ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირაში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახური ორდღიან შეხვედრას გამართავს, რა დროსაც მონეტარულ პოლიტიკაზე იმსჯელებენ. ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში კი მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საფონდო ბირჟებზეც აისახება, ამიტომ ინვესტორების ყურადღება მათკენ იქნება მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, საფონდო ბირჟებზე დელტა შტამის მიერ ეკონომიკური ზრდის შენელების საფრთხეები უარყოფითად უკვე აისახა.

ასევე, მიმდინარე შემოსავლების შესახებ მონაცემებს ისეთი კომპანიები გამოაქვეყნებენ, როგორიც FedEx-ი, Nike-ი, General Mills-ი და Costco-ა.

ამასთან, აშშ-ის ეკონომიკურ კალენდარში სამშენებლო ნებართვების, უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებლებისა და უმუშევრობაზე განაცხადების რაოდენობის ცვლილების შესახებ მონაცემების გამოქვეყნებაც მონიშნულია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას იაპონიისა და ინგლისის ცენტრალური ბანკებიც გამართავენ სხდომებს, თუმცა ორივე შემთხვევაში ელოდებიან, რომ მონეტარული პოლიტიკა არ შეიცვლება. ასევე, ამ კვირას ნორვეგიის ცენტრალური ბანკიც მიიღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განახლებასთან დაკავშირებით და, როგორც მოსალოდნელია, ის გახდება პირველი ქვეყანა განვითარებად სამყაროში, რომელიც პანდემიის შემდეგ პირველად განაკვეთს 0%-დან 0.25%-მდე გაზრდის.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის კალენდარი ძალიან დატვირთულია. კერძოდ, მხოლოდ 20 სექტემბერს გამოქვეყნდება საგარეო ვაჭრობის (2021 წლის აგვისტო), ადგილობრივი ექსპორტის (2021 წლის აგვისტო) მაჩვენებლები, ასევე  სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის აგვისტო) და მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2021 წლის აგვისტო), ასევე უნდა ველოდოთ მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსის (2021 წლის აგვისტო), ექსპორტის ფასების ინდექსის (2021 წლის აგვისტო), იმპორტის ფასების ინდექსის (2021 წლის აგვისტო), ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის (2021 წლის აგვისტო),            სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსის (2021 წლის აგვისტო), ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსის (2021 წლის აგვისტო), მწარმოებელთა ფასების ინდექსის დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე (2021 წლის აგვისტო) და ტრანსპორტის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გამოქვეყნებას. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2021 წლის II კვარტალი) და მრეწველობის პროდუქციის ინდექსიც (2021 წლის II კვარტალი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *