს მოსალოდნელია წმინდა საპროცენტო შემოსავლების სტაგნაცია და მოსაკრებლებისა და საკომისიო შემოსავლების ზრდა.
წლებია, ბაზარზე კონკურენცია საპროცენტო განაკვეთების მიმართულებით გამძაფრებულია, რამაც ბანკების საპროცენტო განაკვეთების დაახლოება გამოიწვია. საპროცენტო შემოსავლების ზრდის მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში ბანკები აქცენტს გადაიტანენ არასაპროცენტო შემოსავლების ზრდაზე (მაგ. სავალუტო ანგარიშების მომსახურების საკომისიოს დაწესება და სხვა). მოსალოდნელია საკომისიო მოსაკრებლების მიმართულების გაძლიერება. წმინდა საკომისიო შემოსავალი შესაძლოა 2021 წელს 50% -ით გაიზარდოს 2020 წლის 36.86%-იანი ზრდის გათვალისწინებით.
საბროკერო მომსახურებიდან საკომისიო შემოსავლების ზრდაში ყველაზე შესამჩნევი დადებითი დინამიკა 2020 წლის ბოლოს გამოჩნდა. საბანკო სექტორმა კორპორაციული კლიენტების მიმართულებით აქცენტი საკუთარ საბროკერო კომპანიებზე გადაიტანა, რის გამოც 2021 წლის განმავლობაში მოსალოდნელია საბროკერო კომპანიების ზრდა და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებზე აქცენტის გადატანა. ბანკების საბროკერო კომპანიების ანგარიშებზე სახსრების მოცულობა დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა.
საბანკო სექტორის როლი ქვეყნის რეალურ ეკონომიკაში სულ უფრო შესამჩნევი ხდება.
ტრადიციული საბანკო ბიზნესის მარჟების შემცირება და ფინტექებთან მიმართებით კონკურენციის ზრდის პირველი ნიშნები შესაძლოა უკვე ამ წლის ბოლოს დავინახოთ. ამის ფონზე ბანკები იძულებულნი იქნებიან, შემოსავლის ახალი წყაროები ეძებონ. ბევრი მსხვილი ბანკი სავარაუდოდ იზრუნებს ინვესტიციების ზრდაზე ფინანსური ბაზრის შესაბამის სექტორებში.
კორპორაციული დაკრედიტების ზრდის ტემპი 2021 წელს მინიმალურია (0.42%) 2020 წლის 21.04%-ის საპირწონედ. საპროცენტო განაკვეთის შემცირების ეფექტი უკვე ამოწურულია და მსესხებელთა უმრავლესობის მოთხოვნა რესტრუქტურიზაციასა და დაბალ განაკვეთებზე რეფინანსირებაზე გასულ წელს დაკმაყოფილდა.
წელს ბანკების მიერ რეზერვების ფორმირებაზე დანახარჯების დონე, სავარაუდოდ, დაბალი დარჩება 2020 წელს შექმნილი დამატებითი რეზერვების ეტაპობრივი დაბრუნების ფონზე. ივნისის მონაცემებით, რეზერვების პროცენტული მოცულობა საკრედიტო პორტფელის 5.46%-მდეა შემცირებული 2020 წლის ბოლოს დაფიქსირებული 6.37%-ის გათვალისწინებით. მოგების მაჩვენებლები სტაბილური დარჩება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ბანკი იქნება დომინანტი მათ ფორმირებაში.
მომხმარებლების ფინანსური ცნობიერების ამაღლების ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება ინტერესი ინოვაციური კონკურენტუნარიანი პროდუქტების მიმართ. მაგალითად, მსესხებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს და რეალურ გადახდებს. დეპოზიტების განაკვეთების შემცირების ფონზე მოსალოდნელია მოქალაქეების ინტერესის გაძლიერება საინვესტიციო და ფინანსური პროდუქტების მიმართ. მის კვალდაკვალ გაიზრდება მოთხოვნა ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო და გასაგებ ინფორმაციაზე.
დღითიდღე მომხმარებლისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, ხოლო შეგრძნება, რომ საფონდო ბირჟა არის რაღაც რთული და მიუწვდომელი, დავიწყებას მიეცემა. მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება კვლავ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება და ამ მიმართულებით ყველა მხარის მაქსიმალური ჩართულობაა მნიშვნელოვანი.
ეპიდემიის დაწყებისთანავე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დისტანციური მომსახურების მუდმივი განვითარების აუცილებლობას. საქართველო მოწინავეა ფინანსური სერვისების გაციფრულებისა და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზების კუთხით. დისტანციური სერვისების განვითარების მიმართულებით ახალი გამოწვევა წლის დასაწყისში დანერგილი ღია ბანკინგის განვითარება და 2022 წელს მისი აქტიურ ფაზაში გადასვლა იქნება.
მობილური ბანკინგის რანგის 2020 წლის კვლევაში, Markswebb–ის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ფიზიკური პირებისთვის მობილური ბანკების განვითარების შემდეგი რაუნდი იქნება ახალი შესაძლებლობების დანერგვა, ყოველდღიური გამოყენების მოხერხებულობის გაზრდა და მობილური ბანკის, როგორც ეკოსისტემის ბირთვის, განვითარება ფართო პარტნიორული ქსელით, შეუფერხებელი ავტორიზაციით და სხვადასხვა სერვისის გაერთიანებით, რაც შესაძლებელია ფინანსურ სერვისებთან არც კი ასოცირდებოდეს. ამ ეტაპზე მსოფლიო უკვე „ღია ფინანსების“ (Open Finance) სტანდარტის შემუშავების პროცესშია, რაც თავისთავად კიდევ უფრო გააღრმავებს კონკურენციას და მეტ შესაძლებლობას შექმნის მომხმარებლისთვის, მიიღოს უკეთესი შეთავაზებები.