სად მიდიან ინტერნეტის მომხმარებლები დაგუგლვის შემდეგ

სად მიდიან ინტერნეტის მომხმარებლები დაგუგლვის შემდეგ

უახლესი კვლევის თანახმად, Google-ის სისტემაში ძებნის 65% Google-ისვე საძიებო სისტემაში სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერნეტმომხმარებლების 2/3  ძიების პასუხს თავად გუგლის ეკოსისტემაში პოულობს პასუხების ან მონაცემების სახით. ამ მონაცემებში არ შედის Hey Google-ის წარმოთქმის შემდეგ მობილურ და სხვა ჭკვიან მოწყობილობებში წარმოებული ძიების შედეგები.

თუკი თქვენი ვებგვერდების ანალიტიკაში Google-დან ტრაფიკი წლების განმავლობაში იკლებდა, ეს არც თქვენი ბრალია და არც რაიმე ხარვეზი. ინტერნეტმომხმარებლების კითხვების უმრავლესობას საძიებო სისტემა საკუთარ პლატფორმაზევე პასუხობს. მაგალითად, თუკი ვინმე მოიძიებს, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, გუგლი მას პასუხს საკუთარ პლატფორმაზევე უჩვენებს, შესაბამისად, მომხმარებელი აღარ არის მოტივირებული, ამ ინფორმაციის შემცველ ვებგვერდზე გადავიდეს.

იმ ინფორმაციის მოცულობა კი, რომელზე პასუხსაც Google-ი საკუთარ პლატფორმებზე აგენერირებს, უფრო და უფრო მზარდია.

„2019 წლის აგვისტოში Google-ში ძიებების 50.33% ძიების რეზულტატების გვერდზევე დასრულდა. 2020 წლისთვის, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, იმავე  მაჩვენებელმა 64.82% შეადგინა… Google-ში ძიება ნულოვანი-კლიკის ძიებაა, როგორც მე მას ვეძახი“, – განაცხადა თემაზე კომენტირებისას SparToro-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და საძიებო სისტემების ექსპერტმა, რანდ ფიშკინმა.

ცნობისთვის, რაც უფრო დიდხანს შეძლებს Google-ი თქვენს დაყოვნებას საკუთარ ვებგვერდებზე, აპლიკაციებში თუ ზოგადად, საკუთარ ეკოსისტემაში, მით უფრო მეტად შეუძლია თქვენი დროის, ყურადღების თუ ქცევის მონეტიზაცია.

 

ამ ყველაფრის შედეგად უფრო და უფრო რთული ხდება ისეთი ბიზნესის წამოწყება, რომელიც დაფუძნებული იქნება ყურადღებისა და ტრაფიკის მოზიდვაზე, საძიებო სისტემების დახმარებით.

ეს ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება გლობალური მოვლენების ფონზე – Microsoft-ი და Facebook-ი უკვე თანხმდებიან კომპანიებთან, გადაიხადონ ანაზღაურება ახალ ამბებზე წვდომისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *